"მანჩესტერ სიტის" ბოსი: აღარ მოგვილოცოთ მესამე ადგილი!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავმჯდომარემ, ხალდონ ალ მუბარაქმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მისი აზრით, პრემიერლიგაში მე-3 ადგილზე გასვლა სულაც არ იყო წარუმატებლობა. "სიტის" ბოსმა სერხიო აგუეროზე, პაბლო საბალეტასა და სხვებზეც ილაპარაკა...

აგუერო
თებერვალში სერხიო აგუერომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რაც "ქალაქელთა" ბანაკში გაბრიელ ჟესუსის გამოჩენას უკავშირდებოდა. ხოსეპ გვარდიოლამ ნორჩი ფორვარდი ძირითადში გაამწესა და მანაც გაიტანა და გაიტანა. პეპმა აგუერო სკამზე დასვა. სერხიომაც განაცხადა, სათადარიგოობას არ ვაპირებ, სანამ აქ ვარ, კლუბს დავეხმარები, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ზაფხულში წასვლაზე დავფიქრდებიო.

"ასე" არ გაგრძელდა, რადგან
ჟესუსმა ტრავმა მიიღო, ძირითადში დაბრუნებულმა აგუერომ ისევ პროდუქტიულად გააგრძელა თამაში, ხოლო როდესაც გაბრიელი მომჯობინდა, გვარდიოლამ ორივეს ერთად დაყენება დაიწყო - ჟესუსის ფლანგზე, უკანდაწეულ შემტევად, ხოლო აგუერო ცენტრფორვარდად დარჩა. ამას მოჰყვა სერხიოს კომენტარები, არსადაც არ მივდივარო და უფროსობამაც იგივე გაიმეორა. კლუბის მმართველი კი ახლა ისე საუბრობს, ვითომც არანაირი პრობლემა არ ყოფილა:

"ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა წავიკითხე და ეს სახალისოც კია. აგუერო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გაშვება გამორიცხული გახლდათ. ეს საკითხი არც დამდგარა და არც საფუძველი იყო".

აგუერომ ამ სეზონში "სიტის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. 28 წლის არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

უფროსობამ აშკარად "რეკომენდაცია" მისცა გვარდიოლას, აგუეროს საკითხი მოეგვარებინა და პრობლემაც ამ ეტაპზე გაქრა, მაგრამ ჟესუსიც მთელი ცხოვრება ფლანგის უკანდახეულ შემტევად თამაშს არ აპირებს, თანაც გუნდში ისედაც არიან რაჰიმ სტერლინგი, კევინ დე ბრუინი, ლეროი სანე და ამიერიდან უკვე პორტუგალიელი ბერნარდო სილვაც. ამას ემატება ისიც, რომ "ქალაქელებს" ალექსის სანჩესს უკავშირებენ, რომლისადმიც პეპს კარგი დამოკიდებულება აქვს და ჩილელიც თუ მივიდა, მწვრთნელმა ძალიან უნდა მოინდომოს, დრო ისე გაანაწილოს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.

მესამეობა ცუდი არ არის, მაგრამ…
"სიტიმ" ამ სეზონში ვერც პრემიერლიგა მოიგო, ვერც ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ დატოვა ისეთი კვალი, როგორსაც ფანები ისურვებდნენ. მეტიც, "ქალაქელებს" დიდი ბრძოლა და ნერვიულობა გადახდათ იმისთვისაც, რომ ოთხეულში მოხვედრილიყვნენ. 46 წლის გვარდიოლა თავიდანვე თავს იზღვევდა - წლებია საჭირო, იმ დონეზე რომ ავიდეთ, რომელზეც გვინდაო.

"ჩვენ ახლა ისეთი გუნდი ვართ, რომლისგანაც ყოველწლიურად მინიმუმ ერთი ტიტულის მოგებასა და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება წინ წასვლას ელიან. აშკარად სწორ გზას ვადგავართ. პეპმა გუნდში თამაშის ახალი სტილი დანერგა, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ ბევრ მუშაობასა და შესაბამისი ფეხბურთელების ნაკრებს მოითხოვს, რომლებიც ამ სისტემაში უპრობლემოდ ითამაშებენ. გასულ სეზონს თვალს თუ გადავავლებთ, თითქოს, "პაზლი" ბოლომდე არ აწყობილა და იმედი მაქვს, ზაფხულში პეპს დავეხმარებით იმაში, რომ პაზლი ააწყოს" - აღნიშნა ალ მუბარაქმა.

მოგვიანებით კი ალ მუბარაქმა საპირისპირო განცხადება გააკეთა - ყველას გვესმის, რომ მესამე ადგილი წარმატება არ არის და ეს პეპმაც იცის, მეტი მინდაო. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, სამეულში მოხვედრას რომ მილოცავენო.

"ნამდვილად გამაღიზიანებელია, როდესაც მესამე ადგილს გილოცავენ. ბოლოს ყველას ვუთხარი და განვაცხადე, მესამე ადგილი აღარ მომილოცოთ, მხოლოდ ის მომილოცეთ, ტიტულს თუ მოვიგებთ-მეთქი" - ამბობს მუბარაქი.

ტრანსფერები
"სიტიმ" უკვე შეიძინა ბერნარდო სილვა და "ქალაქელებისგან" კიდევ დიდ აქტიუობას ელიან. გუნდი ახლოსაა "ბენფიკას" ახალგაზრდა ბრაზილიელი მეკარის, ედერსონ მორაეშის ხელში ჩაგდებასთანაც. გარდა ამისა, ალ მუბარაქი ადასტურებს, რომ გუნდს ფლანგის მცველები სჭირდება, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე მოთამაშე დაგვტოვებს. როდესაც ეს ყველაფერი გაირკვევა, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, რომელ პოზიციაზე და რამდენი ფეხბურთელი გვჭირდება. თუმცა უკვე ნათელია, რომ ფლანგის მცველები ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენენ. ფლანგებს გვარდიოლა აქტიურად იყენებს და ზუსტად ვიცით, რა უნდა მას. ასევე უნდა ელოდოთ, რომ მეკარეს დავიმატებთ. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით ნაბიჯები. იმედია, მალე ოფიციალურ ინფორმაციასაც მოგაწვდით" - ამბობს მუბარაქი.

გოლკიპერში იგი, ალბათ, 23 წლის მორაეშს გულისხმობ, რომელიც კლუბს 33 მილიონი ფუნტი უნდა დაუჯდეს. ხოლო 22 წლის ბერნარდო სილვაში "სიტი" მონაკოს" 43 მილიონს უხდის.

წამსვლელებს რაც შეეხებათ, გუნდს დატოვებენ ბაქარი სანია, გაელ კლიში, ვილი კაბალიერო და ხესუს ნავასი. სავარაუდოდ, ჯო ჰარტი, ნოლიტო და იაია ტურეც წამსვლელები არიან. ამაზე იფიქრებს კლაუდი ბრავოც. უკვე წავიდა პაბლო საბალეტა. არგენტინელისადმი ალ მუბარაქმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მომავალში მისი სხვა ამპლუაში დაბრუნება ისურვა.

სხვებზე
დავიდ სილვაზე: "იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელიც თავისი თამაშით მაოცებს. რატომ არის ის ასეთი დაუფასებელი, ჩემთვის ამოუხსნელია. მას ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში დააფასებდნენ და აღიარებული იქნებოდა, მაგრამ ბრიტანეთში, რატომღაც, ყოველთვის ინდივიდუალური ჯილდოების გარეშე რჩება, ეს გაუგებარია".

იაია ტურე: "მან ამ წელსაც გვიჩვენა, რომ გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა. პეპი, როგორც შეამჩნევდით, მას ენდობა და მისი სჯერა. ასე რომ, იმედი მაქვს, იაია დარჩება, კვლავ ჩვენთან ერთად იქნება და გუნდის სამომავლო თავგადასავალში მიიღებს მონაწილეობას".

ლეროი სანეზე: "ის ახალგაზრდაა და უდიდესი პოტენციალი აქვს. გვარდიოლას ხელში კიდევ უფრო გაიზრდება და პოტენციალს გამოავლენს. სანე ევროპის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოთამაშეა, რაც გასულ სეზონში დაამტკიცა კიდეც".

ჯონ სტოუნსზე: "ის აუცილებლად იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. ამაში ეჭვი არ მეპარება. იგი უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, ტოპ-მოთამაშედ".

გაბრიელ ჟესუსზე: "იგი მხოლოდ 19 წლისაა და უკვე გაიბრწყინა. გაბრიელ ჟესუსი მომავლის ფეხბურთელია. ის მსოფლიოს უდიდეს ტალანტებს შორისაა".

კევინ დე ბრუინზე: "18 საგოლე პასი ყველაფერზე მეტყველებს. ბელგიელი შესანიშნავი გახლდათ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ მას გაცილებით მეტი შეუძლია და ყველაფერი წინ აქვს".

ვენსან კომპანიზე: "ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენმა კაპიტანმა სეზონი ასე კარგად ჩაამთავრა. მას ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. არ არის ადვილი, უყურო დანარჩენი გუნდის თამაშს, როდესაც შენ მინდორზე ყოფნას ვერ ახერხებ. იგი ტრავმებმა გააწამა, მაგრამ სირთულეები დაძლია და ღირსეულად დაბრუნდა".

P.S. საღამოს გაირკვა, რომ იაია ტურემ "სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, ხოლო ედერსონ მორაეში 40 მილიონ ევროდ "სიტის" ფეხბურთელი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული