ხუან მატა: შეიძლება, სიმართლე არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი

AutoSharing Option
პირველივე წუთებიდან ნათელია, რომ მასთან საუბარი იქნება არაორდინარული, - ჰყვება "ელ პაისის" ჟურნალისტი, რომელმაც ჩაწერა ინტერვიუ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევ ხუან მატასთან, - ის არ აგვიანებს შეხვედრაზე და არ ზღუდავს რეპორტიორებს ფრაზით - "აბა, სწრაფად მკითხეთ, თორემ ძალიან დაკავებული ვარ, მეჩქარება"! არ არიდებს თავს უხერხულ კითხვებს, პირიქით, არგუმენტირებულად გპასუხობთ...

"ელ პაისთან" ხსენებულ ინტერვიუში, რომელიც ევროპალიგის ფინალამდეა ჩაწერილი, მატა ლაპარაკობს ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე, საკუთარზე დაზე და სხვა საინტერესო თემებზე...

- ერთხელ, საკუთარ თავს "ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანი" უწოდეთ. რაღაცნაირად კომპლიმენტივით გამოგივიდათ...
- მართლა
ასეთი ვარ, ასეთად გამზარდეს... ვამაყობ იმით, რასაც ფეხბურთში მივაღწიე, მაგრამ ყოველთვის მიზიდავდა მშვიდი და უხმაურო ცხოვრება, ადამიანურობა, გარშემო მყოფთა მიმართ პატივისცემა...

- თქვენ დადიხართ მუზეუმებში, გიყვართ კითხვა, გაღელვებთ სოციალური პრობლემები... ეს ცოტა უცნაური ხომ არ არის თანამედროვე ფეხბურთელისთვის?
- რა გითხრათ... მე ეს ჩვეულებრივი რამ მგონია, რადგან ბევრ მოთამაშეს ვიცნობ, ვისაც ანალოგიური ინტერესები აქვს. თქვენ ყველანი ხედავთ, რას ვაკეთებთ ფეხბურთელები მოედანზე, მაგრამ არის ცხოვრების ის ნაწილიც, რაც კონკრეტული ადამიანის უკან იმალება. თუმცა ვიცით, რომ არის საპირისპირო შემთხვევებიც, რომელშიც ნაკლებად ჩანს პოზიტივი.

- როგორ შეიცვალა თქვენსა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობები მას მერე, რაც "ჩელსიში" ყოფნისას აღარ გათამაშებდათ ძირითად შემადგენლობაში?
- კლუბი, შემადგენლობა, თამაშის სტილი... ეს ყველაფერი შეიცვალა. მაგრამ გულახდილად და ბევრისთვის მოულოდნელად გეტყვით - მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობა არასოდეს მქონია. უბრალოდ, "ჩელსიში" მას არჩეული ჰქონდა ერთი კონკრეტული მანერა, "იუნაიტედში" კი სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები არიან, რომლებიც უფრო ესადაგებიან ჩემს მონაცემებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ისეთები დავრჩით, როგორებიც "ჩელსიში" ვიყავით?!

- როგორია თქვენთვის იდეალური მწვრთნელის პორტრეტი?
- ის უნდა იყოს ლიდერი ნებისმიერ სიტუაციაში და ფეხბურთელებისგან ყველა საუკეთესო თვისება გამოწუროს. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ცალკეულ მოთამაშეებთან ურთიერთობა და მათი მართვა გაცილებით მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ტაქტიკური და სხვა ასპექტები. ფეხბურთელის მოტივირებას ნიჭი უნდა და ეს ურთიერთობები აგებული უნდა იყოს მხოლოდ პოზიტივზე, რათა გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო იყოს. როცა ფეხბურთელს აქვს კომფორტი ამ კუთხითაც, ის ყველა ვარიანტში გამოიჩენს თავს. მარტო ფეხბურთში კი არა, ასეა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

- ერთია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა, მაგრამ მეორეა, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან თავად მოთამაშეებს. საერთოდ, ადვილია თანაგუნდელებთან დამეგობრება?
- თქვენ წარმოიდგინეთ, სულაც არა. დაახლოებით 15 ეროვნების 25 ადამიანის გვერდით ხართ და ამ დროს ყველას უნდა, რომ ითამაშოს, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს... ეს ყოველთვის იწვევს მეტოქეობის გრძნობას... თუმცა მე მოვახერხე და შევიძინე მეგობრები "ჩელსიშიც" და "იუნაიტედშიც". იცით, ხანდახან მეგობრობა თავისითაც მოდის...

- ფეხბურთის ვარსკვლავები ახალგაზრდები, მდიდრები და ცნობილები არიან. როგორ შეიძლება, ასეთ დროს, ამ სამყაროში, ეგოისტად არ იქცე?
- საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წრეში მოხვდები. უნდა მოუსმინო ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ, პირში გითხრან სიმართლე და დარჩნენ რეალისტებად. როცა მუდმივად გიმტკიცებენ იმას, რისი მოსმენაც თავად გსურთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ არც თქვენ და არც იმას, ვინც ამას გეუბნებათ. როცა საკუთარ თავზე სიმართლეს იგებთ, შეიძლება, ეს არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სამაგიეროდ, სასარგებლოა და გასათვალისწინებელი.

- თუმცა ბევრ ფეხბურთელს უკვე ჭაბუკობის ასაკში ყველაფერი რომ აქვს, ეს არ იწვევს მოტივაციის კლებას?
- თუ ყველაფერი გაქვს, მაშინ კარგი იქნება, იმის უნარიც გქონდეს, რომ ეს ყველაფერი სწორად განკარგო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარიერის დასრულებისთანავე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები. თავიდანვე უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ მუდმივად ფეხბურთელი ვერ იქნები და ერთ დღესაც ეს ყველაფერი დასრულდება. ესპანეთის ნაკრებში ბოლო გამოძახებისას გვაჩვენეს ფილმი ყოფილ ფეხბურთელებზე, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყებაზე ლაპარაკობდნენ... ყოველთვის გიწევს, ეძებო საკუთარი თავი ამ ცხოვრებაში. ეს მუდმივი ბრძოლაა, ეკონომიკურად როგორი უზრუნველყოფილიც უნდა იყო.

- ვიცით, რომ ხშირად ეხმარებით გაჭირვებულ ადამიანებს. ეს რა გრძნობაა?
- ვრჩები ერთგული ჩემი ღირებულებების მიმართ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო. რა გრძნობააო ეს, მკითხეთ... მე ამით ვმშვიდდები. გრძნობ, რომ თავადაც უკეთესი ხდები, როცა გაჭირვებულს ეხმარები. თუმცა ბევრი შემხვედრია ისეთი ადამიანიც, ვინც ცდილობს, უბრალოდ გამოგიყენოს და ამით თავად ნახოს სარგებელი.

- ერთ-ერთი ესპანური კომპანია, ყოველი თქვენი გოლის შემდეგ, 100 კგ ხორცს სჩუქნის სოციალურ სასადილოებს. მაგრამ დაგვეთანხმეთ, ხშირად ვარსკვლავები ქველმოქმედებას საკუთარი იმიჯისთვის ეწევიან...
- ყველა თავისუფალია თავის ფიქრებსა და მოქმედებებში. მე ვიცი, რომ თითოეული ჩემი ნაბიჯი გულწრფელია და იმის გამო, ვინ როგორ გაიგებს ჩემს ამა თუ იმ ნაბიჯს, ნამდვილად არ ვნერვიულობ. მაგალითად, ახლა ვმონაწილეობ პროექტში, რომლის საშუალებითაც ხუთივე კონტინენტზე, მთელი წლის განმავლობაში, 2 მილიონზე მეტი ბავშვი იღებს დახმარებას. და ეს ხდება ფეხბურთის გზით. ამიტომ, ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტის რიგითი სახეობა, ეს არის სწორედაც სოციალური მოვლენა, გამაერთიანებელი ძალა... ისე არაფერი აერთიანებს ადამიანებს, როგორც ფეხბურთი და მუსიკა. სხვათა შორის, ჩემს დასთან ერთად ვამზადებ საფეხბურთო მაისურებს და აქედან შემოსული თანხით ვეხმარებით ეთიოპიელ ბაშვებს.

- თქვენს დასთან ერთად?!
- დიახ, ის არის ნამდვილი ვარსკვლავი და არა - მე! მას ბიზნესში უფრო მეტად თანადგომის სწამს, ვიდრე - კონკურენციის. პაულამ ლამის მთელი მსოფლიო მოიარა, იმოგზაურა ქვეყნებში, სადაც წარმოუდგენელი სიღარიბეა, სადაც ბავშვებისა და ქალების უფლებები ფეხქვეშაა გათელილი... მე ვიტყოდი, პაულა ყველასთვის მაგალითია და ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ჩემი დაა!

- მაგრამ თქვენ უფრო მეტად გიცნობენ ამ სამყაროში, ვიდრე თქვენს დას...
- როგორც არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ხორხე ვალდანო იტყოდა - ფეხბურთი არის ყველაზე დიდი მოვლენა ყველაზე პატარა მოვლენებს შორის. აქ არის იმდენი ემოცია და ვნება, როგორც არც ერთ სხვა სფეროში. შენი გუნდის მარცხი თუ მოგება მოქმედებს შენს ხასიათზე, ასე განსჯეთ, ცოლთან ურთიერთობაზეც კი... არიან ექიმები, რომლებიც შველიან ავადმყოფებს, მეცნიერები, რომლებიც ქმნიან ვაქცინას, და ხალხი, რომელიც თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს სხვების კეთილდღეობას ახმარს. ამ დროს კი მათ არ აქვთ ის აღიარება და დაფასება, რასაც იმსახურებენ. ეს ძალზე სამწუხაროა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუპერკაცი ყოფილა მატა!
brola*
14:47 28-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული