"მანჩესტერ იუნაიტედის" ტოპსამიზნე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აღიარებს, რომ მისთვის სეზონის დაწყებამდე პრიორიტეტული ამოცანა უმაღლესი კლასის ნახევარმცველის შეძენაა.

"ეშმაკებს" თავდაპირველად "ბარსადან" ტიაგო ალკანტარას ყიდვა სურდათ, მაგრამ 21 წლის ნახევარმცველმა მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურა. ბოლო რამდენიმე დღეა, ბრიტანული პრესა უკვე გარეთ ბეილსა და სესკ ფაბრეგასზე ალაპარაკდა.

"ვფიქრობთ, რომ გუნდს ძლიერი ნახევარმცველი სჭირდება. ისეთი ფეხბურთელის ყიდვა გვინდა, რომელსაც შეეძლება, დიდი გავლენა იქონიოს გუნდზე. გვესმის, რომ მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა მოთამაშეს, ვისაც სერიოზული ამბიციები აქვს, "ოლდ ტრეფორდზე" თამაშის პერსპექტივა უნდა ხიბლავდეს," - განუცხადა
მოიესმა "სქაი სპორტსს".

ორმაგი შეთავაზება ფაბრეგასს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, სესკ ფაბრეგასს ამჟამინდელი ხელფასი (115 ათასი ევრო კვირაში) გაუორმაგოს და პრაქტიკულად, გარანტია მისცეს იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება. მწირი სათამაშო პრაქტიკა - აი, პრობლემა, რომელიც 26 წლის ესპანელს "კამპ ნოუზე" ყველაზე მეტად აწუხებს. "წითელი ეშმაკები" "ბარსელონას" 30 მილიონ ფუნტსა (საკლუბო რეკორდი) და ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, დამატებით რამდენიმე მილიონს სთავაზობენ ბონუსების სახით.

"იუნაიტედში" სერიოზულად არიან განწყობილნი საქმის ბოლომდე მისაყვანად. "ბარსელონამ" ოფიციალური შეთავაზება უკვე მიიღო. რთულია წინასწარ რაიმეს თქმა, თუმცა ფაქტია, რომ "ოლდ ტრეფორდზე" სესკს უზარმაზარი ხელფასის გადახდას ჰპირდებიან. არ მგონია, გარიგებაში ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს, მაგრამ ინგლისელებს ამისი დიდი იმედი აქვთ," - აცხადებს გაზეთ "მირორის" "ინფორმირებული წყარო".

"ჩელსი" დანებებას არ აპირებს
მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უეინ რუნი არ იყიდება, მაგრამ "ჩელსი" დანებებას არ აპირებს. ლონდონელებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს ტრანსფერზე დაითანხმებენ. "ეშმაკებმა" "ჩელსის" პირველი წინადადების განხილვა არ ისურვეს. ამჯერად შეთავაზება უფრო სოლიდურია.

ლაპარაკია 27 წლის თავდამსხმელში 40 მილიონი ფუნტის გადახდაზე. ჟოზე მოურინიოს სიჯიუტის ამბავი ყველასთვის ცნობილია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პორტუგალიელს მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დამატება სურს. საკითხი ასე დგას: რუნი ან არავინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედს" გარეთ ბეილი მოუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული