ვარსკვლავი: დაბრუნდება თუ არა ძველი მიკაელ ესიენი?

AutoSharing Option
"გარდიანის" ჟურნალისტმა დომინიკ ფაიფილდმა "ჩელსის" განელ ნახევარმცველზე, 30 წლის მიკაელ ესიენზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც გაანალიზებულია ვეტერანი აფრიკელის პერსპექტივები "სტემფორდ ბრიჯზე".

ვფიქრობთ, ამ მასალასთან გაცნობა არც ჩვენი მკითხველისთვის უნდა იყოს უინტერესო.

- ერთი შეხედვით, მიკაელ ესიენი არ შეცვლილა. მისი ხმა ძველებურად მშვიდია, ყოველ სიტყვას ძველებურად მოსდევს ღიმილი და ეს ყოველთვის დადებითად მოქმედებს შენს განწყობაზე. მისი ძლიერი ფეხები და გამობერილი მკერდი კი დღემდე აშინებს მის მეტოქეებს.

"ჩემი სტილი არ შეცვლილა. ნებისმიერი, ვინც დამეჯახება, შეუძლია დარწმუნდეს, რომ ძველებურად ძლიერი ვარ," - აცხადებს
ის.

ბრაზილიელმა კლეიტონ სილვამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა "სინგჰის ვარსკვლავების" რიგებში ასპარეზობისას. მას ალბათ დღემდე ერთნაირად აწუხებს ნატკენი ნეკნები და შელახული თავმოყვარეობა.

თუმცა ბანგკოკში, ამხანაგურ შეხვედრაში ვიღაცის წაქცევა და პრემიერლიგაში საკუთარი დინამიკურობით სხვების გაოცება სულ სხვა რამეა. ოდესღაც შეუცვლელი მოთამაშის კარიერა მუხლის სამმა უმძიმესმა ტრავმამ გააფუჭა.

2012 წლის ზაფხულში რობერტო დი მატეო აშკარად არ იყო დარწმუნებული მიკაელის პოტენციალში, როცა ის ერთწლიანი იჯარით "რეალში" გაუშვა, სადაც მას ჟოზე მოურინიო დახვდა. პორტუგალიელი მას დღემდე "შვილს" უწოდებს, ესიენმა კი წლების მერე პირველად დაარქვა მას "მამა". ჟოზესა და მიკაელის ურთიერთობები უკვე წლებია გრძელდება. ერთმანეთის გვერდით ისინი თავს უფრო მშვიდად გრძნობენ.

მიუხედავად ინგლისის ორგზის ჩემპიონის სახელისა, ახალ "ჩელსიში" ესიენს ხელახლა მოუწევს საკუთარი საჭიროების მტკიცება. არადა, შარშანდელ სეზონში "ჩელსის" ძალიან ხშირად სწორედ ნახევარდაცვის ცენტრში აკლდა ხალხი. ეს მაშინ, როცა მიკაელმა მადრიდელთა რიგებში, მისთვის ჩვეული პოზიციის გარდა, დაცვის ფლანგებზეც მოასწრო თამაში. მოურინიომ მასზე ბრძანა:

- მიკაელი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ჩემი ერთგულია, "ჩელსის" ერთგულია, მადრიდის ერთგულიც არის. რაც მთავარია, ის კარგი ადამიანია და მასში ამ წუთას განსაკუთრებულ მოტივაციას ვხედავ. მადრიდში ის სათამაშოდ იმიტომ წავიდა, რომ ლონდონში სიტუაცია იყო რთული, თუმცა იქაც იპოვა ბედნიერება. ფორმაში შევიდა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალები და ესპანეთის თასის ფინალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

ყველამ იცის, რომ ის უკვე დიდი ხანია აღარ არის 20 წლის ყმაწვილი, მაგრამ მიკაელი ის ფეხბურთელია, რომელიც ახალგაზრდობას ალბათ ყველაზე მეტად გამოადგება, რადგან უზარმაზარ გამოცდილებას ფლობს. ის გუნდს აბალანსებს"
.

ყველაფერი რიგზეა
ფეხბურთელი აცხადებს, რომ მიუხედავად გაუთავებელი ტრავმებისა, მას წამითაც არ უფიქრია ფეხბურთიდან წასვლაზე.

- მუხლები უკვე აღარ მაწუხებს. მსგავსი დაზიანებების შემდეგ ყოველთვის ძალიან რთულია სათამაშო რიტმის დაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ 8 თუ 9 ოპერაცია მაქვს გადატანილი, მოდუნება არასოდეს მიფიქრია. ყოველთვის თავიდან ვიწყებდი მუშაობას ძალების აღსადგენად.

არ ვიცი, სხვები რას ფიქრობენ ჩემზე, შეიძლება ზოგიერთმა ხაზიც გადამისვა, მაგრამ არასოდეს არაფრის შემშინებია. არასოდეს გამჩენია ეჭვი, ფეხბურთი უნდა მეთამაშა თუ არა. სადაც არ უნდა ვიყო, ცუდ ხასიათზე ვერსად მნახავთ. სიამოვნებას ვიღებ ფიზიოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგაც კი, მათთანაც კი ვიღიმი. "ჩელსისთან" კონტრაქტში ორი წელი დამრჩა. რა მოხდება, ამის მერე ვნახავთ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიხაელ ბალაკი, "ჩელსი" და ჟოზე მოურინიო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული