"ლივერპული" "არსენალს" - გადაიხადეთ ან გაჩუმდით!

AutoSharing Option
"ლივერპულ ექოსთვის" მიცემულ ინტერვიუში "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "არსენალს" შეუტია. ჩრდილოირლანდიელმა ჩრდილოლონდონელებს მოუწოდა, დაიცვან თამაშის წესები, გადაიხადონ ლუის სუარესის სატრანსფერო ღირებულების შესაბამისი თანხა ან მოკეტონ და მერსისაიდელებს მშვიდად მუშაობის საშუალება მისცენ. ადეკვატურ კომპენსაციად კი როჯერსს 50 მილიონი ფუნტი მიაჩნია. გთავაზობთ "წითლების" მთავარი მწვრთნელის კომენტარს:

- ჩემი სამუშაო ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. არც ჩემთვის და არც სუარესისთვის არაფერი შეცვლილა. კლუბი მას საკმაოდ დიდ ხელფასს უხდის და ფეხბურთელი ვალდებულია, სეზონის დაწყებამდე საუკეთესო კონდიციების აღდგენაზე იზრუნოს. თუკი "არსენალს" ჩვენი ფეხბურთელის შეძენა მართლა აინტერესებს,
ვურჩევდი, რომ ჯერ კარგად დაფიქრებულიყვნენ და მერე მოემართათ ჩვენთვის ოფიციალური წერილით.

რამდენიმე კვირის წინ ჯერ 35 მილიონი ფუნტი შემოგვთავაზეს, შემდეგ 40 მილიონს პლუს 1 ფუნტი. არ მგონია, რომ ეს თანხა ლუისის რეალურ ღირებულებას შეესაბამებოდეს. "არსენალში" კი ეს ნამდვილად უნდა ესმოდეთ. ტრანსფერის ნებისმიერმა მსურველმა ადეკვატური თანხა უნდა გაიღოს.

ერთი წლის წინ ჩვენსა და სუარესს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ხელმძღვანელობა ვალდებულია, 40-მილიონიანი და უფრო სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში ფეხბურთელს ამის შესახებ აცნობოს, თუმცა ვალდებულებები ამით ამოიწურება. "ლივერპული" მზად არ არის, რომ ზაფხულის ბოლო სატრანსფერო ფანჯარამდე ითამაშოს აღნიშნული თემის ირგვლივ. ძალიან მალე მოვა დრო, როცა ჩვენ ყველანაირი სატრანსფერო წინადადების განხილვაზე ვიტყვით უარს.

მივა თუ არა საქმე სასამართლომდე
სუარესსა და "ლივერპულს" შორის მოქმედ კონტრაქტში არსებულ საკამათო პუნქტს სულ სხვაგვარად განმარტავენ ურუგვაელის აგენტი პერე გვარდიოლა და სპორტული იურისტი დენიელ გიი. გვარდიოლას თქმით, ხელშეკრულებაში დათქმული პირობის თანახმად, 40 მილიონი ფუნტის შეთავაზება ავტომატურად უნდა ნიშნავდეს, რომ მისი კლიენტი გადაწყვეტილების მიღებისას სხვებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. იურისტი კი ცალსახა დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობს:

"კლუბისა და ფეხბურთელის დავის გადატანა სასამართლო ინსტანციებში საუკეთესო გამოსავალი არ იქნება. ეს ლუისის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. დავუშვათ, მხარეებმა მიმართეს მესამე ხელისუფლებას. ის გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნამდვილად ვერ მიიღებს და შესაძლოა, ის სულაც ზამთრამდე გაიწელოს".

დენიელ გიი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ საქმის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში მოსამართლემ შეიძლება სულაც "მეთოფეებს" დაუწესოს სანქციები, რადგან სუარესის ხელშეკრულების დეტალები მესამე პირებისთვის დახურულია, მისი უკანონოდ მოპოვება კი დასჯადი ქმედებაა. 40 მილიონს პლუს 1 ფუნტის შეთავაზება ადასტურებს, რომ დედაქალაქელებისთვის ცნობილი იყო სკანდალის მიზეზად ქცეული პუნქტის არსებობის შესახებ და იმედი ჰქონდათ, რომ ამის შემდეგ ფეხბურთელთან პირისპირ დალაპარაკების უფლებას მოიპოვებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რიტორიკული შეკითხვა "არსენალს": ასეთს რას ეწევით?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვის რათ უნდა ეს სუარესი,ნახევარი სეზონი დისკავალიფიკაციაზე იქნება, სანამ კბენა ღრენას არ გადაეჩვევა.
giorgi
14:26 26-07-2013
0

სიახლეები პოპულარული