ინგლისის ლიგის თასი. III ეტაპი: ჩემპიონის არასრული რეაბილიტაცია [VIDEO]

AutoSharing Option
სკანდალისტის დაბრუნება
ლუის სუარესმა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ფეხბურთს "ოლდ ტრეფორდზე" დაუბრუნდა. ურუგვაელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

რამდენჯერმე მას ხელსაყრელი საგოლე სიტუაციაც შეექმნა, ერთხელ კი მისი ჯარიმა სულაც ხარიხას მოხვდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მშრალზე დარჩა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი ბურთი უეინ რუნის კუთხურის შემდეგ ხავიერ ერნანდესმა გაიტანა.

მექსიკელმა წამით მოახერხა, ხოსე ენრიკეს "მზრუნველობას" გაქცეოდა და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა თავის გამოსაჩენად. საერთო ჯამში, მასპინძელი იმსახურებდა ამ მოგებას, რადგან უკეთესი შანსები ჰქონდა ანგარიშის გასაზრდელად. სიმონ მინიოლემ რუნის ერთი სახიფათო
ჯარიმა მოიგერია, ერთხელ კი თამაშიდან დარტყმული აუღო.

ბრენდან როჯერსი (ლივერპული):
"იყო ეპიზოდები, როცა თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა დამაგვირგვინებელი ზუსტი პასის გაკეთება ვერა და ვერ მოვახერხეთ, რამაც საბოლოო ჯამში დაგვღუპა კიდეც. ჩემმა ფეხბურთელებმა, თავის მხრივ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მხოლოდ ერთხელ დავკარგეთ კონცენტრაცია და ის ეპიზოდი გოლად და ტურნირიდან გამოვარდნად დაგვიჯდა.

ჩემპიონატში კარგი სტარტის შემდეგ ბოლო შეხვედრებში ერთი შეხედვით სწორხაზოვნად ვთამაშობთ და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. ლიგის თასიდან გავარდნის შემდეგ შანსი გვეძლევა, რომ შობამდე მხოლოდ ჩემპიონატზე გადავიტანოთ აქცენტი. აუცილებელია, ლიდერთა შორის დავრჩეთ, რათა ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში ბრძოლას აზრი ჰქონდეს. იმედია, იანვარში გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება.

ძალიან მომეწონა სუარესი. მან იძულებული გახადა "იუნაიტედის" დაცვა, რომ საკუთარ საჯარიმოსთან მაქსიმალურად ახლოს ეთამაშა. ლუისი ბურთს მიიღებდა თუ არა, ან თავად ცდილობდა საჯარიმოში შეჭრას, ან თავისუფალ თანაგუნდელს ეძებდა. ფორმის აღსადგენად მას გარკვეული დრო ჯერ კიდევ სჭირდება, რის შემდეგაც მისი თამაში კიდევ უფრო სახიფათო გახდება".

ლუის სუარესი (ლივერპული):
"წავაგეთ და ცხადია, შედეგი უსიამოვნოა, თუმცა, მეორე მხრივ, ამ შეხვედრაში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება შეგვიძლია. ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, რადგან არაერთი მომენტი შევქმენით მეტოქის კართან. გამარჯვებას მომდევნო თამაშებში შევეცდებით. პირადად მე რაც შემეხება, გუნდისთვის სამომავლოდაც ყველაფერს გავაკეთებ".

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი):
"ამ თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩემპიონატში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ რეაბილიტაცია გვჭირდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხეთ კიდეც. წინა თამაშების შემდეგ შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა, თუმცა არ მგონია, რომ ამით სერიოზულად გამერისკოს. "იუნაიტედის" თითოეული ფეხბურთელი პროფესიონალია. თითოეული მათგანი მზადაა გუნდის ინტერესების დასაცავად.

დღეს თავისი საქმე ყველამ კარგად აკეთა. ყველაზე მეტად რაც მინდოდა, იმას მივაღწიე. ალბათ თავად დარწმუნდით, რომ დერბიში წაგება გუნდის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე არ ასახულა. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მათ იციან, რა კომპონენტებში გვმართებს თამაშის გაუმჯობესება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ახალგაზრდა "მეთოფეები"
ვესტ ბრომვიჩის "ჰაუტორნსზე" "არსენალის" შუა ხაზის მოთამაშეებს მხოლოდ ამ გუნდის თავგადაკლული გულშემატკივარი თუ იცნობდა. გამონაკლისი მხოლოდ მიკელ არტეტა გახლდათ. 5-კაციან ნახევარდაცვაში არსენ ვენგერმა დააყენა ფეხბურთელები, რომელთაგან ყველაზე ცნობილი რიო მიაიჩია და ისიც თავისი ხშირი ტრავმებით.

იაპონელის გარდა, მოედანზე იყვნენ ისააკ ჰაიდენი (18 წლის), თომას აისფელდი (20) და სერჟ ნიარბი (18). "მეთოფეებმა" სწორედ ამ "ღლაპებით" მოახერხეს ლიგის თასის 1/4-ფინალში გასვლა, სადაც ისინი "ჩელსის" დაუპირისპირდებიან.

არსენ ვენგერი (არსენალი):
"დიახ, ვამაყობ, რომ ჩემმა ახალგაზრდა შეგირდებმა დაამტკიცეს არა, მხოლოდ თავიანთი ნიჭი, არამედ ისიც, რომ თავდადებული მებრძოლები არიან. პენალტებში მოგება ყოველთვის ლატარიაა, თუმცა ჩვენ იქამდეც კარგად ვთამაშობდით და სწორედ რომ ჩვენს სტილში.

სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ შენს მოთამაშეებს შეუძლიათ მოგება მაშინაც კი, როცა ასეთი დაღლილები არიან. ამის მერე მათ ეცოდინებათ, რომ თუკი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, ჯილდოს გარეშე არასოდეს დარჩება.

ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო. სასიამოვნოა, რომ გულშემატკივარმა ბენდტნერი ამხელა პაუზის შემდეგ ასე თბილად მიიღო. ვფიქრობ, დიდი ხნის უთამაშებლობის კვალობაზე დანიელმა კარგად ითამაშა. მთავარია, ნიკლასმა ფიზიკური კონდიციები აღიდგინოს, მისი ტალანტი კი არსად გაიქცეოდა. ინგლისში ეს ყველამ კარგად იცის. პრემიერლიგაში წარმატებით სათამაშოდ მას ყველაფერი აქვს".

ინგლისის ლიგის თასი. III ეტაპი
იუნაიტედი-ლივერპული 1:0
გოლი: 1:0 ერნანდესი (46)
იუნაიტედი: დე ხეა, რაფაელი, სმოლინგი, ევანსი, ბიუტნერი, ჯონსი, გიგზი, ნანი (90. უელბეკი), რუნი, კაგავა (73. იანუზაი), ერნანდესი (74. კერიკი)
ლივერპული: მინიოლე, კ. ტურე, შკრტელი, სახო, ენრიკე, ჰენდერსონი, ჯერარდი, ლ. ლეივა (67. კელი), მოზესი (82. სტერლინგი), სტარიჯი, სუარესი

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 1:1 პენ: 3:4
გოლები: 0:1 აისფელდი (61), 1:1 ბერაინო (71)
პენ: 1:0 რიდი, 1:1 ბენდტნერი, 2:1 როსენბერგი, 2:1 ნიაბრი (მეკარე), 3:1 მორისონი, 3:2 ოლსონი, 3:2 დოუსონი (ააცილა), 3:3 აკპომი, 3:3 ამალფიტანო (მეკარე), 3:4 მონრეალი
ვესტ ბრომვიჩი: დენიელსი, რიდი, ლუგანო, დოუსონი, პოპოვი, სესინიონი, მულუმბუ (91. მორისონი), დორანსი, სინკლერი, ბერაინო (101. ამალფიტანო), ლონგი (91. როსენბერგი)
არსენალი: ფაბიანსკი, ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმალენი, მონრეალი, მიაიჩი, ჰაიდენი (84, ოლსონი), არტეტა (95. ბელერინი), ნიაბრი, აისფელდი (82. აკპომი), ბენდტნერი

ბირმინგემი-სუონსი 3:1
გოლები: 1:0 ბერნი (57), 2:0 გრინი (61), 3:0 ადეიემი (81), 3:1 ბონი (90)
სუონსი: ტრემელი, ტიენდალი, ამატი, მონკი, ტეილორი, ლამა (82. რუტლეჯი), დე გუზმანი (64. ვასკესი), ბრიტონი, პოსუელო, შელვი (73. კანიასი), ბონი

ნიუკასლი-ლიდსი 2:0
გოლები: 1:0 სისე (31), 2:0 გუფრანი (67)
ნიუკასლი: კრული, დებუში, უილიამსონი, კოლოჩინი, დამეტი, გუფრანი, ანიტა (80. გოსლინგი), ტიოტე, მარვო, ს. ამეობი, სისე (71. ობერტანი)

ტრანმერი-სტოკი 0:2
გოლები: 0:1 აირლანდი (23), 0:2 კრაუჩი (90)
სტოკი: სორენსენი, კემერონი, ჰუთი, კემერონი, მუნიესა, უილანი, პალასიოსი, აირლანდი (61. ასაიდი), პენანტი (76. უოლტერსი), კრაუჩი, არნაუტოვიჩი (77. ეთერინგტონი)

მე-4 ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან
სანდერლენდი-საუთჰემპტონი
ლესტერი-ფულჰემი
ბირმინგემი-სტოკი
მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი
ბარნლი-ვესტ ჰემი
არსენალი-ჩელსი
ტოტენჰემი-ჰალი
ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" ინგლისის ლიგის თასიდან გამოაგდო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული