რიგითი რობერტო სოლდადოს გაბრწყინება

AutoSharing Option
"ტოტენჰემს" 28 წლის რობერტო სოლდადოს შეძენა "ვალენსიადან" 27 მილიონი ევრო დაუჯდა. თავდამსხმელს ინგლისთან ადაპტაცია გაუჯანჯლდა. უკვე დაიწერა, რომ ეს "დეზების" მორიგი წარუმატებელი გარიგება იყო. "ჯარისკაცს" შარშან 20 ოქტომბრის შემდეგ გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი.

ტიმ შერვუდმა ფეხბურთელი რამდენჯერმე სათადარიგოთა შორისაც დასვა და ზუსტად ამ დროს... სოლდადომ "კარდიფთან" არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა. საჯარიმოში შეჭრილმა ემანუელ ადებაიორის პასი ერთი შეხებით დაამუშავა, მეორე ფეხით კი დევიდ მარშალს ახლო კუთხეში დაურტყა.

მატჩის შემდგომ ფეხბურთელებმა თანაგუნდელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. თავდასხმაში პარტნიორის გარჯით ყველაზე ბედნიერი
საგოლე გადაცემის ავტორი აღმოჩნდა. აი, რა თქვა ადებაიორმა "სქაი სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში:

"რობერტო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა, დღეს კი მოედანზე ზუსტად ის ფეხბურთელი ვნახეთ, როგორსაც ვიცნობდით. მისი წარმატებით ყველანი ბედნიერები ვართ. აუცილებელია, მომავალშიც ისე ვიმოქმედოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა.

ამდენი წარუმატებლობის შემდეგ შეუძლებელია, საკუთარ ძალებში არ დაეჭვდე. მუდმივად ეკითხები შენს თავს, როდის გადალახავ დანავსულ სერიას. საკუთარ თავში დარწმუნებული ფეხბურთელი კი, დამიჯერეთ, განსხვავებულად აზროვნებს და განსხვავებულად თამაშობს. მიხარია რობერტოს წარმატება, რადგან ის არასოდეს დანებებულა და ყოველთვის ბევრს შრომობდა. თავდადება კი დღეს დაუფასდა. "კარდიფი" გადარჩენისთვის იბრძვის, ჩვენ - ოთხეულში მოსახვედრად. შესაბამისად, რთული თამაში გამოდგა.

90 წუთის განმავლობაში სულ 2-3 რეალური შანსი გვქონდა და აქედან ერთი გამოვიყენეთ, რამაც სასურველი შედეგი მოიტანა. მომდევნო ტურებში უფრო ყურადღებით გვმართებს თამაში. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გულშემატკივარი ანგარიშით იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ მთავარია, რომ ვიბრძოლეთ და სამი ქულა ავიღეთ. ამ ეტაპზე კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული