ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედის" სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუი ვან გაალი გაათავისუფლა თანამდებობიდან. თავის დროზე "წითელ ეშმაკებთან" გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტიდან ჰოლანდიელმა ორი წელი მოილია, ახლა კი ვან გაალი კლუბთან ნაადრევად შეწყვეტილი შეთანხმების შემდეგ მის საკომპენსაციო თანხასა და სხვა დეტალებს ათანხმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასი წელიწადში 6,4 მილიონ გირვანქას შეადგენდა.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრების მთავარი მწვრთნელი, წესით, ჟოზე მოურინიო უნდა გახდეს. მას მერე, რაც მაურისიო პოჩეტინომ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, პორტუგალიელი "წითელი ეშმაკების" მწვრთნელობის ერთადერთ რეალურ კანდიდატად იქცა. "განსაკუთრებული" მანჩესტერელთა უფროსობას დღეს შეხვდება, რომ მხარეებმა შეთანხმების საბოლოო დეტალებზე მოილაპარაკონ.

"იუნაიტედს" ბევრი ვარიანტი ჰქონდა - როი ჰოჯსონის მოწვევა ევრო 2016-ის მერე, მარტინ ო'ნილის დანიშვნა, სერ ალექს ფერგიუსონის დაყოლიება, ჰარი რედნაპის "გაცოცხლება", როი კინის მოწვევა, რაიან გიგზისთვის შანსის მიცემა, უქმად დარჩენილი რობერტო მარტინესის მიწვევა, ალან პარდიუს, ნაიჯელ პირსონის ან სტივ მაკლარენის დანიშვნა. ფიგურირებდა ბრენდან როჯერსის სახელი და გვარიც, მაგრამ ჩრდილოირლანდიელი "სელტიკში" წავიდა.

ერთი სიტყვით, "განსაკუთრებული" "ოცნებების თეატრზე" მისვლის მთავარ კანდიდატად დარჩა. როგორც ჩანს, 53 წლის პორტუგალიელზე წინ მანჩესტერელთა უფროსობა მხოლოდ პოჩეტინოს აყენებდა, რომელთანაც არაფერი გამოუვიდა.

ვან გაალმა ამ სეზონში კლუბის ჩემპიონთა ლიგის ზონაში გაყვანა ვერ მოახერხა და თავად ჩემპიონთა ლიგაზეც ფიასკოთი დაამთავრა გამოსვლა. ასოციაციის თასის მოგება კი "ბრაზიან ლუის" პოსტის შენარჩუნებისთვის არ ეყო.

სტატისტიკა
* "მანჩესტერმა" გასულ სეზონში მხოლოდ 49 გოლი გაიტანა, ანუ ერთით მეტი, ვიდრე მაგალითად, "ბლექბერნმა" 2011/12 წლების სეზონში, როდესაც "როვერსი" გავარდა.

* ზედიზედ მეორე სეზონია, "მანჩესტერი" საგარეო მატჩებში ბურთების სხვაობაში მინუსში რჩება.

* კლუბმა ამ სეზონში 11 საშინაო მატჩი ისე ჩაატარა, რომ პირველ ტაიმებში გოლი ვერ გაიტანა.

* სამაგიეროდ, დავიდ დე ხეას კარი მეტოქეებმა მხოლოდ 35-ჯერ აიღეს. ამაზე უკეთესი შედეგი გაშვებული გოლების რაოდენობის მხრივ არავის ჰქონია. იგივე მაჩვენებელი "ტოტენჰემმა" დააფიქსირა.

* "მანჩესტერმა" 3 222 უკან პასი გააკეთა, ყველაზე ბევრი ჩემპიონატში.

* "იუნაიტედმა" ამ სეზონში 33 ფეხბურთელი ათამაშა. ამაზე მეტი (ერთი ფეხბურთელით მეტი) ოდენ "ლივერპულმა" გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული