თუმცა ასეთ კარგ თამაშს, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ლესტერშირელები ფლანგებიდან თუ ცენტრიდან თავბრუდამხვევი შეტევებით "სანდერლენდის" ფეხბურთელებს შოკში აგდებდნენ და ისინი ისე გააბრუეს, რომ 25-ე წუთისთვის მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
"მელიებისა" და რანიერის ასეთი კარგი თამაშის ერთ-ერთი მიზეზი ლესტერში დაარსებული ინგლისური როკ-ბენდის, "კასაბიანის" ჰანგები ყოფილა.
რანიერის ბიჭებს მატჩამდე სიმღერა "Fire" ჩაესმოდათ და მისტერ კლაუდიომაც, რომელმაც როკის დიდ მოყვარულ-მცოდნედ გამოიდო თავი, ეს სიმღერა სამოტივაციოდ გამოიყენა და ბიჭებს მინდორზე
შეგახსენებთ იმასაც, რომ ის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელია და პრემიერლიგას დაახლოებით 10-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.
- კლაუდიო, "ლესტერში" თქვენი სამწვრთნელო კარიერა დაუჯერებლად კარგად დაიწყო...
- დიახ, ძალიან შთამბეჭდავად და კარგად. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ჩინებულად ითამაშეს და ვულოცავ მათ. პირველი მატჩი და სეზონის მოგებით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თანაც, საკუთარ კედლებში. ფანებმა ფანტასტიკური ატმოსფერო შექმნეს და ბრწყინვალედ გვქომაგობდნენ. მე ვუთხარი ჩემს მოთამაშეებს: "თქვენ მინდორზე "კასაბიანის" სიმღერის ფონზე გადიხართ, თქვენ ნამდვილი მებრძოლები ხართ და ფანებისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა გააკეთოთ, ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ".
- თავად თქვენ "კასაბიანის" ფანი ხართ?
- ფანი არა ვარ, მაგრამ ვიცნობ ამ ჯგუფს, ეს კარგი როკია. მე მიყვარს როკი (იცინის).
- შესვენებამდე ანგარიში უკვე 3:0 იყო, მაგრამ შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდი ყოფილიყო...
- დიახ, ნამდვილად ასეა, მართლაც შთამბეჭდავად ვითამაშეთ და მეტოქე თითქმის უშანსოდ დავტოვეთ, ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცით. ბიჭებმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს.
- ზაფხულის შენაძენებიდან მხოლოდ ერთი ახალი სახე - შინჯი ოკაზაკი იყო ძირითად შემადგენლობაში. რას იტყვით მის თამაშზე?
- ოკაზაკიმ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ არ მინდა მხოლოდ ის გამოვარჩიო, რადგან მთელი გუნდი ძალიან კარგად გაისარჯა. სწორედ ეს მინდა მეც - გუნდურად ვიმოქმედოთ და არა ინდივიდუალურად.
- ოდნავ ხომ არ ანერვიულდით, როდესაც მეორე ტაიმში "სანდერლენდმა" შედარებით მოუმატა და გატანაც შეძლო?
- არა, მშვიდად ვიყავი, რადგან ვხედავდი, რომ ჩემი ფეხბურთელები კონცენტრირებულნი იყვნენ.
გოლის გაშვება არავის უყვარს, მაგრამ პატარა შეცდომები დავუშვით და დავისაჯეთ. მეტოქემ გონივრულად იპოვა გამოსავალი და სუსტი წერტილი აღმოაჩინა ჩვენი დაცვის ხაზში, მაგრამ ამასაც გავუმკლავდით.
- ინგლისის პრემიერლიგას ათწლიანი პაუზის შემდეგ, სამი ქულით დაუბრუნდით. როგორი შეგრძნებაა?
- ძალიან კარგი. მე ჩემი პირველი მატჩიც მახსოვს, "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ, საბოლოოდ კი შეხვედრა 3:3 დასრულდა. "ლესტერის" მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველი შეხვედრაც სასიამოვნოდ და სამუდამოდ დამამახსოვრდება.
- ანუ, როდესაც რანიერი იწყებს, ბევრი გოლი გადის...
- დიახ, თუმცა გვესმის, რომ ყველა მატჩის ასე ჩატარება ძალიან რთულია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მომხდარი დავივიწყოთ და ვიმუშაოთ იმის გამოსწორებაზე, რაც არც ისე კარგად გამოგვივიდა.
- ისე შთამბეჭდავად დაიწყეთ, რომ ფანები "ლესტერის" ჩემპიონობაზეც კი მღეროდნენ...
- არა, არა (იცინის), ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ რეალურად, რთული სეზონი გველოდება.
დაბრუნების შემდეგ ეს "ლესტერის" მეორე სეზონია პრემიერლიგაში. მეორე წელი ყოველთვის უფრო რთულია. პირველში სხვაგვარი ემოციით, შემართებით თამაშობ და რაღაცის დამტკიცებას ცდილობ, მერე კი უფრო დამშვიდებული ხარ.
ამიტომაც სულ ვუმეორებ ხოლმე ჩემს ფეხბურთელებს, რომ ისეთი შემართება და თამაში მჭირდება, როგორიც წინა სეზონის ბოლო 8-9 მატჩში იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"