ჩემპიონშიპი ჯოჯოხეთური ლიგაა და ამ ჯუნგლებში გზის გაკვალვა და უვნებლად გადარჩენა საოცრად რთულია. ასეა თუ ისე, "კაჭკაჭებმა" ეს შეძლეს და ინგლისის პირველ ჩემპიონთან, "პრესტონთან" მოგებით (4:1) ელიტის საგზური ნაადრევად მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ამოსვლა "ბრაიტონმა" გაინაღდა, რომელიც საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ჩემპიონშიპის გამარჯვებული გახდება.
"სენტ ჯეიმს პარკის" ბინადრების მთავარი მწვრთნელი კვლავაც რაფაელ ბენიტესია,
"უნდა მივულოცო ფეხბურთელებსა და შტაბს, ყველას, ვინც გუნდშია დასაქმებული და ქალაქს. მთლიანობაში ეს ძალიან რთული გახლდათ, რადგან ჩემპიონშიპი ძლიერი და მძიმე დივიზიონია. მუდმივად მოტივირებული უნდა იყო და ბოლომდე დაიხარჯო.
მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი დეტალია, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება, მაგრამ ჯამში, იქ ვართ, სადაც გვინდოდა ყოფნა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელმძღვანელობის მოთხოვნა თავიდანვე უმალვე აღზევება გახლდათ, ეს იყო ჩვენი მიზანი. მისაღწევად ძნელია, როდესაც ქვედა ლიგაში ვარდები, რთულ ჩემპიონატში უნდა ითამაშო და თან, ნახევარი გუნდი იცვლება.
ამდენი თვის განმავლობაში ბევრი მატჩის სტაბილურად ჩატარება ფიზიკურ და მენტალურ მზაობას მოითხოვს" - თქვა ბენიტესმა.
"დამიჯერეთ, ეს გუნდი მართლა განსაკუთრებულია. კარგი შემადგენლობა გვყავს და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ამას. არ მჯეროდა, როდესაც მეუბნებოდნენ, ჩემპიონშიპი რთული და ძლიერი დივიზიონიაო, მაგრამ ახლა გეტყვით, რომ ჩემთვის ფიზიკური დატვირთვისა და მომზადების მხრივ, ჩემპიონშიპი პრემიერლიგაზე რთულია.
პირველ ადგილზე გასვლის მცირე შანსი კიდევ გვაქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ვითამაშებთ" - თქვა "ჯორდების" სერბმა ფორვარდმა ალექსანდრ მიტროვიჩმა.
სათქმელია, რომ "ნიუკასლს" ჩემპიონშიპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ჰყავს. ბენიტესმა ტრანსფერებში 50 მილიონი გირვანქა დახარჯა. აქედან 22 მილიონი "კრისტალ პალასიდან" დუაით გეილისა და "ბორნმუთიდან" მეტ რიტჩის მიყვანას დასჭირდა.
ბევრი ვარსკვლავი კი გუნდს ქვედა დივიზიონში არ გადაჰყვა - მუსა სისოკო, ანდროს თაუნსენდი და ჯორჯინიო ვეინალდუმი სხვაგან წავიდნენ.
სწორედ გეილია გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, რომლის აქტივშიც 22 გოლია (პლუს 2 საგოლე გადაცემა). გეილზე მეტი გოლი მიმდინარე ჩემპიონშიპში "ლიდსის" კრის ვუდსა (25) და "ჩელსიდან" "ბრისტოლში" განათხოვრებულ 19 წლის ტამი აბრაჰამს (23) აქვთ გატანილი.
"კაჭკაჭთა" მეორე ბომბარდირი კი მეტ რიტჩი გახლავთ 12 გოლით (პლუს 7 საგოლე პასი), თანაც 27 წლის შოტლანდიელმა უელსელი პოლ დამეტის მერე ყველაზე მეტი დრო გაატარა მინდორზე (3 546 წუთი).
მიტროვიჩის გარდა (4 გოლი, 5 პასი), იქვე არიან აიოსე პერესი (8 გოლი, 5 პასი), ჯონჯო შელვი, იოან გუფრანი, დერილ მერფი, კრისტიან ატსუ, მოჰამედ დიამე, ჯეკ კოლბეკი, კირან კლარკი, მეკარე კარლ დერლოუ და სხვანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"