როგორ გახადა ანტონიო კონტემ ედენ აზარი უკეთესი

AutoSharing Option
ბევრი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ ლონდონის "ჩელსი" ჩაიბარა, გუნდის მთავარი ვარსკვლავის, ედენ აზარის თამაში კიდევ უფრო უკეთესი გახდა. ეს თვალსაზრისი რეალობას სულაც არაა მოკლებული. ვეცდებით, ეს ტენდენცია ჩვენს წერილში გავამყაროთ.

რა გააკეთა კონტემ?
სანამ იტალიელი სპეციალისტი ლონდონელთა წინადადებას დათანხმდებოდა, მან ერთადერთი ულტიმატუმი წამოაყენა - რადაც უნდა დაჯდომოდა კლუბის ხელმძღვანელობას, ედენ აზარი უმდა შეენარჩუნებინა. კონტემ ბელგიელთან ორი ტაქტიკური სქემა განიხილა და ორივეში აზარს ცენტრალური როლი ჰქონდა.

საბოლოოდ, ორთვიანი ძიების შემდეგ კონტემ 4-3-3 სქემა აირჩია. მანვე განსაზღვრა ბელგიელის ოპტიმალური სათამაშო
ადგილი მინდორზე - ორიდან ერთი "ათიანის" როლში. ამ როლმა მოახდინა აზარის სრული ტრანსფორმაცია. ახალ დონეზე აიყვანა მისი თამაში როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში.

აზარი დაცვაში
"ედენი არ არის იმ ფეხბურთელთა კატეგორიიდან, რომლებიც საკუთარ ინტერესს გუნდურს ანაცვალებენ - ხოლმე." - ჩიოდა თავის დროზე ჟოზე მოურინიო.

"აზარი არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდური ინტერესების დიდი დამცველია. ის მუშაობს ძალიან ბევრს და მუშაობს პარტნიორებზე. ამისთვის ის თანაგუნდელებს ძალიან უყვართ." - ეს უკვე ანტონიო კონტეს სიტყვებია.

მოურინიოცა და კონტეც განუხრელად ითხოვენ დაცვითი ფუნქციების შესრულებას. ედენი კი თავს უფრო კომფორტულად იტალიელი მწვრთნელის სქემაში გრძნობს. დროა, თავად ბელგიელს მოვუსმინოთ.

"მოურინიოს დროს, როცა ჩვენ ვიგებდით ტიტულებს, ნემანია მატიჩი მაზღვევდა. ზოგჯერ მე ძალიან ზემოთ ვრჩებოდი და "შავ სამუშაოს" მატიჩი ასრულებდა. კონტეს შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. მე ცენტრთან უფრო ახლოს ვარ, მარკოს ალონსო კი ფრთაზე თამაშობს."

მოურინიოს დროს აზარი ფრთაზე თამაშობდა. მას უკან ედგა ლონდონელთა ყველაზე საიმედო მცველი ასპილიკუეტა. მათ მატიჩიც ეხმარებოდა. საქმე რთულდებოდა იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსის" თავდაცვითი თამაში უწევდა. ასეთ შემთხვევაში ედენი იძულებული იყო, მეტოქე გუნდის მარჯვენა მცველი დაეკავებინა. მდგომარეობა რთულდებოდა. ამ შემთხვევაში აზარი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს თუნდაც იმიტომ, რომ მისი უშუალო ვიზავი მეტოქის მარჯვენა მცველი აღარ არის.

"მე კონტე თავისუფლებას მაძლევს დაცვაში და, ამასთან ერთად, ის ძალიან მომთხოვნია. ზონების გადაკეტვა არ უნდა დამეზაროს. ამასთან, სულ მზად უნდა ვიყო ჩაჭრისათვის და სპრინტისათვის. მე მომწონს ისეთი დაცვა, სადაც ირთვება ტვინი და არა მხოლოდ ინსტინქტები." - მსჯელობს ედენი.

აზარი შეტევაში
"ედენ აზარს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მას შეუძლია, მესისა და რონალდოს დონეზე ითამაშოს. რა არის ამისთვის საჭირო? მან რაც შეიძლება, მეტი გოლი უნდა გაიტანოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მეტად ეგოისტი უნდა გახდეს." - ეს ჟოზე მოურინიოს სიტყვებია.
მართლაც, გარეშე თვალისათვის აზარის თამაშს ყველაზე მეტად გოლები აკლია, მაგრამ ფეხბურთში საქმე მხოლოდ გოლებში ხო არაა? არსებობს თამაშის კიდევ ერთი კომპონენტი. ესაა პასი. ეს კომპონენტი ფეხბურთის გურმანებისათვის არანაკლებ ფასეულია, ვიდრე გოლი.

კონტემ აზარს ეს წნეხი მოუხსნა. ის ბელგიელისგან მაინცდამაინც გოლებს არ ითხოვს. მისთვის მთავარი ისაა, რომ ედენმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

რაში დაეხმარა ეს აზარს?
"ჩემთვის ფეხბურთში პასი განსაკუთრებული რამაა. მირჩევნია, ვთქვათ, 5:0 მოვიგოთ და საგოლე გადაცემები გავაკეთო, ვიდრე 2:0 გავიმარჯვოთ და ორი გოლი შევაგდო ცუდი თამაშის ფონზე. რა თქმა უნდა, გოლი ფეხბურთის გვირგვინია და ჩემს მოვალობაში გატანაც შედის, მაგრამ მე პასს არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ." - ამბობს აზარი.

როგორც ირკვევა, ბელგიელი კონტესთან უფრო თავისუფლად გრძნობს თავს, ვიდრე მოურინიოსთან.

"კონტე მე სრულ თავისუფლებას მაძლევს და მე ეს ძალიან მომწონს.მინდორზე ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც ძალიან მსიამოვნებს და ეს ძალიან მახარებს. ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო გუნდის ინტერესები და ასე იქნება მომავალშიც.

უნდა გითხრათ, რომ კონტემ ჩემში ძალიან ბევრი ისეთი თვისება გააღვიძა, რომელიც მომწონს. ასე რომ, ჩემი აზრთ, მასთან მუშაობით პროგრესი განვიცადე." - ესეც აზარის სიტყვებია. ფეხბურთელისა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარწმუნებული ვარ მომავალ წელი უფრო მოუმატებს
ზურა
23:16 07-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული