* მის სანაცვლოდ "მეთოფეებმა" "ლიონს" 60 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაუხადეს.
* ბრიტანული პრესა წერს, რომ 26 წლის ლაკაზეტმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლონდონის "არსენალმა" ოფიციალურად გამოაცხადა ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის ამბავი. როგორც "მეთოფეების" პრესსამსახური იუწყება, 26 წლის ფრანგმა ფორვარდმა "არსენალს" "მრავალწლიანი კონტრაქტით" დაუკავშირა საკუთარი მომავალი. ამ უქმეებზე ექსლიონელი უკვე სიდნეიში ტურნეზე გაჰყვება არსენ ვენგერის გუნდს.
გასულ სეზონში მან ფრანგულ ლიგა 1-ში 30 მატჩში 28 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
არსენ ვენგერი: "მოხარულნი ვართ, რომ ლაკაზეტი შემოგვიერთდა. მან წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ბევრი გოლის გატანა შეუძლია, ის ეფექტური გოლეადორია. ამის გარდა, ალექსანდრს ძალიან საინტერესო ტექნიკური მონაცემები აქვს. ეს ბიჭი ძალიან კარგი გაძლიერებაა ჩვენი გუნდისთვის. ლაკაზეტი დაგვეხმარება, მომდევნო სეზონში უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ".
შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" "ლიონს" ლაკაზეტის სანაცვლოდ მისთვის რეკორდული თანხა გადაუხადა - 53 მილიონი გირვანქა (60 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი). ამით ლაკაზეტმა გერმანელი მესუთ იოზილის სატრანსფერო რეკორდი დაამხო და ახლა ამ ფეხბურთელის გვერდიგვერდ მოუწევს ფეხბურთის თამაში.
მართალია, "არსენალი" არ აზუსტებს, მაგრამ ბრიტანული მედია წერს, რომ ლაკაზეტმა 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ლონდონურ კლუბთან. ერთი დღით ადრე ფრანგმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. იმასაც შეგახსენებთ, რომ, წესით, ლაკაზეტი მადრიდის "ატლეტიკოში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ფიფამ მადრიდულ კლუბს სატრანსფერო საქმიანობა აუკრძალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"