ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტურის წინ: დებიუტების ტური

AutoSharing Option
მოიესი და ფელაინი ისევ ერთად
14 სექტემბერს პრემიერლიგის IV ტურს "ოლდ ტრეფორდზე" "იუნაიტედი" "კრისტალ პალასთან" მატჩით გახსნის.

მოქმედმა ჩემპიონებმა სეზონი კარგად კი დაიწყეს, მაგრამ მერე ორ კონკურენტთან ვერ შეძლეს სათანადო დონეზე ასპარეზობა, თანაც ისე, რომ გოლიც კი არ გაუტანიათ.

"იუნაიტედმა" პოზიციები დათმო. სანაკრებო პაუზამ "ეშმაკებს" სულზე მიუსწრო. ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ კლუბმა მარუან ფელაინი შეიძინა.

ბელგიელმა წესით ნახევარდაცვის ცენტრში არსებული სიცარიელე უნდა შეავსოს და გუნდის თამაშს ახალი სული შთაბეროს. მას ეს ნამდვილად შეუძლია.

სამწუხაროა, მაგრამ ფილ ჯონსთან შეჯახებისას გატეხილი
თავის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებს უეინ რუნი. 27 წლის თავდამსხმელი ტრიბუნებზე მოიკალათებს.

ფორმაშია რობინ ვან პერსი, ვინც ეს სანაკრებო შეხვედრებში დაამტკიცა.

პოლუსების შეჯახება
"სტედიუმ ოფ ლაითსზე" ერთმანეთს ხვდებიან გუნდები, რომლებმაც ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკა აირჩიეს. "შავმა კატებმა" 14 ახალი მოთამაშე მოიყვანეს, "მეთოფეებმა" კი უკანასკნელი შანსი ძლივს გამოიყენეს, რათა ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი მაინც დაემატებინათ.

დიდი ალბათობით მესუთ იოზილი დღეს ძირითადში იქნება. რადიკალურმა ცვლილებებმა მასპინძლებს ხელი უკვე დაატყო. პაოლო დი კანიოს გუნდი თავის თავს არ ჰგავს და როდის მოახერხებს იტალიელი სტაბილური გარემოს შექმნას, ეშმაკმა უწყის.

არსენ ვენგერი კი თავს მშვიდად გრძნობს. მისმა შეგირდებმა მიყოლებით ორჯერ იმარჯვეს და ჯიუტად არ იმჩნევენ, რომ წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი ჰყავთ ტრავმირებული.

ჰიუზი "სიტის" წინააღმდეგ

"სტოკი" "მანჩესტერ სიტისთვის" ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო. თამაშისადმი მოლოდინს ამძაფრებს ისიც, რომ "ქალაქელების" წინააღმდეგ მათი ყოფილი დამრიგებელი დაიჭერს საქმეს. ეს კი, ბუნებრივია, უფრო მოტივირებულ მოწინააღმდეგეს ნიშნავს.

"მეთიხეები" ძალიან ძლიერები არიან სტანდარტულებისას, ზუსტად იმ კომპონენტში, რამაც ექსჩემპიონები წინა გასვლითი მატჩისას დაღუპა.

რა შეიცვალა მანუელ პელეგრინის გუნდში? ბევრი არაფერი. ვენსან კომპანი ისევ ტრავმირებულია და მთელი ტვირთის ზიდვა მატია ნასტასიჩს მოუწევს.

ახალი ეპოქა
ანდრე ვილაშ ბოაშისთვის "ნორვიჩთან" მატჩი მე-60 იქნება "დეზების" თავკაცის რანგში. მოლოდინისამებრ, პორტუგალიელმა დაკარგა გარეთ ბეილი, მაგრამ უელსელში აღებულმა ფულმა ლამის მთლიანად გადაფარა 7 ახალწვეულის ხარჯი. ჩვენი აზრით, ჩრდილოლონდონელები საბოლოო ჯამში მაინც მოგებაში დარჩნენ.

ახლა მთავარია, რომ გუნდი ერთიან ორგანიზმად იქცეს. ერთი თვალის შევლებით პესიმიზმის საფუძველი თითქოს არ არსებობს, მაგრამ "იადონები" "ტოტენჰემისთვის" ტრადიციულად რთული მეტოქეები არიან.

ცენტრალური "გუდისონზე"
უცნაური კია, მაგრამ სეზონი უკვე დაწყებულია და "ჩელსიმ" პრემიერლიგის უკანასკნელი შეხვედრა 19 დღის წინ გამართა. სანაკრებო პაუზამდე, მოგეხსენებათ, დასავლეთლონდონელებმა ევროპის სუპერთასზე ითამაშეს და დამარცხდნენ.

ჟოზე მოურინიოსა და კომპანიას ამჯერად "ევერტონთან" გასვლაზე უწევთ გამოცდის ჩაბარება. მარუან ფელაინი წავიდა და ეს უზარმაზარი დანაკლისია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა მასპინძლებზე განიარაღებულნიო, მაინც არ ითქმის.

ლივერპულელებს შარშან რამდენჯერმე მოუხდათ დისკვალიფიცირებული ბელგიელის გარეშე დარჩენა და ისინი მაინც ახერხებდნენ მაღალ დონეზე თამაშს. თანაც მასპინძლებმა ორი მაღალი დონის ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტი (ტრავმირებულია, ვერ ითამაშებს) და გარეთ ბერი დაიმატეს. ასე რომ, რობერტო მარტინესს ხელში ჯერ კიდევ უჭირავს გაუჭრელი კარტი.

ესპანელს კარგი შანსი აქვს თავდასხმაშიც გადაწყვიტოს პრობლემები. ოღონდ ამას ის მომდევნო შეხვედრებიდან თუ მოახერხებს. რომელუ ლუკაკუ "ჩელსის" ეკუთვნის და საიჯარო ხელშეკრულების თანახმად დღეს მოედანზე გასვლის უფლება არ აქვს.

აგვისტოს თვის საუკეთესონი

აგვისტო პრემიერლიგაში "ლივერპულის" ნიშნით წარიმართა. თვის საუკეთესო მწვრთნელად ბრენდან როჯერსი დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელად - დენიელ სტარიჯი. "წითლებმა" ჩრდილოირლანდიელის ხელმძღვანელობით წინა თვეში ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგეს "სტოკთან" და "ასტონ ვილასთან".

წარმატების მთავარი შემოქმედი კი ორჯერვე სტარიჯი გახლდათ. როჯერსისთვის ეს მეორე აღიარებაა. პირველად ის თვის მწვრთნელად 2012 წლის იანვარში "სუონსიში" მუშაობისას სცნეს. რაც შეეხება ფეხბურთელს, მას ასეთი პატივი პირველად ერგო.

უკანასკნელნი მერსისაიდელთა ბანაკიდან, ვინც საუკეთესოებად აღიარეს, რაფა ბენიტესი (2009 წლის მარტი) და ფერნანდო ტორესი (2009 წლის სექტემბერი) იყვნენ.

ინგლისის ნაკრების გადასარჩენად
უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგა წარმოუდგენლად გამდიდრდა. საკლუბო ფეხბურთის ქომაგს ეს ახარებს, თუმცა ჩემპიონატის გარდა არსებობს ინგლისის ნაკრები, ვინც უკვე წლებია, ადგილზეა გაყინული.

პრობლემა მხოლოდ მწვრთნელების კვალიფიკაცია ვერ იქნება, რადგან "სამი ლომის" გამოცოცხლება თვით ფაბიო კაპელომაც კი ვერ მოახერხა. მთავარი შემაფერხებელი გარემოება ახალგაზრდა ინგლისელი მოთამაშეებისთვის მავნე გარემოა.

დიახ, სკოტ სინკლერი "სუონსიში" დიდი იმედებს იძლეოდა, მაგრამ "მანჩესტერ სიტიში" მისი პროგრესი შეჩერდა. იმავეს თქმა შეიძლება ჯეკ როდუელზეც. ასეთი მაგალითები კი ძალზე ბევრია. შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია ყველა.

"სქაი სპორტსის" ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს ინგლისის წამყვანი კლუბების წარმომადგენლები საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტ გრეგ დაიკს შეხვდნენ და ერთ-ერთი ვარიანტად ლეგიონერებზე ლიმიტის შემოღება განიხილეს. ვნახოთ, რამდენად რეალურია ამ იდეის ხორცშესხმა.

კეროლს ოპერაცია არ სჭირდება
24 წლის თავდამსხმელის ენდი კეროლის ტრავმამ "ვესტ ჰემის" თავკაცი სემ ელერდაისი აიძულა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მლადენ პერტიჩისთვის შეეთავაზებინა სამსახური. ექიმების ვარაუდით, კეროლს ოპერაცია სჭირდებოდა, რაც მას მომდევნო 4-5 თვით ჩამოაშორებდა გუნდს.

თუმცა პესიმისტური პროგნოზი არ გამართლდა. ენდი ქირურგიული ჩარევის გარეშე გავა ფონს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეაბილიტაციის პროცესი არ გაიწელება. ამის მიუხედავად, მიახლოებითი თარიღის თქმაც კი ძნელია, თუ როდის შეძლებს ის ვარჯიშის განახლებას.

ვენგერს არ ეჩქარება
"ინდეპენდენტის" ინფორმაციით, "არსენალის" 63 წლის დამრიგებელი არსენ ვენგერი კლუბის მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტის განხილვას ჯერ არ აპირებს. მიზეზი მარტივია, მას არსად არ ეჩქარება.

"ახლა სექტემბერია, ჩემს ხელშეკრულებას კი ვადა ივნისში გასდის. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა. მრავალჯერ მითქვამს, რომ წარმატებების მიღწევას სწორედ "არსენალთან" ერთად ვაპირებ. შემდეგ კი დავჯდები და ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი. შევეკითხები ჩემს თავს, რამდენად კარგად ვიმუშავე გუნდთან. ჩემთვის ეს ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია," - აცხადებს ფრანგი.

ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტური
14 სექტემბერი
იუნაიტედი-კრისტალ პალასი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფაელი, ფილ ჯონსი, უეინ რუნი, დარენ ფლეტჩერი - ჯეკ ჰანტი, ჯონათან პარი, პატრიკ მაკარტი, იანიკ ბოლასი, ჯერომ ტომასი, გლენ მარი, ჯონათან უილიამსი, ჯიმი კებე

ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +16=6-6 (50-27)

ასტონ ვილა-ნიუკასლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შარლ ნზოგბია - დავიდე სანტონი, გაელ ბიგირიმანა, სემი ამეობი, ჰარის ვუკჩიჩი, ჯეიმს ტავერნიე, პოლ დამეტი, რემი სტრიტი

ურთიერთშეხვედრები
სულ 138 თამაში: +47=30-61 (212-223)

ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაარტენ სტეკელენბურგი, კირან რიჩარდსონი, აარონ ჰიუზი - ბენ ფოსტერი, სტივენ რიდი, ჯეიმს მორისონი, ჯორჯ ტორნი, გრემ დორანსი, მატეი ვიდრა, ზოლტან გერა

ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +16=10-17 (62-62)

ჰალ სიტი-კარდიფი 18:00
დისკვალიფიკაცია: იანიგ საგბო -
ტრავმა: ალან მაკგრეგორი, ჯორჯ ბოიდი, სონე ალუკო - დევიდ მარშალი, სტივენ კოლკერი, ანდრეას კორნელიუსი

ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +10=4-10 (34-28)

სტოკ სიტი-სიტი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გლენ უელანი, კენუაინ ჯონსი, ჩარლი ადამი - მიკა რიჩარდსი, ვენსან კომპანი, დავიდ სილვა, მარტინ დემიკელისი

ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +27=22-33 (96-107)

სანდერლენდი-არსენალი 18:00
დისკვალიფიკაცია: ჯონ ოში -
ტრავმა: ფილ ბერდსლი, ვეს ბრაუნი, კრეიგ გარდნერი, კონორ უიკჰემი, ლი კატერმოული - ტომას ვერმალენი, ტომაშ როსიცკი, მიკელ არტეტა, ლუკას პოდოლსკი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იაია სანოგო, აბუ დიაბი, გედიონ ზელალემი

ურთიერთშეხვედრები
სულ 134 თამაში: +45=38-51 (187-209)

ტოტენჰემი-ნორვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აარონ ლენონი, ემანუელ ადებაიორი, ეტიენ კაპუ, გილფი სიგურდსონი - ელიოტ ბენეტი, რაიან ბენეტი

ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +18=14-13 (70-54)

ევერტონი-ჩელსი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დარონ გიბსონი, ჯეიმს მაკარტი, შეიმუს კოულმენი, ანტოლინ ალკარასი - ედენ აზარი, სამუელ ეტოო, ტომაშ კალაში

ურთიერთშეხვედრები
სულ 156 თამაში: +49=49-58 (230-242)

სავარაუდო შემადგენლობა
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ოსმანი, ბარი - ბარკლი, მირალიაში, პიენაარი - იელავიჩი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, კოული - ლამპარდი, რამირესი - ოსკარი, შიურლე, დე ბრუინი - ტორესი

15 სექტემბერი
საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გული დო პრადო, იოს ჰოიველდი - ენდი კეროლი, ალუ დიარა, სტიუარტ დაუნინგი, ჯო კოული

ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +21=18-19 (80-76)

16 სექტემბერი
სუონსი-ლივერპული 23:00
დისკვალიფიკაცია: - ლუის სუარესი
ტრავმა: ნილ ტეილორი, ჯონჯო შელვი, ნათან დაიერი - გლენ ჯონსონი, კოლო ტურე, დანიელ სტარიჯი, სებასტიან კოატესი, ალი სისოკო, ჯო ალენი

ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=3-3 (8-14)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 3 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), დენიელ სტარიჯი (ლივერპული) ოლივიე ჟირუ (არსენალი); 2 - რობინ ვან პერსი, დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ფრეიზერ კემპბელი (კარდიფი), რობერტო სოლდადო (ტოტენჰემი), ალვარო ნეგრედო, იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული