პიკფორდი ახლა ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთადაა და პოლონეთში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირის დასრულების შემდეგ პიკფორდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ალბათ, ტრანსფერიც გაოფიციალურდება.
ჯორდანის შეძენა ძალიან უნდოდა "ნიუკასლ იუნაიტედსაც", მაგრამ, როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესს რონალდ კუმანმა დაასწრო. თავის
აღვნიშნოთ, რომ პიკფორდი "შავი კატების" აკადემიას 2010 წელს შეუერთდა. იგი "დარლინგტონში", "ალფრედ თაუნში", "ბარტონში", "კარლაილში", "ბრედფორდსა" და "პრესტონში" გახლდათ განათხოვრებული.
"სანდერლენდის" ძირითად გუნდში მას დებიუტი 2016 წლის იანვარში ჰქონდა, ასოციაციის თასზე "არსენალთან" წაგებულ შეხვედრაში. გასულ პრემიერლიგაში მან 29 მატჩი ჩაატარა და მართალია, მხოლოდ მისი "სეივები" და ჯერმეინ დეფოს გოლები საკმარისი არ გამოდგა, რომ "ლაითის" ბინადრები ელიტაში დარჩენილიყვნენ, მაგრამ პიკფორდის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ჯორდანს "სეივების" საშუალო მაჩვენებელი ყველაზე კარგი ჰქონდა - მატჩში 4,7.
რადგან "სანდერლენდი" ვახსენეთ, აქვე ისიც ვთქვათ, რომ დევიდ მოიესის წასვლის შემდეგ ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავაც ვაკანტურია. "შავი კატები" მოლაპარაკებებს შოტლანდიური "აბერდინის" თავკაც დერეკ მაკინესთან აწარმოებენ. 45 წლის სპეციალისტი შეთავაზებით დაინტერესებულია.
როგორც ჩანს, კუმანი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს - მისი სასურველი მოთამაშეების სიიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი - ეს პოლ პოგბას უფროსი ძმა ფლორენტინ პოგბაა. "სენტ ეტიენის" 26 წლის გვინეელმა ნახევარმცველმა, შესაძლოა, "გუდისონ პარკზე" ამოყვინთოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"