"არსენალის" სათადარიგო ვარიანტი: ქარიმ ბენზემა

AutoSharing Option
"ე 10 სპორტის" ინფორმაციით, "არსენალში" დაფიქრდნენ, რომ შეიძლება კიდევ ერთი სეზონი გადააგორონ სერიოზული ტრანსფერების გარეშე, რასაც გულშემატკივარი ხელმძღვანელობას უკვე აღარ აპატიებს.

"მეთოფეებმა" ორი მაღალი დონის ფეხბურთელი ამოიღეს სამიზნეში. ერთზე ქვემოთ მოგითხრობთ, იქამდე კი ლივერპულელი ლუის სუარესის ალტერნატივაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ლონდონელები მზად არიან, "რეალს" 40 მილიონი ფუნტი შესთავაზონ ქარიმ ბენზემას სანაცვლოდ. ურუგვაელის ტრანსფერი ისედაც საკმაოდ გაიწელა.

ამ დღეებში კი მერსისაიდელთა მთავარმა აქციონერმა ჯონ ჰენრიმ განაცხადა, ფული რამდენიც გნებავთ შემოგვთავაზოთ, ფეხბურთელს ვერ წაიყვანთო. "ლელო" გუშინდელ ნომერში უკვე წერდა, რომ თუკი სუარესი
პოზიციას არ შეარბილებს, მას გუნდს ჩამოაშორებენ და მხოლოდ ინდივიდუალურად მისცემენ ვარჯიშის საშუალებას.

ისე არც ბენზემას გადაბირება უნდა ჩაითვალოს იოლ ამოცანად, მით უფრო, რომ "სამეფო კლუბმა" გონსალო იგუაინი უკვე გაყიდა. ფრანგი "რეალში" 2009 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მას მერე 183 თამაშში 88 გოლის გარდა 55 პასი ჩაიწერა აქტივში.

არჩევანი მეთოფეთა სასარგებლოდ
"ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნისა" და ბრაზილიის ნაკრების 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ლუის გუსტავო მზად არის, უარი თქვას "ვოლფსბურგის" შეთავაზებაზე, თუკი "მეთოფეები" მისი კონტრაქტის გამოსყიდვას შეძლებენ. სამხრეთამერიკელი "ალიანს არენაზე" შარშანდელ ტრიუმფალურ სეზონშიც აღარ იყო წამყვან როლებზე.

ამ ზაფხულს რეკორდმაისტერმა შუა ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. ასე რომ, მიუნხენში ლუისის ადგილი აღარ დარჩა. თუკი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, "არსენალისთვის" ამ ზაფხულს ეს პირველი ტრანსფერი იქნება. "გარდიანის" მტკიცებით, გუსტავოს შეძენაზე უარს არც "ჩელსი" იტყვის. თუმცა უკანასკნელი ვარიანტი ნაკლებად რეალური გვგონია, რადგან ჟოზე მოურინიოს პოზიცია ცნობილია: უეინ რუნი ან არავინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესმა ყველა დაღალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული