- მხოლოდ ნახევარი საათი რჩებოდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, როცა გარიგება იოზილზე საბოლოოდ დადასტურდა. რატომ ასე გვიან?
- იმიტომ, რომ ტრანსფერის ბედი გარეთ ბეილისა და "რეალის" მიერ დასადებ სხვა გარიგებებზე იყო დამოკიდებული. მაშინ, როცა მადრიდელებს პირველად დავუკავშირდით, ეს საკითხი ჯერაც ჰაერში იყო გამოკიდებული.
"სამეფო კლუბი" კარლო
- "არსენალმა" ორჯერ და მეტად გადააჭარბა საკუთარ სატრანსფერო რეკორდს. ალბათ, განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებდით, როცა სოლიდურ თანხას იხდიდით.
- რა თქმა უნდა, ამხელა ფულის გადახდა ერთ ფეხბურთელში საპასუხისმგებლო ნაბიჯია. მეორე მხრივ, განსაკუთრებულ ზეწოლასაც ვერ ვგრძნობდი, რადგან ჩვენ გვქონდა ამის რესურსი. აი, რამდენიმე წლის წინ კი ამას ვერ შევწვდებოდით, რადგან უბრალოდ, არ გაგვაჩნდა საშუალება.
იმ დროს, როცა ახალ სტადიონს ვაშენებდით, ტრანსფერებს განსაკუთრებულად ვეკიდებოდით, რათა არ გავკოტრებულიყავით. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა და თუკი ფული გვექნება, მას აუცილებლად დავხარჯავთ.
- ნიშნავს თუ არა ეს, რომ სატრანსფერო პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს?
- არა, ჩვენი ფილოსოფია არ შეცვლილა. ძველებურად მინდა, რომ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები მყავდეს, მაგრამ საუკეთესოები ადეკვატური და ხელმისაწვდომი ფასიდან გამომდინარე. "არსენალის" საფეხბურთო ფილოსოფია და კულტურა გუნდშივე იბადება. ასე იბადებიან ჩვენში უილშირი, რემსი, გიბსი და სხვები.
- 1-2 ტოპ-ტრანსფერს თუ შეიძლება ველოდეთ ყოველი სეზონის წინ?
- თუკი დაგვჭირდება, დიახ. ფეხბურთელებს მარტო მარკეტინგული მიზნით არ შევიძენთ. უპირველესად, გუნდის ინტერესებიდან გამოვალთ.
- იოზილი - მორიგი გერმანელი კლუბის სისტემაში...
- და ეს დაკავშირებულია მხოლოდ ფეხბურთელის კლასთან. გერმანიაში ნამდვილად ბევრ მაღალი დონის მოთამაშეს ზრდიან. შეხედეთ მათ ნაკრებს, რომელიც 2-3 წლის წინანდელ ესპანეთს ჰგავს. თვალის დახამხამებაში წამოიზარდნენ გიოტცე, დრაქსლერი და კროოსი. ბუნდესგუნდს ყოველ პოზიციაზე 2-3 ძლიერი კანდიდატი ჰყავს.
თუკი გერმანია ყურადღებას იქცევს, მხოლოდ ხარისხის გამო. თანაც, ამ ქვეყნის წარმომადგენლები იოლად ახერხებენ ადაპტაციას. ისინი უფრო ჩრდილოეთ ქვეყნების წარმომადგენლებს მაგონებენ. შესაბამისად, რისკიც ნაკლებია, როცა ფეხბურთელი სამშობლოდან უკვე წასულია, ისე, როგორც ეს იოზილის შემთხვევაში იყო.
- ფეხბურთელის ყიდვა ახლა უფრო რთულია, ვიდრე 10 წლის წინ, არა?
- დიახ, ვერ უარვყოფ.
- იანვრის ფანჯრის გახსნამდე სპეკულაციები უკვე დაიწყო. თქვენ თუ ფიქრობთ ამ თემაზე?
- საფეხბურთო ტრანსფერები ნამდვილად არ არის ის, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ყურება, როგორ თამაშობს გუნდი, თუმცა ესეც ჩემი საქმის ნაწილია და იძულებული ვარ, ხელი მოვკიდო. არ გამოვრიცხავ, ჩვენც გავაქტიურდეთ ბაზარზე. ამასთან, არ მინდა, "არსენალის" მიმართ ყურადღება გავამძაფრო. მოდი, კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე გადავიტანოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მეთოფეთა" აღიარება: არსენ ვენგერი სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელია