ტიმ შერვუდი დროებით "ტოტენჰემს" გაწვრთნის

AutoSharing Option
ინგლისური მასმედიის ცნობით, "ტოტენჰემიდან" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 2.5 წლით ადრე გათავისუფლებულ ანდრე ვილაშ ბოაშს კლუბი 4.5-მილიონიან კომპენსაციას (5.33 მლნ ევრო) გადაუხდის. პორტუგალიელის დათხოვნის მიზეზები ფეხბურთის გულშემატკივარს მოეხსენება. მიუხედავად სატრანსფერო ბაზარზე დახარჯული კოლოსალური თანხებისა, 36 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდი ვერ აჩვენებდა ღირსეულ თამაშს.

მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი "უაით ჰართ ლეინზე" "ლივერპულთან" 0:5 წაგება გახდა. პრემიერლიგისგან განსხვავებით, "დეზები" წარმატებით ასპარეზობენ ევროპალიგაზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 თამაში მოიგეს. ორშაბათს ჩატარებული წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ 1/16-ფინალში ჩრდილოლონდონელები დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" დაუპირისპირდებიან.

მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ გუნდი დროებით 44 წლის ტიმ შერვუდს ჩააბარა, ვისაც "ტოტენჰემში" 1999/2003 წლებში უთამაშია. ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი აქამდე ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. შერვუდს დაეხმარებიან კრის რემსი და ლეს ფერდინანდი. ახალი თავკაცის მოსვლამდე გუნდში რჩებიან ვილაშ ბოაშის ასისტენტები: შტეფან ფროინდი და ტონი პარკსი.

რაც შეეხება ჟოზე მარია როშას, ლუიშ მარტინშსა და დანიელ სოუზას, მათ ახალი სამსახურის ძებნა მოუწევთ.

დარწმუნებით ძნელია იმის თქმა, თუ ვის დაუკავშირდა "ტოტენჰემი" და ვის შესთავაზა მთავარი მწვრთნელის პოსტი. საგაზეთო ვერსიების გარდა, არსებობს ბუკმეიკერთა მიერ შედგენილი სავარაუდო სიაც, სადაც უმთავრეს ფავორიტებად ფაბიო კაპელო (ფსონი 2.5-ზე მიიღება), მიკაელ ლაუდრუპი (6) და გუუს ჰიდინკი (8.5) მიიჩნევიან.

აქედან ორმა - ლაუდრუპმა და ჰიდინკმა უკვე გამორიცხეს საკუთარი კანდიდატურები. დანიელი, მოგეხსენებათ, "სუონსიშია" დაკავებული, ჰოლანდიელი კი უმუშევარია, თუმცა საკლუბოზე მეტად სანაკრებო ვარიანტების ძიებით არის გართული. ორივე უარი ოფიციალურია, რადგან შესაბამისი განცხადებები აგენტებმა - ბაირამ თუთუმლუმ და კეს ვან ნიუვენჰოიზენმა გაავრცელეს.

"ტოტენჰემს" საკუთარი კანდიდატურა პირადად შესთავაზა ყოფილმა მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა ("უაით ჰართ ლეინზე" 2001/03 წლებში მუშაობდა). 56 წლის სპეციალისტი აქტიურ სამწვრთნელო ასპარეზს 7 წელია ჩამოცილებულია. ასე რომ, არ გვგონია, რომ მისი კანდიდატურის სერიოზულად განხილვა ღირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ-ბოაშმა მუშაობა ამინდის პროგნოზის წამყვანად დაიწყო?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული