კევინ დე ბრუინი - ბიჭი, რომელიც ჟოზე მოურინიომ დაკარგა

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "მანჩესტერ სიტიმ" ხმაურიანი ბოლო აკორდი აიღო და შემადგენლობა სერიოზულად გააძლიერა.

რაჰიმ სტერლინგში გადახდილი 49 მილიონი გირვანქით დაწყებული საქმე "ქალაქელებმა" ფაბიან დელფისა და ნიკოლას ოტამენდის მიყვანით გააგრძელეს და კევინ დე ბრუინის 55 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ შეძენით დაამთავრეს.

თანაქალაქელმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანხელ დი მარიაში 59,7 მილიონი გირვანქა გადაიხადა და ამის შემდეგ ეს უძვირფასესი შენაძენია, რომელიც ბრიტანულ გუნდს განუხორციელებია. თუმცა "სიტის" ბანაკში დიდი იმედი აქვთ იმისა, რომ დი მარიასგან განსხვავებით, დე ბრუინის ტრანსფერი წარმატებული იქნება.

წესითა და რიგით, ბელგიელმა
მანჩესტერელები მართლაც ძალიან უნდა გააძლიეროს და "ჩელსისგან" განსხვავებით, აქ მაინც შეძლოს ათამაშება.

"დე ბრუინი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს შემადგენლობას ნამდვილად გააძლიერებს. ჩვენ გვიყვარს შეტევა, სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და ლამაზად თამაში. შესაბამისად, კევინის მსგავსი მოთამაშის მოსვლა ძალიან სასიხარულოა.

მას აქვს შესაბამისი მენტალური, ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური თვისებები, რომ გუნდში მალე და მარტივად ჩაეწეროს", - ამბობს მანუელ პელეგრინი.

ოპტიმისტური განწყობა აქვს თავად დე ბრუინსაც:

"მინდა დიდ სიმაღლეებს მივაღწიო, ისეთს, რომელთა მიღწევაც ფეხბურთელებს შეუძლიათ. მთავარი კი ის არის, რომ სეზონის ბოლოს ბედნიერები ვიყოთ იმით, რომ ტიტულები გვექნება მოგებული".

24 წლის დე ბრუინი "სიტიში" მე-17 ნომერი იქნება. მან გუნდთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რატომ დატოვა დე ბრუინმა "სტემფორდ ბრიჯი"?
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ახალგაზრდა კევინის აქტიურობა და ტალანტი "ჩელსის" სკაუტებმა შენიშნეს და 2012 წლის იანვარში "ლურჯებმა" ნორჩი ბელგიელი "გენკისგან" სულ რაღაც 6,7 მილიონ გირვანქად შეიძინეს.

მან "ჩელსის" რიგებში ორი სეზონი გაატარა და ორჯერ იყო განათხოვრებული - იმავე "გენკში" და ბრემენის "ვერდერში".

"ბრემენელ მუსიკოსებში" დე ბრუინი შთამბეჭდავი იყო და ამიტომაც მისი "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნების შემდეგ "ჩელსის" ფანები და ექსპერტებიც ამ ფეხბურთელის ლონდონელთა რიგებში ათამაშებას ელოდნენ, მაგრამ... ჩემპიონთა ლიგაზე ბუქარესტის "სტიაუასთან" შეხვედრისთვის დე ბრუინი განაცხადში ვერ მოხვდა.

ამაზე ჟოზე მოურინიოს ბევრი კითხვა დაუსვეს და გაღიზიანებული პორტუგალიელის პასუხმაც არ დააყოვნა...

"ის განაცხადში არ არის. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ამას მე ვწყვეტ. მხოლოდ 11 მოთამაშე ხვდება ძირითადში და 18 განაცხადში. შემადგენლობაში ყველა ვერ იქნება. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებ, რასაც თამაშისა და ვარჯიშების დროს ვხედავ.

ის არ ავირჩიე, იმიტომ, რომ თასზე "სუინდონთან" მისი თამაში არ მომეწონა, არც ვარჯიშზე მომეწონა", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

მოგვიანებით მოუ იმასაც იტყვის, რომ ძნელია, შეინარჩუნო ფეხბურთელი, რომელიც ყოველდღე შენი კაბინეტის კართან ტირის და გაშვებას ითხოვსო.

მოგვიანებით დე ბრუინს ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას წამოსცდა, რომ "ჩელსიში" თამაშის ხალისი დაკარგული ჰქონდა. ამის მიზეზი კი მოურინიოსთან გართულებული ურთიერთობა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა იყო.

ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმაც კევინს ურჩია, "ჩელსიდან" წადი და ისეთი გუნდი იპოვე, სადაც ძირითადში ადგილი გარანტირებული გექნებაო. ასეთი გუნდი კი "ვოლფსბურგია" და "მგლებში" დე ბრუინი მალე ჩამოყალიბდა ლიდერად.

გავა ხანი და მოურინიოს კრიტიკა დაიწყება - ამ ბიჭის ნიჭი როგორ არ დააფასა და მისი პოტენციალი როგორ ვერ დაინახა; "ჩელსის" იგი არ უნდა დაეკარგა, თანაც, ძალიან მცირე თანხადო. აქ მოურინიო უკვე სხვაგვარად აჭიკჭიკდება...

"მე მისი წასვლა არასდროს მინდოდა. უბრალოდ, კევინმა მითხრა, რომ ის არ იყო პიროვნება, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლებდა.

ზოგს თამაშის გარანტია სჭირდება იმისთვის, რომ მშვიდად იყოს და პოტენციალი გამოავლინოს. ხელი არ შემიშლია, მაგრამ დე ბრუინის გაყიდვა არასდროს მდომებია", - თქვა ჟოზემ.

ჩვენ კი დაველოდოთ და ვნახოთ, ექნება თუ არა დე ბრუინს გარანტირებული ადგილი "სიტიში", სადაც კონკურენცია დიდია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამხელა ფული "ქალაქელებმა" ბელგიელში იმიტომ გადაიხადეს, რომ მას ძირითადის მოთამაშედ მოიაზრებენ.

სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებს კევინი ახალი კლუბის სქემაში "ჩაჯდომას".

როგორ გაასამმაგა დე ბრუინმა თავისი ფასი
დე ბრუინმა "ჩელსი" 2014 წლის იანვარში დატოვა. "ვოლფსბურგს" მისი შეძენა 16,7 მილიონი გირვანქა დაუჯდა. "მგლებს", ალბათ, "ჩელსისთან" აწყობილი კარგი, მეგობრული ურთიერთობაც დაეხმარათ იმაში, რომ ეს ტრანსფერი ასეთ მისაღებ ფასში გაეჩარხათ.

"ჩელსიში" კევინს სულ 6 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, არც ერთი გოლი, მხოლოდ 1 საგოლე პასი და 7 შექმნილი შანსი.

"ვოლფსბურგში" კი 73 თამაში ჩაატარა, 20 ბურთი შეაგდო, 35(!) თანაგუნდელებს გაატანინა და 254 საგოლე შანსი შექმნა. აი, ასე გარდაისახა ფეხბურთელი, რომელიც "მგლებს" მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და თასიც მოაგებინა.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბელგიელს წინა სეზონში წამყვან 5 ევროპულ საკლუბო ჩემპიონატს შორის შექმნილი მომენტების რაოდენობით აჯობა, დიმიტრი პაიეა.

რამდენად ჩაეწერება დე ბრუინი "სიტის" სისტემაში?
კევინი უნივერსალია და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ყველაზე კომფორტულად თავს მარჯვენა შემტევის ამპლუაში გრძნობს, რომელსაც მწვრთნელისგან სრული თავისუფლება აქვს მიღებული და სურვილისამებრ, ცენტრისკენ ხშირად შედის.

ეს ნიშნავს, რომ "ქალაქელების" ვარსკვლავურ შემადგენლობაში ხესუს ნავასის პოზიციები შიერყევა, არადა, ესპანელი ახალ სეზონს ძალიან ენერგიულად და პროდუქტიულად იწყებს.

ძირითადში ადგილისთვის იბრძვის სამირ ნასრიც...

გარდა ამისა, დე ბრუინი კლასიკური "ვინგერი" არ არის და მისი მინდორზე ყოფნა ოდნავ მოასუსტებს ფლანგის შეტევებს, რასაც "სიტი" ამ წუთას ასე აქტიურად იყენებს და აშკარა სარგებელსაც ნახულობს. თუმცა აქაც არის ერთი მომენტი - ბაქარი სანია უფრო უნდა გააქტიურდეს და შეტევებში ხშირად ჩაერთოს.

ბრიტანული კლუბების უძვირფასესი შენაძენები
ფეხბურთელი წელი ფასი საიდან სად
ანხელ დი მარია 2014 59,7 მლნ ფ. რეალი მანჩესტერი
კევინ დე ბრუინი 2015 55 ვოლფსბურგი სიტი
ფერნანდო ტორესი 2011 50 ლივერპული ჩელსი
რაჰიმ სტერლინგი 2015 49 ლივერპული სიტი
მესუთ იოზილი 2013 42,4 რეალი არსენალი

შექმნილი შანსების სტატისტიკა 2014/15 წლების სეზონში ევროპის 5 წამყვან საკლუბო ჩემპიონატში
135 დიმიტრი პაიე მარსელი
112 კევინ დე ბრუინი ვოლფსბურგი
101 ედენ აზარი ჩელსი
96 ნოლიტო სელტა
95 სესკ ფაბრეგასი ჩელსი
95 ლიონელ მესი ბარსელონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული