დევიდ მოიესი "იუნაიტედის" ფანებში ნდობას კარგავს

AutoSharing Option
2014 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სულ 9 თამაში ჩაატარა სხვადასხვა ტურნირში, აქედან 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 5-ჯერ დამარცხდა. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ გუნდი იანვარში მიყოლებით გამოვარდა ჯერ ასოციაციის თასიდან, შემდეგ ამას ლიგის თასზე მარცხიც მიაყოლა პენალტების სერიაში.

ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ 50 წლის დევიდ მოიესის რეიტინგი ისეთი დაბალია, როგორც არასდროს. გულშემატკივართა რიცხვი, ვინც მოიესისთვის ერთი წლით კიდევ ითხოვს ნდობის გამოცხადებას, 73%-დან 51-მდე დაეცა; 20%-დან 32-მდე გაიზარდა იმ ფანების ჯგუფი, ვინც სეზონის ბოლოს ითხოვს შოტლანდიელის გათავისუფლებას. მიუხედავად
უმძიმესი კრიზისისა, "იუნაიტედის" მხარდამჭერთა მხოლოდ 17% ითხოვს მოიესის დაუყოვნებლივ გაშვებას.

ერთ-ერთი, ვინც მოიესს მხარდაჭერას უცხადებს, "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილია. 38 წლის ვეტერანი აცხადებს, რომ მწვრთნელების უთავბოლო ცვლა კლუბის ტრადიციებს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, ხელმძღვანელობა მოიესს მაქსიმალურად უნდა დაუდგეს გვერდში:

"ჩემთვის "იუნაიტედი" განსაკუთრებული კლუბია თავისი საფეხბურთო ფილოსოფიით. აქ მენეჯერებს ყოველთვის განსაკუთრებულად ენდობოდნენ და მსგავს მიდგომას შედეგი ყოველთვის მოჰქონდა. მოიესი თავაუღებლად შრომობს წარმატებებისთვის. აღარაფერს ვამბობ სერ ალექს ფერგიუსონზე. იქამდე კი ტომი დოჰერტის, დეივ სექსტონსა და რონ ატკინსონს ზურგს მუდამ უმაგრებდა მენეჯმენტი.

დევიდი არანაკლებ იმსახურებს ნდობას, ვიდრე მისი წინამორბედები. "იუნაიტედი" არც "ჩელსია" და არც "რეალი", საიდანაც მწვრთნელებს მაშინაც კი ათავისუფლებდნენ, როცა ისინი მნიშვნელოვან ტიტულებს იგებდნენ. "იუნაიტედი" უნდა განსხვავდებოდეს სხვებისგან და ამავე აზრზე დავრჩები მაშინც კი, თუკი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული