ლუის სუარესმა ყველა დაღალა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" მე-5 ამხანაგური თამაში ჩაატარა ამ ზაფხულს და მეხუთედ იმარჯვა. მართალია, მერსისაიდელთა არც ერთი მეტოქე ძლიერი არ ყოფილა, თუმცა ფსიქოლოგიური განწყობისთვის წარმატებული სერია მაინც კარგია. მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ "ვოლერენგამ" მოახერხა მისთვის გოლის გატანა. თამაშის დასრულების შემდეგ "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა გუნდის თამაში ასე შეაფასა:

"აღფრთოვანებული ვარ ჩემი ფეხბურთელებით. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მათ მეტის მიღწევა შეძლებოდათ. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ გოლი გავუშვით. ბიჭებს ამის შესახებ უკვე ველაპარაკე გასახდელში. საერთო ჯამში კარგ ფორმაში ვართ.

ვცდილობთ, რომ სულ უფრო
უკეთ ვითამაშოთ. გუნდმა ლამის ნახევარი მსოფლიო მოიარა და დაიღალა, მაგრამ გამარჯვების სურვილი წამითაც არ გამქრალა. ასეთი განწყობა ძალიან მომწონს. ეჭვი არ მეპარება, რომ "სტოკ სიტისთან" შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შევხვდებით".

მთავარი თავისტკივილი
ცხადია, როგორც ადგილობრივ, ისე ინგლისელ ჟურნალისტებს თვალში მოხვდათ, რომ გუნდის განაცხადში ლუის სუარესი არ ყოფილა. წინა დღის მოვლენებიდან გამომდინარე ეჭვი ყველას ჰქონდა, თუმცა პრესკონფერენციაზე შესაბამისმა კითხვამ მაინც არ დაახანა. გეტყვით იმასაც, რომ "გარდიანის" მტკიცებით, სამხრეთამერიკელს დუბლებში გადაიყვანენ, იქამდე, ვიდრე კლუბის მოთხოვნებს არ შეასრულებს. მერსისაიდელთა თავკაცმა ჩვენს კოლეგებს გრძელი და ამასთან გულწრფელი პასუხი გასცა:

- ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც მის სახელს მღეროდნენ. ასე მოხდა ჯაკარტაში, სადაც 85 ათასი გულშემატკივარი იჯდა ტრიბუნებზე. ანალოგიური სიტუაცია იყო ტაილანდსა და მელბურნშიც. სულაც არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას, სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი დაუბრკოლებლად წასვლის შესაძლებლობას აძლევდეს.

რაც უნდა მოხდეს, ერთი რამ წინდაწინ ცხადია, რომ უპირველესი ამ კლუბში საკუთარი პატივმოყვარეობის დაცვა იქნება. არ ვაპირებ ვილაპარაკო იმაზე, რომ სუარესს სხვა კლუბთან მოლაპარაკებები ჰქონდა გაჩაღებული.

მასთან პერსონალური შეხვედრა მქონდა, სადაც ჩემი გეგმები გავანდე, გეგმები, სადაც ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. მას შარშან ზაფხულსაც ჰქონდა წასვლის შანსი, მაგრამ მაშინ განაცხადა, რომ სჯეროდა ჩვენი სათამაშო ფილოსოფიის და იმისიც, რომ "ლივერპულთან" ერთად პროგრესის შანსი ჰქონდა. ასეც მოხდა. ლუისმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

მესმის, რომ მას შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში სურდეს თამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მისთვის მიცემულ პირობას ვარღვევთ. გუნდი შარშანაც მისი სათამაშო ღირსებების გარშემო იყო აწყობილი. ყველაფერზე წავედით, რომ ფეხბურთელს თავი კომფორტულად ეგრძნო.

სუარესის ინტერვიუ ოთხშაბათს დაიბეჭდა. "ვოლერენგასთან" მატჩის სამზადისის გამო გადაწყვეტილება იმავე დღეს არ მიმიღია. ნურაფერს ელით ნურც ხვალისთვის, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება უახლოეს 48 საათში აუცილებლად გახდება ცნობილი. ჯერ ობიექტურად უნდა შევაფასოთ მოვლენები.

ინტერვიუში იყო ნათქვამი ისეთი ფრაზები, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც კლუბისა და თანაგუნდელების, ისე გულშემატკივრებისთვისაც. ერთადერთი, რასაც ლუისისგან ვითხოვთ, ეს სათანადო პატივისცემაა იმ გარემოს მიმართ, სადაც თამაშობს.

"ლივერპული" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. შეუძლებელია, რომ მას პატივს არ სცემდე. იქამდე, ვიდრე რამე მოხდებოდეს სუარესისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ. ამასთან მესმის, მისი რომ ის საკმაოდ პატივმოყვარეა მსგავსი ნაბიჯისთვის. ამით მისი, როგორც ფეხბურთელის ფასს არავინ აკნინებს. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა მასთან განშორება. ჩვენს გეგმებში მას ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი როლი უკავია.

ვოლერენგა-ლივერპული 1:4
გოლები: 0:1 ლ. ალბერტო (31), 1:1 გონსალესი (35) 1:2 ასპასი (44), 1:3 მ. კელი (54), 1:4 სტერლინგი (90+1)
ლივერპული (3-5-2): ჯონსი (46. მინიოლე) - ფლენაგანი (46. ხ. ენრიკე), კოატესი (46. კ. ტურე), უისდომი - ალენი (46. ლუკასი), სპირინგი (46. მ. კელი), ჰენდერსონი (46. კოუტინიო), ლ. ალბერტო (46. ჯერარდი), დაუნინგი (46. სტერლინგი) - აიბი (46. ასაიდი) ასპასი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრენდან როჯერსი: ლუის სუარესმა "ლუვერპულის" მიმართ უპატივცემულობა გამოხატა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული