როი ჰოჯსონს ახალ კონტრაქტს უმზადებენ

AutoSharing Option
როი ჰოჯსონს ინგლისის ნაკრები ძალიან მძიმე დროს ჩააბარეს, როდესაც არ გაამართლა ფაბიო კაპელომ, როდესაც ინგლისელთა ბანაკში სკანდალები იყო და, როდესაც ნაკრებში თაობათა ცვლის მძიმე პერიოდი დაიწყო, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას და არჩევანში სიზუსტეს მოითხოვს.

მართალია, 2014 წლის მუნდიალზე ინგლისი ჯგუფში ჩარჩა (რაც 1958 წლის მერე არ მომხდარა) და ერთი მატჩიც ვერ მოიგო, მაგრამ ჰოჯსონი დატოვეს და ისე ჩანს, რომ არც შემცდარან.

გამოცდილი სპეციალისტი ურთულეს ამოცანას შეეჭიდა, იგი ძველი და მაქსიმალურად გარეკლამებული ფეხბურთელებისგან უკანასკნელ მოჰიკანად დარჩენილი უეინ რუნის გარშემო
აშენებს ახალ გუნდს, აშენებს ძირითადად ახალგაზრდებისგან, რომელთა დიდი ნაწილიც არც ისე დიდი ხნის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ ნაკრების კარს შეაღებდა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, როგორც ჩანს, არც შემცდარა, რადგან ჰოჯსონის ხელში ახალი ფორმაციის ინგლისი ძალიან შთამბეჭდავია და მუნდიალის მერე გამართული შვიდივე მატჩი მოგებული აქვს, თანაც 19 გატანილი გოლით და მხოლოდ ორი მიღებულით.

ჰოჯსონს მოქმედი კონტრაქტი ევრო 2016 წლის ჩათვლით აქვს და ბევრი რამ, ცხადია, იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება საფრანგეთში, მაგრამ ჰოჯსონი უკვე მიგვანიშნებს, რომ სულ ცოტა, 2018 წლის მუნდიალის ჩათვლით სურს დარჩენა და ამასთან დაკავშირებით, განცხადება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, გრეგ დაიკმაც გააკეთა, ახალ შეთანხმებაზე ნამდვილად ვფიქრობთ, მაგრამ მოლაპარაკებებამდე ჯერ ადრეაო.

"როის ბრწყინვალედ ვუგებთ, მასთან პირადად მეც ძალიან კარგი და კომფორტული ურთიერთობა მაქვს, სისტემატურად ვსაუბრობთ ხოლმე. ახალ კონტრაქტზე ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ამას წლის ბოლოსკენ ან მომავალი წლის დასაწყისში გავაკეთებთ, ჯერ არსად გვეჩქარება და დრო საკმარისად გვაქვს", - აღნიშნა დაიკმა.

ჰოჯსონმა კაპელო 2012 წლის მაისში ჩაანაცვლა. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი მეოთხედფინალში დამარცხდა იტალიასთან, პენალტების სერიაში. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, როგორც უკვე გავიხსენეთ, როის ბიჭები ჯგუფში ჩარჩნენ, სადაც ასევე მოახერხეს იტალიელებთან წაგება, რომლებიც ასევე ჩარჩნენ.

ვნახოთ, რას იზამენ ინგლისელები ამჯერად აპენინელების წინააღმდეგ. 31 მარტს ტურინში ამ ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართება.

ვთქვათ ისიც, რომ ჰოჯსონი დენი უელბეკს, რაჰიმ სტერლინგს, ჯეიმს მილნერსა და ლეიტონ ბეინსს ვეღარ დაიხმარებს. მათ მიკროტრავმები აქვთ და ისინი რომ არ გამიზეზდეს, სიფრთხილეა საჭირო. უელბეკის ტრავმა იმას ნიშნავს, რომ სუფთა თავდამსხმელი ნაკრებს ორი რჩება - რუნი და ჰარი კეინი, ხოლო ბეინსის ნაცვლად, მწვრთნელმა "საუთჰემპტონიდან" რაიან ბერტრანი გამოიძახა, თორემ მარცხენა ფლანგზე მხოლოდ კირან გიბსი დარჩა, არადა, ორი ფლანგელი სჭირდება.

აქვე, როი ჰოჯსონის სტატისტიკას გადავხედოთ და შეგვიძლია ის, 1996 წლიდან მოყოლებული, მისი წინამორბედებისას შევადაროთ.

მწვრთნელი თ მ ფ წ
როი ჰოჯსონი 38 22 11 5
ფაბიო კაპელო 42 28 8 6
სტივ მაკლარენი 18 9 4 5
სვენ გორან ერიკსონი 67 40 17 10
კევინ კიგანი 18 7 7 4
გლენ ჰოდლი 28 17 6 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული