ტომას ვერმალენი 3 თვე იუქმებს

AutoSharing Option
"არსენალის" კაპიტან ტომას ვერმალენთან დაკავშირებით, ერთიმეორეზე უარესი ცნობები ვრცელდება.

თავდაპირველად ითქვა, რომ 27 წლის ბელგიელი ხერხემლის პრობლემების გამო "მეთოფეთა" ავსტრალიურ და აზიურ ტურნეს გამოტოვებდა. რამდენიმე დღის წინ არსენ ვენგერმა ბრძანა, ტომასი ალბათ სეზონის სტარტს გამოტოვებსო და აი, უკანასკნელი ცნობებით, ექიმებმა ტრავმის მიზეზი დაადგინეს.

აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელს ქვედა მალებზე მცირე ბზარი აქვს. ასე რომ, მას ოპერაცია ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენგერს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მოუწევს მოცდა. დაზიანება ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ექიმებს შეეძლოთ წარმოდგენა.

ჩრდილოლონდონელებმა ამ ზაფხულს ორი ცენტრალური მცველი
გაუშვეს. ვგულისხმობთ იოჰან ჯურუსა და სებასტიან სკილაჩის. გამოდის, რომ გუნდს მერტეზაკერი-კოშელნის ალტერნატივა, პრაქტიკულად, არ ჰყავს. თუ არ ჩავთვლით 21-წლამდელთა წევრს, ესპანელ იგნასი მიკელს, ვისაც პრემიერლიგაში აქამდე მხოლოდ 5 თამაში აქვს ჩატარებული.

"არსენალი" უბრალოდ იძულებულია, მზერა სატრანსფერო ბაზარს მიაპყროს და მაღალი დონის სტოპერი ეძებოს. მაგალითად ისეთი, როგორიცაა "სუონსის" 28 წლის უელსელი მცველი ეშლი უილიამსი. "გედები" მას 12 მილიონ ფუნტად აფასებენ.

სანტოსის კიდევ ერთი შანსი
"არსენალმა" თავის დროზე ანდრე სანტოსი იმიტომ შეიძინა, რომ კირან გიბსი ხშირად იმტვრეოდა. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის შეპარვია. როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. სამხრეთამერიკელი "მეთოფეებს" ვერაფრით დაეხმარა და აქეთ გახდა სამკურნალო.

შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარი 30 წლის მარცხენა მცველმა "გრემიოში" გაატარა. ახლა კი მას "ფლამენგო" იწვევს. ამჯერად ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე. ინფორმაციას ბრაზილიური "გლობო ესპორტე" ავრცელებს.

სანტოსს ნამდვილად ურჩევნია სამშობლოში დაბრუნება, რადგან იმავე გიბსისა და ნაჩო მონრეალის გარემოცვაში მას თამაშის შანსი არ მიეცემა. წესით, გარიგება მალე უნდა დაიდოს, რადგან ბრაზილიაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტომას ვერმალენი: არ მინდა "არსენალის" დატოვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული