ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ კონტე წელიწადში 9-10 მილიონ გირვანქას მიიღებს, რაც მისი ამჟამინდელი ჯამაგირის დაახლოებით გაორმაგებას ნიშნავს. საუბრობდნენ იმაზე, რომ "კონტისიმე" მაინც ფიქრობდა სამშობლოში დაბრუნებაზე, მას მილანის "ინტერი" ეპატიჟებოდა.
კონტემ თქვა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა სურს, მაგრამ დაიწერა ისიც, რომ მან უფროსობას ახალი ფეხბურთელები და შესაბამისი ბიუჯეტი მოსთხოვა, რაზეც, თითქოს, რომან აბრამოვიჩისგან თანხმობაც მიიღო.
ანტონიო კონტემ ლეონარდო ბონუჩის ფასი კარგად იცის და ამიტომაც ცდილობს ტურინის "იუვენტუსის" მცველის ხელში ჩაგდებას. გარდა ამისა, "ლურჯებს" სჯერათ, რომ ვირხილ ვან დეიკს დაიმატებენ.
ფაქტია, ჰოლანდიელს "საუთჰემპტონში" დარჩენა არ სურს და შესაძლოა, "წმინდანებმა" ვან დეიკის "ლივერპულში" გადასვლა ჩაშალეს, მაგრამ ახლა სცენაზე "ჩელსი გამოდის. დიდი ალბათობით, "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებს კურტ ზუმა, ოღონდ "ლურჯებს" 22 წლის ფრანგის განათხოვრება სურთ და არა გაყიდვა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ჩელსი" "მიდლსბროდან" 21 წლის შემტევი ნახევარმცველის, ადამა ტრაორეს დამატებასთანაა ახლოს. თუმცა, სავარაუდოდ, მერე მასაც გაანათხოვრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"