ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური: მეტი ემოცია და ნაკლები ლოგიკა

AutoSharing Option
"სიტი"-"ევერტონის" დაპირისპირება VII ტურში ცენტრალური იყო. შეხვედრის მთავარი არბიტრის, ჯონათან მოსის მუშაობამ პრესას საფეხბურთო დეტალებზე არანაკლები საწერი მისცა.

42 წლის სანდერლენდელმა კრიტიკის ნიაღვარი დაიმსახურა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი):
"მატჩის მიმდინარეობისას ბევრი რამით დავრჩი კმაყოფილი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ "ევერტონი" დღეს იოლი მეტოქე არ ყოფილა. ჩემპიონთა ლიგაში წაგების შემდეგ გუნდი, მორალური და ფიზიკური თვალსაზრისით, გადაღლილი იყო და მიხარია, რომ ბიჭებმა მოახერხეს და მტკიცე ხასიათი გამოავლინეს.

ჯო ჰარტზე ცალკე მინდა თქმა. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ზეწოლა ხორციელდება მასზე, ძირითადში მისთვის
ადგილის ჩაბარება რაღაც წილად რისკი იყო. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მას ჩემი, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების ნდობა სჭირდება.

როგორც წესი, მსაჯის მუშაობაზე კომენტარს არ ვაკეთებ ხოლმე. დღესაც ასე მოვიქცევი. მხოლოდ იმას დავძენ, რაშიც დარწმუნებული ვარ: დღეს გამარჯვება არბიტრის წყალობით არ დაგვიმსახურებია. სამი გოლის გარდა, კიდევ გვქონდა რეალური შანსები. ასე რომ, არ მგონია, რომ მოსის შეცდომებს შედეგზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდა".

რობერტო მარტინესი (ევერტონი):
"შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ და დავმარცხდით. გულშემატკივარმა შესანიშნავი სანახაობა იხილა.

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული უხეშობა არ ყოფილა, ფეხბურთელებმა მსაჯისგან რვა ყვითელი ბარათი მიიღეს. ჩემი აზრით, ეს უფრო იმისთვის ხდებოდა, რომ მსაჯს შეხვედრის მსვლელობა ხელიდან არ გაჰქცეოდა.

მოსი უფრო ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებდა, ვიდრე რაციონალურს. რიგ მომენტებში ის თამაშის მიმდინარეობას აფერხებდა. მან მოახერხა და თამაშს დაღი დაასვა".

ტურის ფაქტები
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" უკანასკნელი 9 შეხვედრიდან მხოლოდ მე-2 მოუგო. ამას გარდა, ითამაშა 1 ფრე და 6-ჯერ დამარცხდა.
16 მატჩიდან "ქალაქელებმა" მხოლოდ ერთხელ მოახერხეს კარის მშრალად შენახვა. ეს 2011 წლის სექტემბერში მოხდა, როცა "ეტიჰადზე" 2:0 დასრულდა.
"სიტისთვის" ეს ზედიზედ 54-ე შეხვედრაა შინ, რომელშიც მას მინიმუმ გოლი მაინც გააქვს.

* * *
"კარდიფს" "ნიუკასლთან" ბოლოს შინ 1960/61 წლების სეზონში ჰქონდა ნათამაშები. ის შეხვედრა მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.
სხვადასხვა ტურნირის ჩათვლით, "ნიუკასლმა" მიჯრით მე-7 მატჩი მოიგო. პროფესიულ ლიგაში მეტოქეები ბოლოს 2009/10 წლების სეზონის ჩემპიონშიპში შეხვდნენ.

* * *
"ფულჰემსა" და "სტოკს" შორის ბოლო ორი სეზონის ტრადიცია შენარჩუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასპინძელმა ისევ მოიგო.
მათი დაპირისპირებები, ტრადიციულად, ნაკლებად შედეგიანია. ჩემპიონატსა და თასებზე ბოლო 17 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ სამ გოლზე მეტი გავიდა.

* * *
"ასტონ ვილას" "ვეფხვებთან" ზედიზედ 8 თამაში ჰქონდა მოგებული და თანაც 6-ჯერ მშრალი ანგარიშით. მოგებათა სერია შეწყდა, სამაგიეროდ, ბირმინგემელებმა ისევ არ გაუშვეს. უკანასკნელად ეს 1987 წლის აგვისტოში მოხდა. მაშინ გუნდები ძველ მეორე ლიგაში (დღევანდელი ჩემპიონშიპი) თამაშობდნენ.

* * *
"კრისტალ პალასს" "ლივერპულთან" ბოლო 5-დან 3 თამაში აქვს მოგებული. შაბათის შეხვედრამდე ბოლო მატჩიც სწორედ მათ სასარგებლოდ იყო დასრულებული. ლონდონელებმა მრისხანე მეტოქე მაშინ ასოციაციის თასიდან გამოაგდეს.

"ლივერპულმა" "ენფილდზე" უკანასკნელად "პალასთან" 1991 წლის 2 ნოემბერს 2:0 წააგო.

სტივენ ჯერარდმა პრემიერლიგაში თავისი 99-ე გოლი გაიტანა. "წითლების" ლეგენდარული კაპიტნისთვის ეს ზედიზედ მე-15 სეზონია პრემიერლიგაში (დაწყებული 1999/2000-დან), რომელშიც მას მინიმუმ 1 გოლი აქვს მაინც აქვს გატანილი.

* * *
1997 წლიდან მოყოლებული, "სანდერლენდს" შინ "იუნაიტედთან" ერთხელაც არ მოუგია. მაშინ მასპინძლებმა 2:1 იძალეს.

1997 წლის დაპირისპირება პრემიერლიგაში ჩატარებული 24-დან დღემდე ერთადერთია, რომელშიც "შავი კატები" "წითელ ეშმაკებზე" ძლიერები აღმოჩნდნენ.

"იუნაიტედმა" "სტედიუმ ოფ ლაითსზე" ზედიზედ მესამედ იმარჯვა ერთი ბურთის სხვაობით.

ადნან იანუზაი მე-2 ფეხბურთელი გახდა "იუნაიტედის" ისტორიაში, ვინც სასტარტოში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ანალოგიური რამ რუუდ ვან ნისტელროიმ გააკეთა.

* * *
"ნორვიჩი" უკვე 10 თამაშია ვერ ახერხებს "ჩელსის" ძლევას. აქ შედის არამხოლოდ პრემიერლიგის თამაშები. "იადონებმა" ეს ბოლოს 1994 წლის დეკემბერში მოახერხეს (3:0).

* * *
მეტოქეები ერთმანეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში მეხუთედ შეხვდნენ და აქედან 3-ჯერ ფრედ ითამაშეს (მათ შორის, ორჯერ გასულ სეზონში), თითოჯერ კი გამარჯვება იზეიმეს.

"გედებმა" გასვლით შეხვედრაში "წმინდანების" ძლევა უკანასკნელად 1953 წლის მარტში შეძლეს.

პრემიერლიგის 7 ტურში "საუთჰემპტონს" 2 გოლი აქვს გაშვებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში. არტურ ბორუცმა კი უკვე 5-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

* * *
"დეზებს" VII ტურამდე 2002/03-ის სეზონის შემდეგ საუკეთესო სტარტი ჰქონდათ პრემიერლიგაში.

მასპინძელმა ბოლო 26-დან მხოლოდ მე-3 თამაში დათმო თანაქალაქელთან. ბოლოს ეს 14 წლის წინ მოხდა.

"უაით ჰართ ლეინზე" გამართული 17 მატჩიდან კი „ჩაქუჩებმა" მხოლოდ მე-2 მოიგეს, წააგეს 11-ჯერ და 4-ჯერ ფრედ ითამაშეს.

* * *
"არსენალს" "ჰაუტორნსზე" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 7-დან "მეთოფეებმა" 4-ჯერ მოიგეს და 3-ჯერ ფრედ ითამაშეს. იგულისხმება თასის მატჩებიც.

ეს გუნდები ერთმანეთს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ შეხვდნენ. ლიგის თასზე მატჩი ანალოგიური ანგარიშით დასრულდა, თუმცა შემდეგ "არსენალმა" პენალტების სერიაში იძალა.

VII ტურის სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით
არტურ ბორუცი (საუთჰემპტონი)
საშა რიტერი (ფულჰემი), მამადუ სახო (ლივერპული), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), კირან კლარკი (ასტონ ვილა)
ადნან იანუზაი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაველ მორისონი (ვესტ ჰემი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), კლაუდიო იაკობი (ვესტ ბრომვიჩი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი)
ლოიკ რემი (ნიუკასლი)

სტატისტიკა VII ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები:
6 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
5 - ლოიკ რემი (ნიუკასლი)
4 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), იაია ტურე, სერხიო აგუერო (ორივე - მანჩესტერ სიტი), აარონ რემსი, ოლივიე ჟირუ (ორივე - არსენალი)

საუკეთესო მეპასეები:
3 - მესუთ იოზილი (არსენალი)
2-2 პასი აქვს კიდევ 18 ფეხბურთელს.

გოლი+პასი
8 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 6+2
6 - ლოიკ რემი (ნიუკასლი) - 5+1, აარონ რემსი (არსენალი) - 4+2, ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 4+2
5 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) - 4+1, სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 4+1, იაია ტურე (მანჩესტერ სიტი) - 4+1, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 3+2, ალვარო ნეგრედო (მანჩესტერ სიტი) - 3+2

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები:
5 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი)
4 - ლუკას ლეივა (ლივერპული), ლორან კოშელნი, მატიო ფლამინი (ორივე არსენალი), ჯონ ოში (სანდერლენდი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური: თინეიჯერი არსაიდან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული