შეგახსენებთ იმასაც, რომ პარდიუ, რომელიც სათამაშო კარიერისას ნახევარმცველი გახლდათ, 4 წელი თამაშობდა "არწივებში" და 1990 წელს ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ლივერპულთან" "თრილერში" (4:3) გატანილი გადამწყვეტი გოლითაც დაამახსოვრა თავი ქომაგებს. ამ ბურთმა მაშინ "კრისტალ პალასს" "უემბლის" საგზური მოუტანა. იგი ფანებში პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც დიდი ოვაციებით ეგებებიან მას.
"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ "კრისტალ პალასის" ახალი მწვრთნელი ვარ. ყველამ იცის ჩემი აქაური ისტორია,
"ნიუკასლს" რაც შეეხება, ამ გუნდის თავკაცობა ჩემთვის პრივილეგია და პატივი იყო. დიდი მადლობა მაიკ ეშლის, რომელიც რთულ პერიოდში გვერდზე მედგა" - გვეუბნება პარდიუ.
პარდიუმ გუნდი დროებითი მწვრთნელისგან, კიტ მილენისგან გადაიბარა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაშვებულ ნილ უორნოკს ცვლიდა. "არწივები" პრემიერლიგაში გასავარდნ ზონაში არიან და 10 იანვარს "ტოტენჰემთან" საშინაო მატჩი ელოდებათ. "დეზებს" პარდიუმ ამ სეზონში უკვე მოუგო "ნიუკასლის" თავკაცის რანგში. თავის ყოფილ კლუბს იგი 11 თებერვალს გაეჯიბრება, როდესაც ჯორდები "სელჰარსტ პარკს" ესტუმრებიან.
კარვერი როლში შევიდა
"ნიუკასლ იუნაიტედის" დროებითი მთავარი მწვრთნელი ჯონ კარვერი ამბობს, რომ ამ პოსტზე დიდი ხნით დარჩენა სურს და უნდა, რომ "კაჭკაჭების" სრულფასოვანი თავკაცი გახდეს. დანარჩენი ჯორდების მფლობელზე, მაიკ ეშლიზე იქნება დამოკიდებული. ჩვენთვის კი სასიხარულოა ის, რომ კანდიდატთა შორის სახელდება საქართველოს ნაკრების ექსდამრიგებელი და "ნიუკასლის" ყოფილი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია. თავიანთი კანდიდატურები უკვე გამორიცხეს "დერბის" მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა და "ჰალის" მესაჭემ, სტივ ბრიუსმა. რაც შეეხება 49 წლის კარვერს, იგი ადრე "სენტ ჯეიმს პარკზე" ბობი რობსონის ასისტენტად მუშაობდა.
"მზად ვარ, სცენაზე გამოვიდე და ჩემს კანდიდატურას სერიოზულად ვაყენებ. ამაზე ფეხბურთელებს უკვე ვისაუბრე და გასაჯაროებას ვერიდებოდი, მაგრამ აი, ახლა ვამბობ: მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა ძალიან მინდა" - თქვა კარვერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"