"მანჩესტერ სიტი": ბერნარდო სილვა და სხვები

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლამ და მისმა "სიტიმ" აქტიური სატრანსფერო კამპანია წამოიწყო და მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო სეზონი ჯერ არ გახსნილა, პირველი სერიოზული ტრანსფერი უკვე განახორციელა - "მონაკოდან" ბერნარდო სილვა შეიძინა. პეპის გვესმის, მან სეზონი უტიტულოდ დაასრულა და ასე გაგრძელება მას არ სურს.

ლისაბონის "ბენფიკას" მეკარე ედერსონ მორაეში "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 23 წლის ბრაზილიელი უკვე ჩავიდა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და, წესით, სულ მალე კონტრაქტსაც უნდა მოაწეროს ხელი. შესაძლოა, ეს ამ წუთსაც ხდება, როდესაც თქვენ ამ წინადადებას კითხულობთ.

თავდაპირველად საუბრობდნენ, რომ
"ქალაქელებს" ეს სიამოვნება 45 მილიონი გირვანქა დაუჯდებოდათ, მაგრამ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მორაეშის ტრანსფერის ფასი 33-35 მილიონი იქნება.

ეს მეკარეში გადახდილი სარეკორდო თანხა იქნება. ამჟამინდელი კურსით, 33 მილიონი ფუნტი 38 მილიონი ევროა, ხოლო 2001 წელს "იუვენტუსმა" "პარმას" 53 მილიონი ევრო გადაუხადა ჯანლუიჯი ბუფონში, რაც მაშინდელი კურსით, 32,6 მილიონ ფუნტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ "ბენფიკას" უფლებების მხოლოდ 50% ეკუთვნის, თანხის მეორე ნახევარს "რიუ ავე" და სააგენტო "გესტიფიუტი" მიიღებენ.

ბუნებრივია, "სიტის" სავარაუდოდ დატოვებს კლაუდიო ბრავო ან ვილი კაბალიერო, შესაძლოა, ორივე წავიდეს და წასვლაზე ფიქრობს ჯო ჰარტიც, რომელმაც ის უკვე დაადასტურა, რომ "ტორინოში" დარჩენას აღარ აპირებს და ახალ გუნდს მოძებნის, სადაც გაყიდვით თუ არ გაიყიდება, კვლავაც იჯარის წესით მაინც ითამაშებს. უკვე წავიდა პაბლო საბალეტა და წავლენ ბაქარი სანია, გაელ კლიში და ხესუს ნავასიც.

"ბენფიკა" კი კიდევ ერთხელ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და ახლახან დასრულებულ ტურნირში მორაეშმა 27 მატჩი ჩაატარა. აქედან 18-ში მას გოლი არ გაუშვია.

მოკლედ, ხოსეპ გვარდიოლამ სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი და "სიტი" სავარაუდოდ, კიდევ არაერთ მოთამაშეს დაიმატებს, თანაც, მანჩესტერელები აქედანვე აქტიურობენ.

პარასკევს გადაწყდა, რომ "ეტიჰადზე" ითამაშებს ბერნარდო სილვა. პორტუგალიელის დამატება "სიტის", არც მეტი, არც ნაკლები, 43 მილიონი ფუნტი უჯდება. საფრანგეთის ჩემპიონ "მონაკოს" რიგებში გასულ სეზონში სილვამ ჯამში 58 მატჩი ჩაატარა (მათ შორის, "სიტის" წინააღმდეგ ორმატჩიანი მოგებული დუელი) და ამ შეხვედრებში მან 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნაკრებში მას 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დახვეწილი ტექნიკითა და მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა. "ქალაქელების" რიგებში იგი ოფიციალურად 1-ელ ივლისს ჩაირიცხება.

პორტუგალიელი ბევრის სამიზნე გახლდათ, მაგრამ მანჩესტერელებმა ყველას დაასწრეს და პეპმა კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი დაიბევა.

"ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვარ. როდესაც შანსი გაქვს, ხოსეპ გვარდიოლამ გაგწვრთნას, რასაკვირველია, უარს არ ამბობ. საუკეთესო თუ არა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში" - აღნიშნა პორტუგალიელმა.

ასე რომ, ამიერიდან "სიტიში" ორი სილვა იქნება - დავიდს ბერნარდოც შეუერთდება. როგორც გითხარით, მას "სიტის" გარდა, "რეალს", "ბარსელონასა" და სხვა გუნდებსაც უკავშირებდნენ. თუმცა ინგლისში ბერნარდოს თამაშით მაინც განსაკუთრებულად აღფრთოვანდნენ.

მაგალითად, "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების მცველმა დენი როუზმა, რომელიც სილვას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარა, მოგვიანებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იგი ურთულესი მეტოქეა, რომელიც კი ოდესმე მყოლია. ბურთის წართმევაზე არც ვსაუბრობ, ვერც კი მივუახლოვდი".

ამასობაში, ნოლიტო ამბობს, რომ ისიც გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. პეპის ინიციატივით იგი წინა ზაფხულს ჩაირიცხა "ქალაქელთა" ბანაკში, მასში 16 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და თავიდან სათამაშო დროც ჰქონდა, მაგრამ მერე გვარდიოლამ ისიც აითვალწუნა.

"წასვლა მსურს ან კლუბის საერთოდ გამოცვლა, ან სადმე იჯარით გადასვლა. ვიცი, რომ რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მაგრამ მსგავსი ამბებით ჩემი აგენტია დაინტერესებული. ახლა არდადეგები მაქვს, მშვიდად ვარ და ვისვენებ. სიმართლე ითქვას, ესპანეთში დაბრუნებაზე ვფიქრობ. დეკემბრამდე "სიტიში" სათამაშო დრო მქონდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ იშვიათად მიწევდა მინდორზე გასვლა. არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია და ასე რატომ მოხდა, ეს გვარდიოლას ჰკითხეთ. ეს იყო სეზონი, რომლის დავიწყებაც მინდა" - თქვა განაწყენებულმა ნოლიტომ.

30 წლის თავდამსხმელით მისი ყოფილი გუნდი ვიგოს "სელტა", მადრიდის "ატლეტიკო" და სხვა გუნდები არიან დაინტერესებულნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული