პრემიერლიგა. XVII ტურის ფაქტები: ლუკაკუ და ნახევარი საუკუნე

AutoSharing Option
* ბრანისლავ ივანოვიჩს თებერვლის მერე გოლი არ გაეტანა.

* "ჩელსიმ" "სანდერლენდთან" იმაზე მეტი (3) გოლი გაიტანა, ვიდრე ჟოზე მოურინიოს ბოლო 5 მატჩის განმავლობაში (2).

* ბოლო 23 გუნდიდან, რომლებიც ინგლისში შობას პირველ ადგილზე შეხვდნენ, მხოლოდ 11 გახდა საბოლოოდ ჩემპიონი. თუმცა უკანასკნელი 6 "შობის ჩემპიონიდან" 5 საბოლოოდაც გამარჯვებული გახდა.

* წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე, ჯეიმი ვარდიმ 6 პენალტი გამოიმუშავა, რაც ყველა სხვა ფეხბურთელზე უკეთესი შედეგია. მან "ევერტონთანაც" მოიპოვა თერთმეტმეტრიანი და საგოლედაც უპასა შინჯი ოკაზაკის. თავად ამჯერად არ გაუტანია, მაგრამ მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელად დასახელდა, ის ყველგან იყო. ვარდის უკვე 15 ტურია, ან თავად გააქვს, ან საგოლე პასს აკეთებს, ან ორივე ერთად.

* რომელუ ლუკაკუმ მიჯრით მე-8 ტურში გამოიჩინა თავი. "ევერტონის" ბოლო ფეხბურთელი, ვინც მსგავსი რამ შეძლო, დეივ ჰიკსონია, რომელმაც ეს 1954 წელს გააკეთა.

* გარეთ ბერიმ თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა "ევერტონის" მაისურით. "კანფეტებამდე" იგი ამ ნიშნულს კიდევ ორ გუნდში ასცდა (ყველა ტურნირის შეხვედრების ჩათვლით) - "სიტისა" და "ასტონ ვილაში".

* ლეიტონ ბეინსმა პრემიერლიგაში 250-ე მატჩი ჩაატარა "ევერტონის" რიგებში. აქამდე მსგავსი რამ ტიმ ჰოვარდმა, ლეონ ოსმანმა და დევიდ ანსუორტმა გააკეთეს.

* ალექს ნილი (34 წლის და 193 დღის) გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც პრემიერლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" მოიგო, კრის კოულმენისა (33 წლის და 137 დღის) და რუუდ გულიტის (34 წლის და 62 დღის) შემდეგ.

* აქამდე ახალაღზევებულ გუნდს "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოს 2001 წელს მოეგო. ეს "ბოლტონმა" შეძლო.

* უეინ რუნიმ "იუნაიტედის" მაისურით თავისი მე-500 თამაში ჩაატარა. რუნიმდე იგივე 9 ფეხბურთელს აქვს გაკეთებული.

* უკანასკნელ 4 შეხვედრაში "ტოტენჰემის" დელე ალიმ 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შემოგვთავაზა.

* "საუთჰემპტონს" უკვე 5 ტურია, არ უმარჯვია. ასეთივე ცუდი სერია კლუბს ზუსტად ერთი წლის წინ, 2014 წლის დეკემბერში ჰქონდა.

* კონორ უიქჰემმა პენალტით გაუტანა "სტოკს" და ეს მისი პირველი გოლი გახლავთ "კრისტალ პალასის" მაისურით. სტოკელებს კი ამ მომენტამდე 542 წუთის განმავლობაში არ ჰქონდათ გაშვებული, როდესაც რაიან შოუკროსი მინდორზე იყო, სერია შეწყდა.

* "პალასს" შეცვლაზე შემოსულმა ლი ჩუნ იონმა მოაგებინა, რომლისთვისაც ეს 2011 წლის აპრილის მერე პრემიერლიგაში პირველი გოლი გახლდათ.

* "ბორნმუთის" მეტოქეებს მიმდინარე ჩემპიონატში 5 წითელი ბარათი უჩვენეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. "ალუბლებმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს, ხოლო ტონი პულისმა პრემიერლიგაში მე-100 მარცხი გაიფორმა.

* ფაბრისიო კოლოჩინიმ 2014 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად შეაგდო.

* "ნიუკასლმა" ყველაზე მეტი (12) ქულა გაანიავა ისეთ შეხვედრებში, რომლებსაც იგებდა.

* სექტემბრის მერე (10 მატჩი) "სუონსიმ" პირველად მოახერხა არგაშვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული