როგორ იქმნებოდა ზღაპარი, სახელად "ლესტერი"

AutoSharing Option
წესით, მარტივად უნდა შევთანხმდეთ - "ლესტერ სიტის" ლიდერობა და ზოგადად, "მელიების" ეს საოცარი სეზონი, სულ მინიმუმ, 21-ე საუკუნეში საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობაა.

კლაუდიო რანიერის გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონი თუ ვერ გახდება, წესით, ჩემპიონთა ლიგის საგზური მაინც არ უნდა გაუშვას ხელიდან და ესეც უდიდესი სიურპრიზი იქნება. ყველაფერი კი უფრო სახალისო და გამაოგნებელი ხდება, თუ კარგად დავაკვირდებით, რა რესურსით აღწევს ამ შედეგს ლესტერშირული გუნდი.

რა ღირს "ლესტერი"
სასტარტო თერთმეტეულის ფასი, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი ბოლო 6 ტურია, იყენებს, ჯამში, სულ რაღაც 22,25 მილიონ გირვანქას
შეადგენს. ანუ "ლივერპულიდან" "სიტიში" 49 მილიონ გირვანქად გადასული რაჰიმ სტერლინგი შუაზე რომ "გავჭრათ", უფრო ძვირფასი გამოვა, ვიდრე "ლესტერის" ძირითადი შემადგენლობაა.

შემოგთავაზებთ სიას, სადაც ჩანს, თუ ვინ საიდან და რამდენად დაიმატა "ლესტერმა" და თუ აქამდე არ იცოდით, გაოცებას მართლაც ვერ დამალავთ. ყველაზე სახალისო ალჟირელი რიად მაჰრეზის ფასია, რომელიც თავის დროზე გუნდმა 400 ათას ფუნტად შეიძინა ფრანგული "ლე ავრიდან" და თუ თავისუფალ აგენტებად მისულ მარკ ოლბრაიტონსა და კრისტიან ფუხსს არ ჩავთვლით, ის ამ კომპანიის ყველაზე იაფი შენაძენია, ამჟამად კი, ალბათ, ყველაზე - ძვირფასი.

ჯეიმი ვარდის ფასიც ღიმილს გვგვრის - 1 მილიონი. ყველაზე ძვირად ღირებული კი რანიერის შესანიშნავი თერთმეტეულიდან შინჯი ოკაზაკი გახლავთ, იაპონელში "მელიებმა" "მაინცს" 7 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. სხვა ტრანსფერებთან შედარებით ზარალია.

"ლესტერის" სასტარტო 11-ეული
ფეხბურთელი საიდან ფასი
კასპერ შმეიხელი ლიდსი 1,25 მლნ. გირვ.
დენი სიმპსონი ქპრ 2,0
უეს მორგანი ნოტინგემი 1,0
რობერტ ჰუტი სტოკი 3,0
კრისტიან ფუხსი შალკე თავ. აგენტი
რიად მაჰრეზი ლე ავრი 400 ათასი
დენი დრინკვოტერი მანჩესტერი 1,0
ნ’გოლო კანტე კაენი 5,6
მარკ ოლბრაიტონი ასტონ ვილა თავ/აგ.
შინჯი ოკაზაკი მაინცი 7,0
ჯეიმი ვარდი ფლიტვუდი 1,0

"არსენალს" სკაუტი აერია?
რასაკვირველია, ასეთი კარგი ფეხბურთელების ასე "მუქთად" ერთად შეყრა, დიდწილად, სკაუტების დამსახურებაა. ალბათ, ისიც იცით, რომ ლონდონის "არსენალმა" "მელიების" ერთ-ერთ სკაუტს, ბენ რიგლსუორტს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა და ეს ადამიანი მომავალი სეზონიდან სწორედ "მეთოფეებში" იმუშავებს და მათთვის მოძებნის ტალანტებს. თუმცა, თუ "ლესტერის" ყოფილ ფეხბურთელს, მუდმივად ხუმრობის ხასიათზე მყოფ ლეგენდარულ გარი ლინეკერს ვენდობით...

"მე ძალიან მომეწონა, თუ როგორ მოსტაცა "არსენალმა" "ლესტერს" შეცდომით სულ სხვა სკაუტი. ნ’გოლო კანტე, რიად მაჰრეზი, კრისტიან ფუხსი, ჯეიმი ვარდი... ეს ფეხბურთელები კლუბში სტივ უოლშმა მიიყვანა და არა ბენ რიგლსუორტმა. ზუსტად ვიცი, როგორ გაგზავნეს სტივი ერთ დღეს სულ სხვა ფეხბურთელზე დასაკვირვებლად და ის უკან მაჰრეზით დაბრუნდა. რიადი და სხვები მან აღმოაჩინა და უოლში "ლესტერის" წარმატების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, მან დიდებული სამუშაო გასწია" - აღნიშნა ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ ენაკვიმატ გარის "მელიების" ბანაკში 216 მატჩი აქვს ჩატარებული და ყველა ტურნირზე 106 გოლი გაიტანა. ასე რომ, "ლესტერის" შიდა სამზარეულოს იგი კარგად იცნობს და მას დაეჯერება. გამოდის, "არსენალს" კომიკური შეცდომა დაუშვია, მაგრამ ალბათ არც რიგლსუორტია ნაკლები პროფესიონალი და მასაც შეუძლია მაგიური ტრანსფერების გაჩარხვა და ტალანტების აღმოჩენა. ლინეკერს ლესტერშირული კლუბი ძალიან კი უყვარს, მაგრამ ამ გუნდმა არსებობა სულ რომ შეწყვიტოს, ამაზე ყაბულსაა, ოღონდ ერთი პირობით...

"ძალიან მიხარია, რომ ზამთარში "ლესტერმა" ყველა წამყვანი მოთამაშის შენარჩუნება შეძლო. არ ვნერვიულობ იმაზე, თუ რა იქნება ზაფხულში. თუ "მელიები" ჩემპიონები გახდებიან, უკვე აღარაფერს არ ექნება მნიშვნელობა. ამის მერე თუნდაც გუნდმა საერთოდ შეწყვიტოს არსებობა! ის, რაც ახლა ხდება, უბრალოდ, ზღაპარია!" - დაამატა ლინეკერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ ინგლისში, ტოტალიზატორების დახმარებით არის “ლესტერი“ პირველ ადგილზე, ერთი ლანჩხუთის “გურია“ გადმოიყვანეს უმაღლეს ლიგაში ტოტალიზატორებმა საბჭიოთა კავშირის დროს, მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც გადაუგეს მსაჯებს, რაღაც მატჩი იყიდეს კიდეც, მაგრამ მთავარი იყო თავდადება და ის, რომ პატარა ლანჩხუთის გუნდი, მსოფლიოს უძლიერესი ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოხვდა, თანაც ორჯერ... სასწაულები ხდება, მაშინ ასეთი, ბათუმშიც მოხდა, როცა “გურიამ“ 78 წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა მოსკოვის “ლოკომოტივს“ და “სოფლის გუნდი“ უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა, ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო და არა ნაკლები... ასე, რომ მე “ლესტერის“ მჯერა და ბოლომდე ვუგულშემატკივრებ...
ბონდო
02:49 23-02-2016
0
რატომაც არა?თუ გული გულობსო....ასეთი სიტუაცია მე პირადათ არაერთი მახსოვს:იტალიაში,ესპანეთში იგივე გერმანიაში,ამდენიხანი შეიძლება ვერ გაექაჩოთ,მაგრამ მაინც.ნაკრებები ავიღოთ;გინდათ ცოტა ისტორიის სიღრმიდან,გინდათ ბოლო მსოფლიოდან,ასე,რომ ფეხბურთი იმითაა დიდებული კიდევ,რომ საკმაოდ არა ორდინალურია.რაც შეეხება ტოტალიზატორის თემას, რა თქმა უნდა ესეცაა,მაგრამ ამდენიხანი ოლიმპზე გუნდი ტოტალიზატორის "შეწევნით"ჩერდებოდეს ეს არამარტო "პრემიერლიგის თავზეც გავიარე"-ს ნიშნავს,არამედ ზოგადათ მსოფლიო ფეხბურთის. P.S.თანაც არ დაგვავიწყდეს ეს ინგლისში ხდება და არა ვთქვათ რუსეთში ან თუნდაც იტალიაში.
sake
18:20 19-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული