ჩელსი VS ტოტენჰემი - დერბი სეზონის პირველი ტიტულისთვის

AutoSharing Option
ფოტოზე: "ჩელსის" კარში ალბათ, ტიბო კურტუა ჩადგება
"უემბლიზე" ლონდონის დერბი გველოდება - "ჩელსი"-"ტოტენჰემი". ეს კლუბები ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს 2008 წელსაც შეხვდნენ და მაშინ "ლურჯები" დიდიე დროგბას გოლით იგებდნენ, მაგრამ დიმიტარ ბერბატოვმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო ჯონათან ვუდგეიტმა დამატებით დროში მოუტანა გამარჯვება "დეზებს".

ამის მერე, "ტოტენჰემს" არც ერთი ტიტული არ მოუგია. გავიხსენოთ ისიც, რომ 2008 წლის ფინალი იყო პირველი ლიგის თასის გადამწყვეტი მატჩის "მილენიუმიდან" "უემბლიზე" დაბრუნების მერე.

გუნდებს ყველაზე მეტად ნახევარფინალში გაუჭირდათ - "ტოტენჰემმა" ორმატჩიანი დუელი გაჭირვებით მოუგო "შეფილდ იუნაიტედს", ხოლო
"ჩელსიმ" დამატებით დროში აჯობა "ლივერპულს", რომელსაც ყველაზე მეტჯერ (8-ჯერ) აქვს ეს ტიტული მოგებული.

გამარჯვებების რაოდენობით მეორეზე "ასტონ ვილაა" ლიგის თასზე 5 ტრიუმფით, ხოლო მერე "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "ჩელსი" და "ნოტინგემ ფორესტი" მოდიან 4-4 გამარჯვებით. პლუს ვთქვათ, რომ "დეზები" 3-ჯერ გავიდნენ ფინალში, ხოლო "ლურჯები" 2-ჯერ. ჯერჯერობით, მოქმედი გამარჯვებული "სიტია".

ნემანია მატიჩს დისკვალიფიკაცია სამმატჩიანიდან ორმატჩიანამდე კი შეუმცირეს, მაგრამ ამ მატჩის გამოტოვება მას მაინც უწევს, ისევე, როგორც პრემიერლიგაში "ვესტ ჰემთან" ლონდონური დერბის. სხვა მხრივ, შემადგენლობები საბრძოლოა. "ჩელსი" ბოლო დროს, ცოტა მძიმედ გამოიყურება და "ლურჯებს" იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ ეს შემთხვევითი და დროებითი გახლდათ.

სამაგიეროდ, კარგ ფორმაშია "ტოტენჰემი". პირველ რიგში, ჰარი კეინი უნდა გამოვარჩიოთ, შემდეგ - კრისტიან ერიკსენი. მაურისიო პოჩეტინო შეეცდება თავის ნაყოფიერ მუშაობას ხაზი "დეზებთან" ერთად პირველი ტიტულის მოგებით გაუსვას, რაც "ტოტენჰემს" ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშიც ძალიან წაახალისებდა ფსიქოლოგიურად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული