ჩეხს "ჩელსის" მაისურით 400-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. "სტემფორდ ბრიჯზე" მან 11 სეზონი გაატარა, რომელთაგანაც წინა ყველაზე მძიმე გახლდათ, როდესაც ჟოზე მოურინიომ საბოლოოდ აირჩია ახალგაზრდა ბელგიელი ტიბო კურტუა პირველ ნომრად და ჩეხმა სეზონის უდიდესი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
გამოცდილმა მეკარემ, რომელსაც ბევრი 21-ე საუკუნის გოლკიპერთა საუკეთესო სამეულში
"ლურჯებმაც" კლუბის წინაშე მისი დამსახურებები დააფასეს და გადაწყვიტეს, ხელი არ შეეშალათ თუნდაც უშუალო კონკურენტში გადასვლაში და, როგორც ხედავთ, არც შეუშალეს. ჩეხი იქვე, მეზობლად, "მეთოფეებში" გადაბარგდა.
ახლა არსენ ვენგერმა იფიქროს, რა ქნას... იდეაში ჩეხი "ემირატების" ბინადრებმა ძირითად მეკარედ იყიდეს, რადგან "ჩელსიდან" პეტრი იმიტომ წავიდა, რომ პირველი ნომრის სტატუსი დაკარგა და შესაბამისად, სათადარიგოს რანგში არსად მივიდოდა, მაგრამ რა დააშავა დავიდ ოსპინამ?
კოლუმბიელმა კოპა ამერიკაზეც რამდენიმე ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა. თუმცა ზოგი მას მაინც ალმაცერად უყურებდა და ასეთი მოსაზრებაც გამოითქვა - "არსენალს" ჩემპიონობისთვის სერიოზულად ბრძოლა თუ უნდა, ექსტრაკლასის მეკარე უნდა დაიმატოს, სწორედ ეს აკლიაო...
ახლა ესეც აღარ აკლია. ვოიცეხ შჩესნი კი, ჩვენ გარდა, ცხადია, აღარავის ახსოვს. პოლონელი შესაძლოა, წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდეს.
არადა, ჩეხს კარიერის "ჩელსიში" დასრულება სურდა, მაგრამ...
"ცხოვრება ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც შენ ფიქრობ და გეგმები ხშირად ირევა. წინა ზაფხულს რაღაც შეიცვალა და მივხვდი, რომ პირველი ნომერი აღარ ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ შესაბამისი დრო არ იყო და ჯერ არ უნდა წავსულიყავი. გასულ სეზონში ჩემი სიტუაცია არ გამოსწორდა და მას მერე, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არც იმ ასაკში ვარ და არც არანაირი სურვილი მაქვს, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე, წასვლა გადავწყვიტე. ახალი გამოწვევების დროა" - განაცხადა ჩეხმა.
არსენ ვენგერი: "პეტრ ჩეხი ის ფეხბურთელია, რომლითაც დიდი ხანია, აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან გადმოსვლა გადაწყვიტა".
შეგახსენებთ, რომ პლზენში დაბადებულმა ჩეხმა ფეხი "ვიქტორია პლზენში" აიდგა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე პირველად "ჩმელ ბიშანიში" ითამაშა, რასაც პრაღის "სპარტა" მოჰყვა, საიდანაც იგი ფრანგულმა "რენმა" წაიყვანა და სწორედ ბრეტანული გუნდიდან იყიდა იგი "ჩელსიმ" 2004 წელს. საინტერესოა, რომ მაშინ ეს ტრანსფერი "ლურჯებს" 7 მილიონი გირვანქა დაუჯდათ, ახლა კი ჩეხი უფრო ძვირადაც გაყიდეს და პლუს, ის დაუვიწყარი სარგებელიც რჩება, რომელიც პეტრმა კლუბს ამ წლების განმავლობაში მოუტანა. მან გუნდთან ერთად 13 ტიტული მოიგო, აქედან 1 ჩემპიონთა ლიგა და 4 პრემიერლიგა.
ასევე, დაამყარა საკლუბო რეკორდი კარის მშრალად შენახვის მხრივ. ეს მან მთლიანობაში 228-ჯერ გააკეთა, ხოლო წინა რეკორდი 208 გახლდათ, რომელიც პიტერ ბონეტს ეკუთვნოდა, ვისაც ამ მიღწევისთვის 19 წელი დასჭირდა.
პრემიერლიგის ბოლო სამი სეზონის მონაცემებს თუ ავიღებთ, დარტყმების რაოდენობას "სეივებისას" შევადარებთ და საშუალო პროცენტულ მაჩვენებელს გამოვიყვანთ - 78%-ს მივიღებთ, რაც ყველაზე მაღალი, საუკეთესო შედეგია.
"Wow, რა შევსებაა. პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დავიმატეთ" - დაწერა გახარებულმა აარონ რემზიმ.
ჩვენ კი ვთქვით, შჩესნიმ შესაძლოა, წასვლაზე იფიქროსო, მაგრამ პოლონელი ამ ტრანსფერს ასე გამოეხმაურა: "მიხარია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარისაგან სწავლის საშუალება მომეცემა".
სოციალურ ქსელში ამ ამბავს თეო უოლკოტიც გამოეხმაურა და სიამაყით გაიხსენა, რომ "არსენალის" მხრიდან პირველი გოლი ჩეხის კარში სწორედ მან გაიტანა, რაც 2007 წელს ლიგის თასის ფინალში მოხდა. მის სტატუსს თავად პეტრი ხუმრობით ასე გამოეხმაურა: "მიხარია, რომ ეს აღარ განმეორდება".
ჩეხი "არსენალის" პირველი შენაძენია ამ ზაფხულს და იგი ყოფილ კლუბს, "ჩელსის" შესაძლოა, უკვე 2 აგვისტოს დაუპირისპირდეს, როდესაც ეს კლუბები მორიგ დედაქალაქურ დერბის შემოგვთავაზებენ და "ქომიუნითი შილდის", ანუ ინგლისის სუპერთასის ფინალში შეებმებიან ერთმანეთს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"