"სქაი სპორტსის" ცნობით, პრემიერლიგის XXV ტურში "ვესტ ბრომვიჩთან" პირველ ტაიმში მიღებული ტერფის ტრავმის გამო "ტოტენჰემის" 30 წლის თავდამსხმელი
ჯერმეინ დეფო მინიმუმ სამი კვირა დაისვენებს. ვეტერანი
როი ჰოჯსონის გუნდს ბრაზილიის წინააღმდეგ სწორედ ამ მიზეზით დააკლდა. ცხადი ხდება, რომ სანაკრებოს გარდა, დეფო გამოტოვებს მომდევნო ტურის შეხვედრებს "ნიუკასლისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ და ევროპალიგაზე "ლიონთან" ორივე დაპირისპირებას.
ანდრე ვილაშ ბოაშს განაცხადში
ემანუელ ადებაიორი, ჰარი კეინი და
ჯონ ობიკა რჩება. პირველი ლონდონში აფრიკის ეროვნებათა თასიდან ტოგოს ნაკრების გამოვარდნის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა ფეხბურთელის თქმით, ის
იმდენად დაღლილია, რომ რეაბილიტაციისთვის დრო სჭირდება; მეორეს "ნორვიჩის" რიგებში აგვისტოში ჩატარებული მატჩის შემდეგ ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ ჩაუტარებია; უკანასკნელი კი პრემიერლიგის განაცხადში ვილაშ ბოაშს ჯერ არასოდეს შეუყვანია. პორტუგალიელს ერთადერთი გამოსავალი რჩება:
კლინტ დემპსი თავდასხმაში უნდა ათამაშოს.
"დეფო გარკვეული დროით დაგვაკლდება, მაგრამ არა უშავს, რადგან ველოდით, რომ ტრავმა უფრო სერიოზული იქნებოდა. არაფერი დრამატული მის თავს არ ხდება," – განაცხადა "ტოტენჰემის" 35 წლის მთავარმა მწვრთნელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:"ტოტენჰემის" ფეხბურთელებს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს