მიკაელ ლაუდრუპი: ესპანეთი და ინგლისი ორი განსხვავებული და ორი საუკეთესოა

AutoSharing Option
2011/12 წლების სეზონში პრემიერლიგამ "სუონსი" პირველად გაიცნო. ბრენდან როჯერსის გუნდი ჩემპიონატის აღმოჩენად იქცა.

შარშან ზაფხულს ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა "ლივერპულში" განაგრძო. "ლიბერთი სტედიუმზე" ის მიკაელ ლაუდრუპმა შეცვალა. 48 წლის დანიელის ხელმძღვანელობით, "გედები" კიდევ უფრო უკეთ ათამაშდნენ, რისი დასტურიც არის ლიგის თასზე გამარჯვება და პრემიერლიგის ცხრილში შარშანდელზე უფრო მაღალი პოზიცია. გთავაზობთ სეზონის შემაჯამებელ ინტერვიუს სახელოვან ვარსკვლავთან.

- პრემიერლიგაში გატარებული პირველი სეზონით კმაყოფილი თუ ხართ?
- ინგლისში აქამდე არ მიმუშავია. ასე რომ, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა
ტიტულის მოგება მოახერხა, მით უფრო, რომ მას აქამდე მსგავსი მიღწევა არასოდეს ჰქონია.

- პრემიერლიგამ რამდენად შეგცვალათ, როგორც მწვრთნელი?
- არ მგონია, რომ 9 თვის განმავლობაში დიდად შევცვლილიყავი. ალბათ, ისეთივე ვარ, რაც შარშან გახლდით.

- "სუონსიმ" თქვენს მოლოდინს გადააჭარბა, არა?
- შეიძლება ითქვას, დიახ. ლიგის თასზე გამარჯვებით კლუბის ისტორიაში პირველი ტიტული მოვიგეთ, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო. ეს იყო მოვლენა, რომელიც ამ ქალაქში კიდევ მრავალი წელი ეხსომებათ. 2012/13-ის სეზონი ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო.

- ლიგის თასის მოგების გარდა, ყველაზე მეტად რა მომენტი დაგამახსოვრდათ?
- ტიტულის მოპოვება კარგია, მაგრამ გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში ჰქონდა აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდები, რაც მწვრთნელს ყოველთვის განსაკუთრებულად ამახსოვრდება. ჩვენ მოვახერხეთ თამაშების მოგება "ენფილდზე", "სტემფორდ ბრიჯსა" და "ემირეიტსზე". ამ არენებს კი სხვა გუნდები, როგორც წესი, ხელცარიელნი ტოვებენ ხოლმე.

- გუნდს სამომავლოდ რა გეგმებს უსახავთ?
- მუდმივად პროგრესი და წინსვლა შეუძლებელია. შესაბამისად, ხანდახან სტატუს-კვოს შენარჩუნებაც კი საკმარისია. "სუონსის" არ შეუძლია ჩემპიონობაზე პრეტენზიის გამოთქმა, თუმცა სხვა ტიტულებისთვის ბრძოლას უეჭველად შევეცდებით, რამდენადაც რთული უნდა იყოს ეს. მეტი ამბიციებისთვის გუნდს მდიდარი სპონსორი და ახალი ფეხბურთელები სჭირდება. იქამდე კი სჯობს, რეალისტებად დავრჩეთ. მგონია, რომ კონკრეტულ მიზნებზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ძალიან ადრეა.

- პრემიერლიგაში მეორე უელსურ კლუბს მოუთმენლად ელოდებით?
- "კარდიფისა" და "სუონსის" ურთიერთშეხვედრებზე ბევრი რამ მსმენია. კარიერის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან დერბიში მითამაშია და უელსურსაც მოუთმენლად ველოდები.

- თქვენი აზრით, ვინ იყო აწ დასრულებულ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი?
- არჩევანის გაკეთება ყოველთვის რთულია, რადგან ობიექტური კრიტერიუმები დასკვნის გასაკეთებლად არ არსებობს. შეგიძლიათ დაასახელოთ რობინ ვან პერსი, გარეთ ბეილი ან ლუის სუარესი, სულაც მიჩუ. ეს ფეხბურთელები ფასეულნი არიან თავიანთი გუნდებისთვის. თითოეულმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ჩემი აზრით, ბეილი გამორჩეული იყო; აი, ვან პერსი კი, უბრალოდ, ფანტასტიკურად თამაშობდა. მან წარმოუდგენლად დიდი როლი ითამაშა "იუნაიტედის" ჩემპიონობაში.

- მიჩუ სეზონის პირველ ნახევარში ჩემპიონატის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელეს. არ გაგიკვირდათ, როცა ის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა შორისაც კი ვერ მოხვდა?
- დიახ, გამიკვირდა, რადგან ჩემმა ფეხბურთელმა ინგლისში არსებული სამი ტიტულიდან ერთ-ერთი მოიგო; ამ დროს კი პრეტენდენტთა შორის იყვნენ ისინი, რომელთაც არსადაც არ უმარჯვიათ. ბეილი და სუარესი დიდი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მაინც. იმის თქმა მინდა, რომ მიჩუ ღირსი იყო, საუკეთესოთა შორის მაინც დაესახელებინათ.

- არის თუ არა ისეთი ფეხბურთელი, ვინც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა?
- ასეთი ბევრი იყო. ყოველ უქმეებზე ვუყურებდი ბრწყინვალე ფეხბურთელებს, რომელთა წინააღმდეგ ჩემს გუნდს უხდებოდა თამაში. ასე რომ, არა მგონია, 2-3 მათგანის გამორჩევა შეიძლებოდეს.

- ყველაზე მეტად რომელმა მენეჯერმა გაგაოცათ?
- რამდენიმე კარგმა მწვრთნელმა მოახერხა ჩვენი დამარცხება, მაგრამ მათ შორის არჩევანზე თუ მიდგა საქმე, სერ ალექს ფერგიუსონს დავასახელებ. ჩემი აზრით, პრემიერლიგის მოგება მხოლოდ სამ გუნდს შეეძლო: "იუნაიტედს", "სიტისა" და "ჩელსის". პირველის უმთავრესი უპირატესობა სწორედ ფერგიუსონი იყო. ხშირად მითქვამს, რომ გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტ როლს ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მენეჯერის როლი განუზომელი იყო. სერ ალექსმა "იუნაიტედი" ტიტულების მომპოვებელ მანქანად აქცია.

- ჩემპიონთა ლიგაში პრემიერლიგელთა წარუმატებლობა ერთჯერადი მოვლენა იყო თუ რაიმე კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე?
- მსგავსი რამ პირველად მოხდა და დასკვნების გაკეთება ჯერ ადრე მგონია. უნდა ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო სეზონში. ბევრი იწერება, რომ გერმანული ფეხბურთი ესპანურს ნელ-ნელა უკან იტოვებს, მაგრამ, მოდი, ამ შემთხვევაშიც დაველოდოთ.

- თქვენ გიმუშავიათ ესპანეთსა და ინგლისში. იქნება ლიგები შეადაროთ ერთმანეთს?
- ორ განსხვავებულ ჩემპიონატთან გვაქვს საქმე. მგონია, რომ ისინი საუკეთესონი არიან ევროპაში. ვიცი, რომ გერმანელები არ დამეთანხმებიან, მაგრამ ამ ეტაპზე მე მაინც ასე მგონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიგელ მიჩუ: შემიძლია, გუნდს შევთავაზო უფრო მეტი, ვიდრე უბრალო პლეიმეიკერობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული