ინგლისი. ასოციაციის თასი. ფინალი: ვან გაალი ტიტულით წავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* "მანჩესტერმა" ასოციაციის თასი მეთორმეტედ მოიგო, რითაც აქამდე ეულად რეკორდსმენ "არსენალს" დაეწია.
* ლუი ვან გაალი გახდა მესამე ჰოლანდიელი, ვინც ეს ტურნირი ტრიუმფით დაასრულა გუს ჰიდინკისა და რუუდ გულიტის შემდეგ.
* ჯესი ლინგარდს 17 მატჩის განმავლობაში არ გაეტანა (ყველა ტურნირზე).
* კრის სმოლინგი მეოთხე ფეხბურთელია (და პირველი ინგლისელი), რომელიც ასოციაციის თასის ფინალში გააძევეს - 1985 წელს კევინ მორანი გააგდეს, 2005 წელს ხოსე ანტონიო რეიესი, 2013 წელს კი პაბლო საბალეტა.
* ახლა "მანჩესტერს" ასოციაციის თასის ორივე ფინალი აქვს მოგებული,რომელშიც ფეხბურთელი გაუძევეს
- 1985-ში მორანი და 2016-ში სმოლინგი.
* "იუნაიტედის" გამარჯვებამ "კრისტალ პალასი" ევროსაგზურის გარეშე დატოვა, ევროპალიგის საგზური "ვესტ ჰემს" შეხვდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები წუთი-წუთზე ელოდებიან, თუ როდის დაინიშნება ჟოზე მოურინიო ოფიციალურად მათი საყვარელი გუნდის მთავარ მწვრთნელად. იქამდე კი "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ასოციაციის თასი მოიგეს და, როგორც ჩანს, ჰოლანდიელი სწორედ ამ ტიტულით ემშვიდობება კლუბს.

"უემბლიზე" ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. "არწივები" დიდ წარმატებასთან ძალიან ახლოს იყვნენ და ალან პარდიუ პრემიერლიგის ეპოქაში იმ იშვიათ ინგლისელი მწვრთნელთა სიაში ჩაეწერებოდა, რომლებსაც ტიტული მოუგიათ.

პირველ ტაიმში არბიტრმა მარკ კლატენბურგმა "პალასი" აშკარად დაჩაგრა, როდესაც ორჯერ ისეთ დროს გააჩერა თამაში, როცა "არწივებს" შეტევის გაგრძელების შანსი ჰქონდათ და ჯარიმის დანიშვნა უფრო დაზარალებული "მანჩესტერის" სასარგებლოდ გამოდიოდა.

პარდიუ ამან ძალიან გააბრაზა. მისმა გუნდმა ორი საგოლე შანსი დაკარგა, განსაკუთრებით კი, იმ ეპიზოდში, როდესაც კონორ უიქჰემი გარბოდა. სიტუაციას ამწვავებს და ცეცხლზე ნავთს ასხამს ისიც, რომ მატჩამდე კლატენბურგი სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად ბევრს ხუმრობდა და ეს ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ. ინგლისურ პრესასაც მეტი რა უნდა…

თუმცა კლატენბურგს, ზოგადადაც, ცუდი პრესა ჰქონდა, მას სხვადასხვა სეციალისტი, ფეხბურთელები და ფანები გამოეხმაურნენ და ძალიან გააკრიტიკეს. ალან შირერმა ისიც თქვა, ეს ნაადრევი ჩასტვენა ზოგადად არის კლატენბურგის პრობლემა და ამდენ სტვენას სჯობს, გუნდებს თამაშის საშუალება მისცესო.

საბოლოოდ, "კრისტალ პალასმა" დაწინაურება მაინც მოახერხა - 78-ე წუთზე ჯოელ უორდის კარგი პასისას შეცვლაზე 6 წუთის შესული ჯეისონ პანჩონი მცველებს გაექცა და უძლიერესი დარტყმით ახლო "ცხრიანი" აცხრილა.

ცუდი პარდიუსა და მისი ბიჭებისთვის ის არის, რომ "არწივებმა" დიდხანს ვერ გაძლეს და 3 წუთში გაუშვეს - უეინ რუნიმ მშვენიერი სოლო-რეიდის მერე ჩააწოდა, მარუან ფელაინიმ მკერდით ხუან მატას დაუგდო ბურთი, რასაც ესპანელის გოლი მოჰყვა.

105-ე წუთზე მანჩესტერელებს კრის სმოლინგი გაუძევეს, მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" გამარჯვების გოლი მაინც შეაგდეს და საქმე პენალტებამდე არ მიიყვანეს. ცვლილებაზე შესული ჯესი ლინგარდი "გადმოვარდნილ ბურთს" ჩაუსაფრდა და ისეთი ძალით დაარტყა რომ "პალასის" მეკარე უეინ ჰენესიმ თვალის გაყოლება ძლივს მოასწრო.

"ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და ისინი გამარჯვებას იმსახურებდნენ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ჩვენ საზიანოდ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. კონორ ვიქჰემს არბიტრმა კარგი შანსი წაართვა, უილფრიდ ზაჰას წაქცევისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ თავის მართლება და მსაჯობაზე საუბარი ახლა აღარ მინდა. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა და დიდებული ფინალი გამოვიდა" - განაცხადა გულდაწყვეტილმა ალან პარდიუმ.

ლუი ვან გაალი: "ფანტასტიკურია ამ ტიტულის კლუბისთვის, ფანებისთვის და ასევე, საკუთარი თავისთვის მოგება, რადგან ახლა უკვე 4 სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს თასი მოგებული და ასეთი მიღწევით ბევრი მწვრთნელი ვერ დაიკვეხნის. სამშაბათსაც გვქონდა ნათამაშები და ბოლოს 10 კაცით დავრჩით, მაგრამ მაინც გავიტანეთ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ".

კრ. პალასი-მანჩესტერი 1:2 დ.დ.
გოლები: 1:0 პანჩონი (78), 1:1 მატა (81), 1:2 ლინგარდი (110)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დანი (90+4. მარიაპა), დელანი, სუარე - კაბაი (72. პანჩონი), იედინაკი - ზაჰა, ბოლაზი, მაკარტური - ვიქჰემი (86. გეილი)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, როხო (66. დარმიანი)- კერიკი - მატა (90. ლინგარდი), ფელაინი, რუნი, მარსიალი - რაშფორდი (72. იანგი)
გაფრთხილება: დელანი, დანი, მაკარტური - როხო, სმოლინგი, სმოლინგი, ფელაინი, მატა, რუნი, ლინგარდი
კუთხური: 8-12 ჯარიმა: 19-19 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 14(6)-24(3) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 88 619

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული