"მანჩესტერი": ჟოზე, ალბათ, არა - ისევ ვან გაალი?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ მაურისიო პოჩეტინომ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და თავისი მომავალი უახლოეს წლებში "დეზებს" დაუკავშირა, რითაც "ოლდ ტრაფორდზე" ამ ეტაპზე გადაბარგების შანსი მოსპო, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოსთან შეთანხმების გაფორმებას არ ჩქარობს და უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას სულაც არ უნდა პორტუგალიელთან თანამშრომლობა.

შესაბამისად, "განსაკუთრებულმაც" გადაწყვიტა მიმოიხედოს - ის, რომ მისით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული, არახალია. ასე რომ, ჟოზე მოურინიო შესაძლოა, პარიზელთა ბანაკში გადაბარგდეს. 53 წლის სპეციალისტს სხვა შემოთავაზებებიც აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონი კი აშკარად ჩაგდებულია. საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს,
21 მაისს "კრისტალ პალასის" დამარცხების შემთხვევაში, ასოციაციის თასის მოგებაა, რაც "იუნაიტედის" ფანებს არ აკმაყოფილებთ, მაგრამ უფროსობა მაინც განიხილავს ლუი ვან გაალის დარჩენის ვარიანტს. როგორც ამბობენ, ამ შემთხვევაში დავიდ დე ხეა დანამდვილებით წავა, 25 წლის ესპანელ მეკარეს ისედაც წასვლაზე ეჭირა თვალი და ჰოლანდიელის ხელში პერსპექტივებს, როგორც ჩანს, ვერ ხედავს.

პარალელურად, მანჩესტერელები ზლატან იბრაჰიმოვიჩს არ ეშვებიან და იბრაკადაბრას უკვე შესთავაზეს ერთწლიანი კონტრაქტი. 34 წლის თავდამსხმელს უფრო ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედი ექნებოდა, მაგრამ "მანჩესტერს" ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთწლიანი შეთანხმება აქვს გამზადებული, კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივით.

ირკვევა ისიც, რომ კვირას "წითელი ეშმაკების" დამკვირვებლები პორტუგალიაში ბრძანდებოდნენ. მას მერე, რაც "იუნაიტედს" "ბენფიკადან" "ბაიერნში" გადასული რენატო სანჩესის ტრანსფერზე არაფერი გამოუვიდა, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები მეორე ლისაბონური გუნდის ფეხბურთელებზე გადაერთვნენ, კერძოდ კი, "სპორტინგის" 24 წლის საყრდენზე, უილიამ კარვალიოზე და 23 წლის ჟოაო მატროზე, რომელიც შედარებით შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველია.

მანჩესტერელთა ემისრები "სპორტინგისა" და "ბრაგას" შეხვედრას დაესწრნენ და სასურველ ფეხბურთელებს დააკვირდნენ. სათქმელია ისიც, რომ უილიამ კარვალიოს "იუნაიტედი" აქამდეც უტრიალებდა.

"მანჩესტერმა" თვალი კიდევ ერთ პორტუგალიელს, 22 წლის ანდრე გომეშსაც დაადგა, მაგრამ როგორც ამბობენ, "ვალენსიას" ფეხბურთელი უფრო ტურინის "იუვენტუსის" დაინტერესებითაა მოხიბლული და "ბებერი ქალბატონის" ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება, რომელსაც სიამოვნებით მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული