დიდი სემის ფიქრები: ვინ არ მოსწონს ელარდაისს ინგლისში

AutoSharing Option
სემ ელარდაისს დიდი ხანი უფეხბურთოდ რა გააჩერებდა და მას მერე, რაც გასაჭირში მყოფი "სანდერლენდის" წინადადება მიიღო, ორმაგად ყურადღების ცენტრშია.

60 წლის სპეციალისტმა "შავ კატებთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ამაზე მეტად ახლა მის ავტობიოგრაფიულ წიგნზე (სახელად "დიდი სემი") საუბრობენ, რომლიდანაც საინტერესო ამონარიდები საფეხბურთო სამყარომ უცბადვე აითვისა.

დიდი სემი და ვენგერი
განსაკუთრებელი ინტერესი თავის კოლეგებზე გაკეთებულმა მისმა კომენტარებმა გამოიწვია.

მაგალითად, არსენ ვენგერი მას ტკბილ, სასიამოვნო, უმანკო და არაკონფლიქტურ ადამიანად სულაც არ მიაჩნია. ყურადღებას მის ამპარტავნებაზე ამახვილებს და ი
მასაც იხსენებს, ერთხელ როგორ არ ჩამოართვა მას ხელი ფრანგმა, რაც მას ცოტა ხნის წინათ ჟოზე მოურინიოსთან მიმართებაშიც დაბრალდა.

"როდესაც "ბოლტონს" ვწვრთნიდი, ყველაზე მეტად "არსენალის" დამარცხება მიყვარდა, სიამოვნებას ვიღებდი. ლონდონელებს სერიოზულ პრობლემებს ვუქმნიდით ხოლმე.

არსენ ვენგერს ვეზიზღებოდით. ერთხელ "ჰაიბერიზე" ფრე ვითამაშეთ და მან ხელი არ ჩამომართვა. დავინახე, გაბრაზებულმა როგორ მოიგლიჯა ჰალსტუხი და ძირს დააგდო. ვენგერს გულთან ყველაფერი ძალიან ახლოს მიაქვს.

გარდა ამისა, მისგან ამპარტავნება იგრძნობა. ვენგერი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც მატჩის შემდეგ კაბინეტში დასალევად დაგპატიჟებს. რაც უფრო მეტად ვუშლიდი ნერვებს, უფრო და უფრო მომწონდა.

იგი ცდილობდა, პრესის მეშვეობით ემოქმედა მსაჯებზე და ცდილობდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, ჩვენ აგრესორები ვიყავით და მხოლოდ უხეშობით გავდიოდით ფონს. მას, თითქოს, ისეთი წესების შემოღება სურდა, რომ მის მოთამაშეებს მინდორზე ბურთთან ერთად რაც სურდათ, ის უნდა ეკეთებინათ, ხოლო ჩვენ მათი შეჩერება არ გვეცადა.

მსაჯებზე ზეწოლისა და სხვა დანარჩენის ნაცვლად, გამოსავალი სინამდვილეში იმაშია, რომ მეტოქეს სუსტი წერტილები უპოვო და ისინი გამოიყენო. თუმცა, როდესაც "მეთოფეებს" ვამარცხებდით ხოლმე, პრესაში იწერებოდა, რომ "არსენალი" მოსაგებად ყველაფერს აკეთებდა, ხოლო არბიტრები ზედმეტად ლმიბიერნი იყვნენ ჩვენდამი" - იხსენებს ელარდაისი.

დიდი სემი და ბენიტესი
როგორც ჩანს, "დიდ სემს" დიდად გულზე არც რაფაელ ბენიტესი ეხატება, რომელსაც "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას არაფრად უთვლის, მისი წვლილი ამ დიდ გამარჯვებაში საერთოდ არ იყოო. თუმცა ფინალამდე მისვლასაც რომ მოხერხება უნდა, ამაზე ელარდაისს არაფერი უთქვამს.

"რასაკვირველია, მას შეუძლია თქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც მე არ გამიკეთებია. თუმცა რეალურად "ლივერპულის" ტრიუმფთან მას არანაირი შეხება არ აქვს. იმ ფინალში ჯერარდმა გუნდს ხელი ჩასჭიდა და 0:3 მოაბრუნებინა, რომ მერსისაიდელებს შემდეგ პენალტების სერიაში მოეგოთ.

არ ვამტყუნებ ბენიტესს იმაში, რომ იგი თავის დამსახურებებზე საუბრობს და ამ ტრიუმფს ახსენებს, მაგრამ ჩვენ, მწვრთნელებმა სიმართლე ვიცით და ყველაფერს ვხედავთ.

ეს დაახლოებით იმ შემთხვევას ჰგავს, სასოწარკვეთილი განწირულ სიტუაციაში ცვლილებას რომ აკეთებ და უცბად ეს გაამართლებს. ამ შემთხვევაში შექებას იმსახურებ, კარგი ტაქტიკისა და გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ ეს, როგორც წესი, გამართლების გამო ხდება და არა შენი სწორი ცვლილებების. ბენიტესს მე არ ვუყვარდი და თვლიდა, რომ ჩემზე მეტი იყო.

იგი მოდური უცხოელი სპეციალისტი გახლდათ, ჭკვიანური იდეებით, რომელიც ვიღაც მიდლენდელმა ხულიგნებმა დაამარცხეს.

ბენიტესის კომენტარები "ბოლტონის" გასახდელში გავაკარი, მაგრამ კამპომ და ოკოჩამ მითხრეს - არ ღირს, ბებერო, ისედაც მოვუგებთო. ბენიტესი არაფრით არ გამომელაპარაკებოდა. ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს, რომლებიც პატივს არ გცემენ" - ასე გამოლანძღა "დიდმა სემმა" რაფა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული