მაიკლ კერიკი: პოლ სქოულზთან თუნდაც ირონიული შედარება ჩემთვის პატივია

AutoSharing Option
"სიტისთან" მწარე მარცხის მეორე დღეს "იუნაიტედის" 32 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა კლუბის "ტვიტერზე" გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფანები უამრავი თემით დაინტერესდნენ. ფეხბურთელმა მაქსიმალურად სცადა, გულწრფელი ყოფილიყო. შეკითხვებიდან ყველაზე საინტერესო "იუნაიტედის" ვებგვერდმა ცალკე ინტერვიუს სახით შემოგვთავაზა.

- როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება, ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?
- კარიერაში მოგებული პირველი ტიტულით და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებით, ისევე, როგორც ინგლისის ნაკრებში თამაშით. ორი შვილი მყავს, რასაც ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

- დაუსახლებელ კუნძულზე რომ გაემგზავროთ და მხოლოდ სამი რამის
წაღების უფლება გქონდეთ, რას აირჩევდით?
- ბალიშს, ჩანთას ტკბილეულით და ოჯახის ფოტოს.

- მხოლოდ ერთი თამაში დაასახელეთ თქვენი კარიერიდან, რომელშიც თავიდან ითამაშებდით.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოსკოვში. იმ დღეს ყველაფერი იდეალური იყო, ამინდი, მატჩის მიმდინარეობა, დასასრული. თამაშის დასრულების შემდეგ კინაღამ ცრემლები წამსკდა.

- ერთი სიტყვით აღწერეთ მოედანზე პოლ სქოულზის გვერდით გატარებული წლები.
- სიამოვნება... აბსოლუტური სიამოვნება, თუმცა ისიც მესმის, რომ ეს ერთი სიტყვა არ არის.

- ფანების შეძახილიდან ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?
- იმის გარდა, რაც მე მეკუთვნის? ძალიან მომეწონა ფრაზა, რომელიც "იუნაიტედში" გატარებულ პირველივე სეზონში მოვისმინე: "მოურინიო, გესმის?"

- რას იტყვით შეძახილზე: "ეს კერიკია? დაუჯერებელია, რომ ეს სქოულზი არ არის".
- კარგი სიმღერაა, მისი მოსმენა ყოველთვის მსიამოვნებს და მას მუდამ კომპლიმენტად ვიღებ, იმის მიუხედავად, რომ ცოტა ირონიულია.

- ყველაზე მეტად რომელი სტადიონი მოგწონთ?
- მიყვარს "სენტ ჯეიმს პარკზე" თამაში, რადგან თავად ვარ ნიუკასლიდან; "ჰაიბერისაც" არა უშავდა, კარგია მის ნაცვლად აგებული "ემირეიტსიც".

- მოახერხებთ კარიერის 40 წლამდე გაგრძელებას, როგორც ამას გიგზი აკეთებს?
- ამ ასაკში თამაში წარმოუდგენლად რთულია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას შევძლებ. გიგზის მაგალითი, უბრალოდ, წესიდან გამონაკლისია. საკუთარი ძალა ყოველდღიურად უნდა შეაფასო.

- თქვენს მთავარ უპირატესობად რას მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, რომ სიმშვიდეს, რადგან ემოციებს აყოლა არ მჩვევია. თანაც, მუდმივად რაღაცას ვსწავლობ. ეს დაუსრულებელი პროცესია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიკლ კერიკი: საუკეთესო ჩემპიონის რიგებში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული