ფრენკ ლამპარდის რისკი და ძალის განცდა

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ვესტ ჰემთან" გულშემატკივარს კარგად დავიწყებული "სიახლე" შესთავაზა: პორტუგალიელმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა ჯონ ობი მიკელი, რამაც ფრენკ ლამპარდს შეტევაში თავისუფლად წასვლის საშუალება მისცა.

შედეგი სახეზეა: 35 წლის ვეტერანმა დუბლი შეასრულა. თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელმა დედაქალაქური დერბი და საკუთარი თამაში შეაფასა.

"შეტევაში ჩართვა მართლა ძალიან მსიამოვნებს და ვაფასებ ყოველ შესაძლებლობას, რასაც მოურინიო მთავაზობს. ზოგადად კი, ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც მწვრთნელი მავალებს. "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველების უზარმაზარი არჩევანი აქვს. გუნდის თავკაცს სურს, ყველა ვარიანტი
მოსინჯოს და ყველასგან მაქსიმუმი მიიღოს.

სათამაშო დროით, რაც ამ ეტაპზე მეძლევა, კმაყოფილი ვარ. ვგრძნობ, რომ ფორმაში გახლავართ. ყოველ ჯერზე მიწევს იმის დამტკიცება, რომ მზად ვარ სამომავლო თავგადასავლებისთვისაც. ასაკის მიუხედავად, არ მხიბლავს პერსპექტივა, რომ ოდესმე სათადარიგოთა შორის გადავინაცვლებ. წლებთან ერთად, ვხვდები, რომ აღარ მიწევს ბრძოლაში გაქაფული ჩართვა. სამაგიეროდ, დაგროვილ გამოცდილებას ვიყენებ და გუნდის ინტერესებს საკუთარ პლუსებს ვარგებ.

ჯერჯერობით მიზნისკენ სათანადო ტემპში მივიწევთ. ჩვენი არც ერთი სერიოზული კონკურენტი სრული სვლით არ დაძრულა. გამოკვეთილად კარგად მათ შორის "არსენალი" გამოიყურება, მაგრამ მისი დაწევა ჯერ კიდევ შეგვიძლია. ამგვარი ჩამორჩენა შესაძლოა ადრეც გვქონოდა, მოურინიოს ეპოქაში, მაგრამ მაშინდელ და ახლანდელ პრემიერლიგას ერთმანეთს ვერ შევადარებ. ამჟამად კონკურენცია გუნდებს შორის ბევრად უფრო მძაფრია.

ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. მჯერა, რომ იქამდე, ვიდრე ისე ვთამაშობთ, როგორც ეს "ვესტ ჰემთან" იყო, იქამდე, ვიდრე ასე ვვითარდებით, ყველაფერი კარგად იქნება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯილდო დამსახურებისთვის: ფრენკ ლამპარდის ოქროსფერი კეპი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული