რომელუ ლუკაკუ: "ევერტონში" არ დავრჩები

AutoSharing Option
რომელუ ლუკაკუ "ევერტონში" დარჩენას აღარ აპირებს. ბელგიელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და იმასაც ამბობს, რომ უკვე ზუსტად იცის, თუ რომელ კლუბში სურს თამაში, მაგრამ ამას ჯერჯერობით, არ გვიმხელს.

ასე რომ, "ჩელსის" ყოფილ და ვინ იცის, მომავალ ფეხბურთელს "კანფეტები" ამჯერად ვეღარ შეინარჩუნებენ და რონალდ კუმანს ახალი კარგი ფორვარდის ძებნა მოუწევს. დიახ, რომელუს მთავარი მსურველი სწორედ "ჩელსია" და ამბობენ, 24 წლის გოლეადორსაც ძალიან უნდა კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ თავის დროზე "სტემფორდ ბრიჯიდან" უპატივცემულოდ და უსამართლოდ გამოუშვესო, მაგრამ ვინ იცის… "მანჩესტერ იუნაიტედი" და
მიუნხენის "ბაიერნი" არავისზე ნაკლები მსურველები არ არიან:

"არ მინდა ერთ დონეზე დარჩენა. მსურს მოვუმატო და ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ვიცი, ეს როგორ გავაკეთო და უკვე ვიცი, სად მინდა თამაში. ამჟამად, სწორედ ამ კლუბთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. საქმის კურსში ვარ, მაგრამ მოლაპარაკებების წარმართვა აგენტის პრეროგატივაა და ამ საქმეს მას მივანდობ. ვიცი, რაც ხდება, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით. მალე ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა და გადაწყდება. ყველაზე მეტად, რაც მინდა, ეს ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ასევე პრემიერლიგის, მაგრამ ერთხელ რატომ, რამდენჯერმე" - აღნიშნა ლუკაკუმ.

მისი სიტყვებიდან გამომდინარე, საუბარი ინგლისურ გუნდზეა და "ბაიერნისა" და სხვა უცხოური კლუბების შანსები მცირდება. ლიგაზე "ჩელსიც" გავიდა და "მანჩესტერიც". "წითელი ეშმაკების" კოზირი ის გახლავთ, რომ რომელუს აგენტი ყველასათვის კარგად ცნობილი მინო რაიოლაა, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" უკვე გადაიყვანა პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ლუკაკუ მიმდინარე სეზონში დიდხანს ლიდერობდა ბომბარდირთა დავაში, მაგრამ ბოლო მატჩებში ჰარი კეინმა გოლების კორიანტელი დააყენა და საბოლოოდ, 29 გოლით ბომბარდირი ტოტენჰემელი გახდა. ბელგიელის 25 ბურთი კი "ევერტონს" მხოლოდ მე-7 ადგილზე გასასვლელად ეყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული