ფრანკ დე ბური "კრისტალ პალასის" მწვრთნელად დაინიშნა და ამით ძალიან ბედნიერია. მიხარია, რომ მოვედი გუნდში, რომელიც ბევრ ფულს ხარჯავსო. როგორც თავად აღნიშნა, ფანები ერთ-ორ საინტერესო ტრანსფერს ამ ზაფხულსაც უნდა დაელოდონ. სხვათა შორის, იგი ამ გუნდის პირველი არაბრიტანელი დამრიგებელი გახდა.
47 წლის ჰოლანდიელს ეიმედება, რომ "სელჰარსტ პარკის" ბინადრები, რომლებსაც ისედაც არ ჰყავთ ცუდი შემადგენლობა, კიდევ უფრო გაძლიერდებიან. შეგახსენებთ,
"კარგი შეგრძნება მაქვს, ვფიქრობ, გუნდს დიდი მომავალი აქვს და პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებას დიდი შემართებით ველოდები. ამ გუნდს შეუძლია გაიზარდოს და მოუმატოს. კლუბი საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს და ამ თანხის კარგად გამოყენება შეიძლება.
რა თქმა უნდა, 1-2 მოთამაშის დამატებაზე ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ. თუმცა იქამდე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელები გავიცნო და არსებულ შემადგენლობას კარგად დავუახლოვდე. მე თამაშის საკუთარი სტილი და ფილოსოფია მაქვს. მსურს, რომ დომინანტები ვიყოთ ხოლმე და, რასაკვირველია, მოსაგებად ვითამაშოთ. აღსანიშნავია, რომ აქტიურები უნდა ვიყოთ მაშინაც, როდესაც უბურთოდ ვიქნებით. გარდა ამისა, ჩვენი თამაში გულშემატკივრებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს. "კრისტალ პალასს" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფანთა ბაზა ჰყავს და ეს მნიშვნელოვანია" - აღნიშნა დე ბურმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზამთარში "პალასის" სათავეში ამერიკელი მილიარდერები, ჯოშ ჰარისი და დევიდ ბლიტცერი მივიდნენ, რომლებმაც გუნდში სერიოზული ინვესტიციები ჩადეს. ბიზნესმენების მთავარ მიღწევად 27 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ კრისტიან ბენტეკეს შეძენა უნდა მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, "არწივები" გავარდნის საფრთხის ქვეშ იდგნენ, მაგრამ სემ ელარდაისმა კლუბი უმაღლეს ლიგაში დატოვა. სეზონის შემდეგ კი "დიდი სემი" წავიდა.
გუნდის თავმჯდომარე სტივ პერიში ამბობს, რომ ელარდაისის გადაწყვეტილება გაუკვირდა და ეწყინა კიდეც, მაგრამ ახლა ბედნიერია იმით, რომ დე ბურთან მოუწევს მუშაობა, ფრანკის დიდი იმედი გვაქვსო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"