მიგელ მიჩუ ახალი სეზონის მოლოდინში

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოდან" მიგელ მიჩუს შეძენა "სუონსის" 2,26 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც წესი, პრემიერლიგელები ასეთ თანხებს დუბლების ფეხბურთელებში იხდიან ხოლმე, თუმცა ესპანელის შემთხვევა წესიდან გამონაკლისი გამოდგა.

26 წლის ნახევარმცველმა, ვისაც პოზიცია შეუცვალეს და თავდასხმაში უკრეს თავი, ახალ რეალობას ალღო იოლად აუღო და სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირში ერთად 22 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის წამყვანი კლუბები უმალ დაფაცურდნენ. დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ "ლიბერთი სტედიუმზე" მას დიდხანს არავინ გააჩერებდა.

გაიხსნა სატრანსფერო ბაზარი და ჩვენი გმირი ადგილზეა. მეტიც, მიჩუ სხვა კლუბის ძებნაზე არც კი ფიქრობს და "გედების"
ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ერთი სული აქვს, როდის დადგება 1 აგვისტო. ამ დღეს "სუონსი" ევროპალიგაზე თამაშით ოფიციალურად გახსნის 2013/14 წლების სეზონს.

- საწვრთნელი პროცესი კარგია ფორმაში შესასვლელად, ახალწვეულებთან გასაცნობად და მწვრთნელის შეგონებების ასათვისებლად, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდები რეალური ორთაბრძოლების დაწყებას. გუნდს ხომ პარალელურად ოთხ ტურნირზე უწევს გამოსვლა.

შვებულება ოჯახისა და მეგობრების წრეში მშობლიურ ოვიედოში გავატარე. ჩემი ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებულად მიჭერს მხარს და სადაც არ უნდა ვიყო, ამას ცხადად შევიგრძნობ. სასიამოვნო იყო ჩემი ყოფილი კლუბის თამაშის ყურებაც. განსაკუთრებით, უმძიმესი ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ. ამ მხრივ სტაბილურობა გუნდის შედეგებზე აისახა კიდეც.

"სუონსიში" გადასვლის შემდეგ ესპანეთში ხალხმა უფრო უკეთ გამიცნო, რადგან პრემიერლიგაში რეგულარულად გამქონდა გოლები. შვებულებიდან უკან დაბრუნების შემდეგ გუნდში ესპანელი ახალწვეულები დამხვდნენ. კარგია, როცა მშობლიური ენა ხშირად გესმის, მაგრამ ჩემთვის მთავარი სხვა რამეა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი კარგი მოთამაშეები არიან და გუნდს წაადგებიან. მე, ანხელი (რანხელი), ჩიკო (ფლორესი) და პაბლო (ერნანდესი) მათ ადაპტაციაში აუცილებლად დავეხმარებით.

ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე, რამდენ გოლს გავიტან სეზონის განმავლობაში. ერთადერთი, რასაც ვაპირებ, თავაუღებელი შრომაა, რათა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. თუმცა რაც მეტს გავიტან, გუნდისთვის ეს დამატებითი პლუსი იქნება. ჩემ გარდა, "სუონსის" კიდევ ჰყავს მოთამაშეები, რომელთაც ეს საქმე კარგად გამოსდით. ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს დავჭირდები, მაგრამ ისიც იცით, რომ ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი კლასიკური "ათიანის" პოზიციაა და არა პირველი თავდამსხმელის
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიკაელ ლაუდრუპი: ესპანეთი და ინგლისი ორი განსხვავებული და ორი საუკეთესოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული