ინგლისში განათლების პრობლემაა?

AutoSharing Option
"ბირმინგემ სიტის" ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელი მაიკლ ჯონსონი მიიჩნევს, რომ ინგლისში ფერადკანიან ადამიანებს მწვრთნელობისა და კლუბის ხელმძღვანელობაში მუშაობის საშუალება თავისუფლად არ ეძლევათ, რაც არასწორია.

იამაიკელს მთელი სათამაშო კარიერა იქ აქვს გატარებული, ინგლისურ ფეხბურთს წლებია აკვირდება და ასეთი თეორია ჩამოუყალიბდა - მისი აზრით, "ფეხბურთის მამებს" ფერადკანიანი ადამიანები იმისათვის არაშესაფერისად მიაჩნიათ, რომ გუნდის გაწვრთნა და მართვა მიანდონ, რაც დამამცირებელია. ჯონსონის თქმით, გარკვეულ შეთქმულების თეორიას აქვს ადგილი და ერთგვარი "დაუწერელი კანონების" გამო ფერადკანიანი ადამიანები ავტომატურად იბლოკებიან.

იამაიკელამდე რამდენიმე საათით ადრე ეს საკითხი წინ წამოწია
ფიფას ანტირასისტული მოძრაობის ხელმძღვანელმა ჯეფრი ვებმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფერადკანიანი მწვრთნელებისადმი ინგლისში არასამართლიანი მიდგომაა და ამის გამო ისინი დემორალიზებულნი არიან. ვებმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ამ საკითხზე მუშაობისაკენ მოუწოდა.

ინგლისის ლიგებს პრემიერლიგიდან ქვემოთ რომ ჩავყვეთ და 92 კლუბზე შევჩერდეთ, იცით, რამდენ ფერადკანიან მწვრთნელს ვიპოვით ამ 92 კლუბში? მხოლოდ სამს, რაც მართლაც ცოტაა. ერთი "ნორვიჩის" თავკაცი კრის ჰიუტონია, მეორე - ამჟამად "ბლექპულის" დამრიგებელი პოლ ინსი და მესამე - "ჩარლტონის" მწვრთნელი კრის პოუელი.

"ჩვენ მხოლოდ 3 შავკანიანი მთავარი მწვრთნელი გვყავს, ხოლო თუ კლუბების მმართველობაში მოვძებნით, იქ ფაქტობრივად ვერცერთ შავკანიანს ვერ აღმოაჩენთ. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სავარძლებში მოკალათებულან და მნიშვნელოვანი პოსტები უჭირავთ, განათლება აკლიათ. მათ მიაჩნიათ, რომ ფერადკანიანი ფეხბურთელი შეიძლება იყოს და მინდორზე კარგად გამოგადგეს, მაგრამ ამის იქით არ უნდა გაუშვა.

არ მინდა მაინცდამაინც რასიზმზე ვისაუბრო და ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასეთი მიდგომა. ცხადია, ეს ძალიან ცუდია და არასწორია" -
განაცხადა ჯონსონმა.

თავად იამაიკელის სათამაშო კარიერა "ნოთს ქაუნთიში" დაიწყო და იქვე დაამთავრა, ოღონდ შუალედში "ბირმინგემის", "დერბის" და "შეფილდ უენსდის" ღირსებასაც იცავდა. მთავარ მწვრთნელად მუშაობის ერთადერთი გამოცდილებაც სწორედ "ნოთსში" მიიღო, რომელიც 2009 წელს მას და დეივ კევანს დროებით, მხოლოდ ორი მატჩით ჩააბარეს, წყვილმა არც ერთი შეხვედრა არ წააგო. მეტი შანსი ჯონსონს უმაღლეს დონეზე აღარ მისცემია.

27 ოქტომბერს კი იმავე "ნოთსიდან" კიდევ ერთი ფერადკანიანი სპეციალისტი კრის ივომია დაითხოვეს და ამ ყველაფერმა ერთად, მაიკლ ჯონსონი აალაპარაკა. ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება ინგლისური ფეხბურთის მმართველთაგან მის სიტყვებსა და ფიფას შეგონებებს.

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რასიზმი: ინგლისურ-რუსული ომი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული