სასტარტო ტურის შემდეგ "მეთოფეებს" მხოლოდ ერთი დიდი ჩავარდნა ჰქონდათ, შეხვედრა "ეტიჰადზე", სადაც 6 ბურთი გაუშვეს. სხვა თამაშებში პერ მერტეზაკერისა და ლორან კოშელნის დუეტი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. "ფულჰემთან" დედაქალაქური დერბის მოგებას დაცვამ საფუძველი კი ჩაუყარა, თუმცა კედლების ამოყვანა სანტი კასორლამ ითავა და დუბლი შეასრულა.
აი, როგორ შეაფასა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის თამაში არსენ ვენგერმა. ფრანგი სპეციალისტი
"სანტიმ დღეს ორჯერ გაიტანა, რაც იმის ნიშანია, რომ ის უბრუნდება ჩვეულ სათამაშო ფორმას. მას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ტრავმები. ჯერ იყო და წვივის კუნთი სტკიოდა, შემდეგ კი მარჯვენა ტერფი, თანაც ისე, რომ ბურთს ვერც კი ეხებოდა. თუმცა დეკემბრის შემდეგ ის ნელ-ნელა სულ უფრო უკეთ გრძნობდა თავს. სანტი უნიკალური ფეხბურთელია. ის თანაბრად ხმარობს ორივე ფეხს და ჩვეულებრივ, შეუძლებელიც კია იმის გარჩევა, რომელია მისთვის უფრო მოხერხებული. თუკი საქმეში ორივე კიდურს ერთნაირად იყენებს, შეიძლება იმის თქმა, რომ მის თავს ყველაფერი რიგზეა. სწორედ ეს განცდა გვქონდა დაკარგული დიდი ხნის განმავლობაში.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: დაცვაში სტაბილურად ვითამაშეთ, რამაც ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენა შეჰმატა. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც შინ თუ გარეთ ძალიან ბევრჯერ მოგვიხდა ჩამორჩენის შემდეგ თამაშის გადარჩენაზე ზრუნვა. სტაბილური უკანა ხაზი მთელი გუნდის სიმშვიდის წინაპირობაა", - განაცხადა "არსენალის" თავკაცმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"