ცნობილი სკანდალის გარდა, ფეხბურთელმა გულშემატკივარს სასიამოვნო ინფორმაციაც ამცნო. მისი მეუღლე სოფია ბალბი ფეხმძიმედ არის. წყვილი რამდენიმე თვეში ვაჟს ელოდება. შეგახსენებთ, რომ ლუისს უკვე ჰყავს 3 წლის გოგონა დელფინა. აი, რა უთხრა ფეხბურთელმა ურუგვაის ნაციონალურ სატელევიზიო არხს, რომელიც ესპანურმა "ასმა" ბეჭდური სახით შემოგვთავაზა.
- მესმის, რომ ივანოვიჩთან ინციდენტისას უმძიმესი შეცდომა დავუშვი. ეს მხოლოდ ჩემი
ამ ყოველივეს შემდეგ პრესა ჩემ მიმართ წარმოუდგენლად მკაცრი იყო. პრინციპში, მათი დამოკიდებულება თავიდანვე ასეთი იყო. მათ მე არაერთხელ უსაფუძვლოდ დამდეს ბრალი სიმულანტობასა და რასიზმში. ეს იარლიყი უკვე დიდი ხანია, მომეწება.
პოზიტიურ ტონში კი ჩემზე თითქმის არასოდეს წერდნენ. როცა ხალხი მეუბნებოდა, რომ შემეძლო ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მომეგო, ვპასუხობდი ხოლმე, რომ ამ ქვეყანაში მსგავსი შანსი არასოდეს მომეცემოდა. მასმედიის ასეთი დამოკიდებულება ხალხზეც მოქმედებს. რამდენიმე დღის წინ მანჩესტერის გარეუბანში სავაჭრო ცენტრში ვიყავი მეუღლესთან და შვილთან ერთად.
ახალგაზრდები მომიახლოვდნენ და მათთან ფოტოს გადაღება მთხოვეს. მე ვერც კი შევამჩნიე, რომ ისინი ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს ვიღაცას კბენდნენ. სოფიამ მთხოვა და იქაურობას სასწრაფოდ გავცილდით. ის იმდენად ცუდ ხასიათზე დადგა, რომ ტირილს ცოტა დააკლდა.
მსგავსი რამის მოთმენა ძალიან რთულია. რთულია იმასთან შეგუებაც, რომ ევრასთან მომხდარი გაუგებრობის გამო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 8-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მომცეს; ტერის შემთხვევაში კი, მაშინ, როცა არსებობდნენ მოწმეები, ვიდეოზე ნანახით სპეციალისტმა ამოიკითხა მის მიერ ხმამაღლა ნათქვამი ფრაზა, მას მხოლოდ 4 მატჩი აკმარეს. სამხრეთამერიკელი ვარ და მგონია, რომ მსგავსი უსამართლობა ამის გამო ხდება.
მინდა თუ არა კრიშტიანო რონალდოს გვერდით თამაში? რა თქმა უნდა, ის ხომ ბრწყინვალე ფეხბურთელია. წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან ეს მეტად რთული საკითხია. ამ მომენტისთვის ის "რეალის" მოთამაშეა, მე "ლივერპულში" ვარ. მომავალში რა შეიძლება მოხდეს, არავინ იცის. ჩემმა აგენტმა მთხოვა, რომ მაქსიმალურად შევიკავო თავი და სიმშვიდე შევინარჩუნო. მნიშვნელოვან სიახლეებს კი თავად მეტყვის.
მესი, ნეიმარი თუ რონალდო? არ ვიცი. ძნელია შეკითხვაზე პასუხის გაცემა. "ბარსელონამ" ბოლო წლებში უამრავი ტიტული მოიგო, ნეიმარს კი ახალ გარემოსთან ჯერ კიდევ დიდხანს დასჭირდება შეგუება. ამ ფეხბურთელისკენ ახლა ძალიან ბევრის მზერაა მიპყრობილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი "რეალში"?