"ევერტონის" ესპანელი ვუნდერკინდი ჟერარდ დეულოფეუ

AutoSharing Option
11 ივლისს გაირკვა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა წარმომადგენელი, "ბარსელონას" აღზრდილი 19 წლის ესპანელი ჟერარდ დეულოფეუ ერთწლიანი იჯარით "ევერტონში" გადავიდა.

მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც შეტევის ფლანგებზე, ისე თავდამსხმელების უკან. "ბარსელონა B-ში" მან შარშან 33 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. კატალონიელთა ძირითად გუნდში კი მის ანგარიშზე ერთადერთი თამაში იყო და ისიც შეცვლაზე, 30-ე ტურში "მალიორკასთან" (5:0).

მერსისაიდული კლუბი ნამდვილად არ იყო ერთადერთი, ვისაც ჟერარდის გადაბირება აინტერესებდა, თუმცა თინეიჯერმა გადაწყვეტილება რობერტო მარტინესის ხათრით მიიღო, ვინც შეგირდის ნიჭით
აღფრთოვანებულია.

"ჟერარდი ესპანური ფეხბურთის ნამდვილი ბრილიანტია, არაორდინარული საფეხბურთო ნიჭით. მოხარული ვარ, რომ მან არჩევანი ჩვენზე გააკეთა," - აცხადებს "ლურჯების" 39 წლის დამრიგებელი.

"მოხარული ვარ, რომ დიდი ისტორიის მქონე კლუბში მოვხვდი. მინდა, ჩემპიონატი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს. წინა სეზონში პრემიერლიგის თამაშებს თვალყურს ვადევნებდი და შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია მსოფლიოში.

სირთულეები არ მაშინებს, რადგან ისეთი ფეხბურთელების გვერდით მივარჯიშია, როგორებიც არიან ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა. მარტინესს ტელეფონით უკვე ველაპარაკე. იმედია, მალე პირისპირაც შევხვდები. შვებულების დასრულებამდე რამდენიმე დღე დამრჩა, რის შემდეგაც ლივერპულში გავფრინდები,"
- აცხადებს მერსისაიდელთა ახალწვეული.

"ევერტონს" საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლების მიღებაც სურდა, მაგრამ "ბარსელონამ" ამაზე კატეგორიული უარი თქვა. მეტიც, დეულოფეუმ რამდენიმე კვირის წინ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ უკანასკნელ 5 დღეში ეს "ევერტონისთვის" მე-3 შენაძენია. აქამდე მარტინესმა "უიგანიდან" ყოფილი შეგირდები: ანტოლინ ალკარასი და არუნა კონე გადაიბირა.

დოსიე
სახელი: ჟერარდ დეულოფეუ ლასარო
დაიბადა: რიურიანდესში (კატალონია, ესპანეთი), 1994.13.03
სიმაღლე: 180 სმ
ამპლუა: თავდამსხმელი
საკლუბო კარიერა: 2003 წლიდან "ბარსელონა" (აკადემია); 2011-დან ბარსელონა B
საკლუბო მიღწევები: ესპანეთის ჩემპიონი, 2013
პირადი მიღწევები: U19 ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, 2012 წელი
სანაკრებო კარიერა: უთამაშია U16, U17, U19, U20, U21 ნაკრებებში
სანაკრებო მიღწევები: U17 ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, 2010 წელი; U19 ევროპის ჩემპიონი - 2011, 2012

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" ჟერარდ დეულოფეუ "ევერტონში" გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული