ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური: მანჩესტერი წყვილად აგებს [VIDEO]

AutoSharing Option
დედაქალაქური დერბი "უაით ჰართ ლეინზე" "ჩელსის" უმნიშვნელო უპირატესობით დაიწყო, თუმცა მასპინძელმა მერე ხელი გამოიღო და ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ორჯერ ჰქონდა რეალური შანსი ანგარიშის გასაზრდელად.

სიგურდსონის შედეგიანი დარტყმა "დეზების" ახალწვეულების, ერიკსენისა და სოლდადოს შესანიშნავ გარჯას მოჰყვა. ტერის თავგანწირულ ვარდნას ისლანდიელი ტექნიკურად დაუძვრა და მარცხენა ფეხით ჩეხს დაბალ კუთხეში დაურტყა. ტაიმის შუაწელს მაიკ დინმა სტუმარი დაინდო, თორემ ივანოვიჩისა და პაულინიოს ორთაბრძოლაში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.

სერბმა მეტოქეს მხარზე დაქაჩა და მხოლოდ ამის წყალობით გაჩნდა ბურთთან პირველი. არადა, ბრაზილიელს უმარტივესი მოძრაობით შეეძლო
გატანა. პაულინიოს მეორე შანსიც ჰქონდა, თუმცა მახვილი კუთხიდან ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა "ჩელსი" გამოვიდა. გამოჩნდა ხუან მატაც, ვინც აშკარად გამოაფხიზლა თავისი გუნდი. მან გაიტანა კიდეც, თუმცა თამაშგარედან, მერე კი ტერის საგოლე პასი მისცა. შეიძლება გულშემატკივარს ეუცხოოს ამის წაკითხვა, მაგრამ სტუმართა რიგებში საუკეთესო ფერნანდო ტორესი იყო.

"ელ ნინიოს" გრძელი, ელვისებური რეიდები ბოლოს როდის ვნახეთ, გახსენებაც კი გვიჭირს. მას 2-3 კარგი მომენტი ჰქონდა. მას იან ვერტონგენთან ხშირად უწევდა ბრძოლა. ბელგიელი მომენტებში გამომწვევად იქცეოდა და ერთხელ ტორესი პროვოკაციაზეც წამოაგო, რის გამოც წითელი ბარათი ეკუთვნოდა.

დინმა სტუმართა თავდამსხმელი გააგდო, მაგრამ რიგით სათამაშო ეპიზოდში, მაშინ, როცა დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა.

"შეუძლებელია, ფრე ჩემპიონის ტიტულის ერთ-ერთ მაძიებელთან ცუდ შედეგად ჩათვალო. სეზონის შეჯამებისას გასვლაზე აღებულმა ქულებმა და შინ მოგებულმა თამაშებმა შესაძლოა გადამწყვეტი სიტყვა თქვას ამ ბრძოლაში. არ ვამბობ, რომ დღეს ფრით კმაყოფილი ვარ, თუმცა "ჩელსი" შარშანდელივით 15-20 ქულით რომ არ ჩამორჩება, ნამდვილად ვიცი," - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"სიტის" მუხლები უკანკალებს
"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონატში მესამე გასვლით შეხვედრაში მეორედ დამარცხდა და იმ ერთშიც "სტოკს" მხოლოდ ქულა გამოგლიჯა ხელიდან. თუკი სტუმრად ფეხების კანკალი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, მანუელ პელეგრინის გუნდს მალე მოუწევს ოქროზე ოცნებისთვის თავის დანებება.

"ვილა პარკზე" უცნაური თამაში გაჩაღდა. მასპინძელს მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ჯო ჰარტის კარისკენ არც კი გაუხედავს. შეიძლება ეს იმის ბრალიც იყოს, რომ ბენტეკეს შემდეგ გუნდს ბოლო მომენტში აგბონლაჰორიც გამოაკლდა.

შეტევის ლიდერთა არყოფნის მიუხედავად, "სიტის" სამჯერ დაჩოქება უფრო დასაფასებელი ხდება და პოლ ლამბერტის სამწვრთნელო ნიჭს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ტრავმების გარდა, მასპინძელს ხელი იმანაც შეუშალა, რომ გუზანი დიდი ხნის გამოუძინებელს ჰგავდა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. ამერიკელი მეკარე ორჯერ შეცდა უხეშად და მისი გუნდი ორჯერვე დაისაჯა. მეორე მხრივ, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ვაიმანმა გამარჯვების ბურთი მისივე 60-65-მეტრიანი პასით გაიტანა.

"პრემიერლიგა სხვა ჩემპიონატებისგან იმით განსხვავდება, რომ სუსტი გუნდები დანებებაზე არასოდეს ფიქრობენ. დღეს შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით და ცხადია, ამის გამო უფრო მწყდება გული. მიმაჩნია, რომ თამაშის ხარისხი ისეთივე კარგი იყო, როგორც "იუნაიტედთან". განსხვავება მხოლოდ გოლებშია," - აი, ასე უცნაურად შეაფასა საკუთარი გუნდის ასპარეზობა ჩილელმა სპეციალისტმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"მკვლელი" რემსი
ინტერნეტის მომხმარებელს აარონ რემსიზე გავრცელებული ხუმრობები ეცოდინება. რამდენჯერმე ნამდვილად დაემთხვა, როცა უელსელის გოლს მეორე დღეს ცნობილი პიროვნებების სიკვდილი დაემთხვა, მაგალითად, უსამა ბინ ლადენისა და უიტნი ჰიუსტონის. კიდევ კარგი, დამთხვევები შეწყდა, თორემ რემსის ამ ბოლო ხანს უკვე ძალიან ბევრი გააქვს. თავად განსაჯეთ, "მეთოფეთა" საყრდენი ნახევარმცველი პრემიერლიგის ბომბარდირთა შორის გაერია.

გოლის გარდა, მან სერჟ ნაბრის გაატანინა, მისი გადაცემის შემდეგვე იოზილმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა. ორჯერ შეეძლო გამოჩენა ჟირუსაც, თუმცა ფრანგს ამ დღეს მიზანი არ ჰქონდა გასწორებული.

მეორე ტაიმში სახიფათოდ უტევდნენ "გედებიც". საკუთარ საჯარიმოში უილშირის ცუდი პასი ბონიმ ჩაჭრა და მომენტი შჩესნის განსამუხტი შეიქნა, რის გამოც პოლონელმა თანაგუნდელს სერიოზულად უსაყვედურა.

სტუმრებს არც ამის მერე უფიქრიათ ძალების მობილიზებაზე და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც. ბრედლი დევისმა მერტეზაკერისა და შჩესნის შეუთანხმებლობით ისარგებლა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. სამწუხაროდ, "სუონსის" მეტისთვის დრო აღარ ეყო.

ლოგიკური მარცხი
უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონატში ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია. პირველ ტურში "სუონსისთან" წარმატების შემდეგ "ეშმაკებმა" უკვე სამჯერ წააგეს და ერთიც ფრედ ითამაშეს. დერბიში განადგურების შემდეგ დევიდ მოიესმა შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა, თუმცა იდეალურ სასტარტოს ვერც ამჯერად მიაგნო. სტივ კლარკის გუნდი მეტოქეზე უკეთ იცავდა თავს და როცა შეტევაში მიდიოდა, ბევრად უფრო რეალურ საგოლე მომენტებს ქმნიდა.

მოიესი უკმაყოფილო დარჩა მთლიანი გუნდით, თუმცა ყველაზე მეტი კრიტიკა ისევ დაცვას დაატეხა თავს. ლოგიკურია, რადგან ის, რაც 54-ე წუთზე მორგან ამალფიტანომ გააკეთა, უკვე წლებია, არავის "უკადრია". ფრანგმა შუახაზელმა მოედნის ცენტრთან დაიწყო შეტევა და თავადვე დაასრულა, კერიკი და ფერდინანდი კი მხოლოდ მოწმეებად იახლა.

სამ წუთში რუნიმ საჯარიმო ისე მოაწოდა, რომ ბურთი გზად ყველას ასცდა და ბადეში გაეხვია. გულშემატკივარს იმედი მიეცა, თუმცა მხოლოდ 10 წუთით. საიდო ბერაინომ ეფექტური საჯარიმოთი "იუნაიტედს" წაგება მიუსაჯა.

"ცუდად ვითამაშეთ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. ჩემს ფეხბურთელებს შეტევაში წასვლის სურვილი საერთოდ არ ეტყობოდათ. ამიტომაც არის, რომ მეტოქემ 100%-ით დაიმსახურა გამარჯვება. პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ სულ ტყუილად. ჩვენმა შემტევებმა სტუმარს ვერაფრით აიძულეს, რომ თამაში გაეხსნა," - დაასკვნა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური
ტოტენჰემი-ჩელსი 1:1
გოლები: 1:0 სიგურდსონი (19), 1:1 ტერი (65)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნაუტონი - დემბელე, პაულინიო - ტაუსენდი (63. შადლი), ერიკსენი (70. ჰოლტბი), სიგურდსონი - სოლდადო (77. დეფო)
ჩელსი (4-4-1-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ლუისი, ტერი, ე. კოული - ლამპარდი, მიკელი (46. მატა) - რამირესი, ოსკარი (83. ასპილიკუეტა), აზარი (69. შიურლე) - ტორესი
გაფრთხილება: ტაუსენდი, ერიკსენი, ვერტონგენი, დოუსონი დემბელე - ტორესი, ივანოვიჩი
გაძევება: ტორესი (81)
კარში დარტყმა: 16-16 (4-5) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 2-10 ჯარიმა: 16-14 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 35 857

ასტონ ვილა-სიტი 3:2
გოლები: 0:1 ი. ტურე (45), 1:1 ელ აჰმადი (51), 1:2 ჯეკო (56), 2:2 ბაკუნა (73), 3:2 ვაიმანი (75)
ასტონ ვილა (3-2-4-1): გუზანი - კლარკი, ვლაარი, ბეიკერი - სილა - ლუნა, დელფი, ელ აჰმადი, ბაკუნა - კოზაკი, ვაიმანი (80. ბოუერი)
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი, კომპანი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ი. ტურე, მილნერი, ნასრი (66. ხ. ნავასი) - ნეგრედო, ჯეკო (74. იოვეტიჩი)
გაფრთხილება: სილა - ნასრი
კარში დარტყმა: 12-28 (4-7) კუთხური: 2-13 თამაშგარე: 0-5 ჯარიმა: 13-9 ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 34 063

ფულჰემი-კარდიფი 1:2
გოლები: 0:1 კოლკერი (2), 1:1 რუისი (45), 1:2 მატჩი (90+2)
ფულჰემი (4-4-2): სტოკდეილი - რიტერი, ჰანგელანდი, ამორებიეტა, რიჩარდსონი - სიდუელი, პარკერი (7. კარაგუნისი), კაჩანიკლიჩი (41. ბ. რუისი), კასამი - ბენტი (86. ტაარაბტი), ბერბატოვი
კარდიფი (4-3-3): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ბ. ტერნერი, ე. ტეილორი - გუნარსონი, კიმი (56. მატჩი), მედელი - ოდემვინგე (81. ბელამი), ფ. კემპბელი (72. მაინარდი), უიტინგჰემი
გაფრთხილება: ბერბატოვი - ტეოფილ-კეტრინი
კარში დარტყმა: 14-27 (5-5) კუთხური: 11-10 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 14-14 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 23 020

ჰალ სიტი-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 ბრეიდი (12-პენ)
ჰალ სიტი (4-4-1-1): მაკგრეგორი - როსენიორი, დიანე-ფაიე, კ. დევისი, ფიგეროა - ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ბრეიდი (80. მეილერი), ელმოჰამადი - ალუკო (89. ბოიდი) - გრემი (71. საგბო)
ვესტ ჰემი (4-4-1-1): იასკელაინენი - ობრაიენი, ტომკინსი, რიდი, რაცი - დიამე (71. დაუნინგი), ნოუბლი, მორისონი, ჯარვისი (71. ვას ტე) - ნოლანი - მაიგა (59. პეტრიჩი)
გაფრთხილება: გრემი - ნოლანი, მორისონი
კარში დარტყმა: 15-24 (4-6) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 24 291

იუნაიტედი-ვესტ ბრომ. 1:2
გოლები: 0:1 ამალფიტანო (54), 1:1 რუნი (57), 1:2 ბერაინიო (67)
იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - ფ. ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი, ბიუტნერი - ანდერსონი (68. ფელაინი), კერიკი, კაგავა (46. იანუზაი), ნანი - რუნი - ერნანდესი (58. ვან პერსი)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ბ. ჯონსი, ოლსონი, მაკაული, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი - ამალფიტანო, სესინიონი (90. როსენბერგი), სინკლერი (13. ბერაინიო) - ანიჩებე (88. ლუგანო)
გაფრთხილება: კერიკი, ფ. ჯონსი, ბიუტნერი - მულუმბუ, ამალფიტანო
კარში დარტყმა: 20-16 (6-4) კუთხური: 5-8 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 75 042

საუთჰემპტ-კრისტალ პალ. 2:0
გოლები: 1:0 ოსვალდო (47), 2:0 ლამბერტი (49)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - შნაიდერლინი, ვანიამა - ლალანა (86. გ. რამირესი), ს. დევისი (67. ვორდ-პრაუსი), ოსვალდო - ლამბერტი (77. ჯ. როდრიგესი)
კრისტალ პალასი (4-2-3-1): სპერონი - ვორდი, მარიაპა, გებიდონი, მოქსი - დიკგაჩოი, ჟედინაკი - კებე (77. კ. ფილიპსი), ბენანი (57. ჯერომი), გეილი (58. ტომასი) - შამახი
გაფრთხილება: ს. დევისი - შამახი, მარიაპა
კარში დარტყმა: 16-8 (4-0) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 30 699

სუონსი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 ნაბრი (58), 0:2 რემსი (62), 1:2 ბ. დევისი (82)
სუონსი (4-3-3): ვორმი - ტიენდალი, ჩიკო, ამატი, ბ. დევისი - დე გუზმანი, შელვი (61. ბონი), კანიასი - რუტლეჯი (64. პოსუელო), დაიერი, მიჩუ
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - ფლამინი, რემსი - ნაბრი (78. არტეტა), იოზილი (88. მონრეალი), უილშირი (90+2. ჯენკინსონი) - ჟირუ
გაფრთხილება: დე გუზმანი, ჩიკო, კანიასი - ფლამინი, არტეტა
კარში დარტყმა: 13-14 (3-4) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 6-11 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 20 712

სტოკ სიტი-ნორვიჩი 0:1
გოლი: 0:1 ჰაუსონი (34)
სტოკ სიტი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, პიტერსი - უილსონი, ნზონზი - არნაუტოვიჩი, ადამი (46. აირლანდი), უოლტერსი (46. პენანტი) - კ. ჯონსი (66. კრაუჩი)
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - რ. მარტინი, მ. ტერნერი, რ. ბენეტი, ოლსონი - ჰაუსონი, ტეტი - სნოდგრასი, ფერი, პილკინგტონი (83. უაიტეკერი) - ვან ვოლფსვინკელი (76. ელმანდერი)
გაფრთხილება: უილსონი, პიტერსი - ფერი
კარში დარტყმა: 9-11 (1-3) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 14-12 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 26 184

სანდერლენდი-ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 სტარიჯი (28), 0:2 სუარესი (36), 1:2 ჯაკერინი (52), 1:3 სუარესი (89)
სანდერლენდი (4-5-1): ვესტვუდი - გარდნერი, კუელიარი, ოში, კოლბეკი - კი, კატერმოული (74. ჩელუსტკა), ლარსონი (85. მავრიასი), ჯაკერინი, ა. ჯონსონი - ალტიდორი
ლივერპული (3-4-1-2): მინიოლე - სახო, შკრტელი, კ. ტურე - ჯერარდი, ლ. ლეივა, ჰენდერსონი, ხ. ენრიკე - მოზესი (75. სტერლინგი) - სტარიჯი, სუარესი
გაფრთხილება: ჯაკერინი, კოლბეკი - ლ. ლეივა
კარში დარტყმა: 28-21 (5-6) კუთხური: 10-8 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 9-11 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 41 415
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
30 სექტემბერი
ევერტონი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 5 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული); 4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი) იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), აარონ რემსი (არსენალი) 3 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რობი ბრეიდი (ჰალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), გილფი სიგურდსონი (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი:
მანჩესტერ სიტი-ევერტონი, ჰალი-ასტონ ვილა, ლივერპული-კრისტალ პალასი, კარდიფი-ნიუკასლი, ფულჰემი-სტოკი, სანდერლენდი-მანჩესტერ იუნაიტედი

6 ოქტომბერი:
ნორვიჩი-ჩელსი, საუთჰემპტონი-სუონსი, ვესტ ბრომვიჩი-არსენალი, ტოტენჰემი-ვესტ ჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუელ პელეგრინი: წაგებას არ ვიმსახურებდით [VIDEO]
დევიდ მოიესი: მოედანზე დავლასლასებდით [VIDEO]
ჟოზე მოურინიო: 3 დღის წინ ვერტონგენმა მეტოქეს ტრუსი ჩახადა, ახლა კი ისიმულიანტა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული