"მანჩესტერ იუნაიტედი": 200 მილიონი მოურინიოს ბიუჯეტში

AutoSharing Option
* რაიან გიგზი "მანჩესტერიდან" წასვლას აპირებს.
* ჟოზე მოურინიოს 5-წლიან კონტრაქტს უფორმებენ.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, ჟოზეს ასისტენტი გახდეს "მანჩესტერში".

რაიან გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს. საქმე ის არის, რომ მას ისევ ასისტენტობას უპირებდნენ, აქაოდა, ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობით დიდ გამოცდილებას დააგროვებ და მერე მთავარი მწვრთნელობისთვისაც მზად იქნებიო, მაგრამ უელსელს ეს სტატუსი და პოსტი აღარ აკმაყოფილებს და მზად არის, "წითელი ეშმაკები" დატოვოს და რომელიმე კლუბის წინადადება განიხილოს.

გიგზი უკვე 29 წელიწადია "იუნაიტედშია". ითქვა ისიც, რომ რაიანის ადგილს ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიკავებს.
34 წლის თავდამსხმელი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს და მზად არის, მწვრთნელობისთვის გამოცდილების დაგროვება დაიწყოს. ეს, ცოტა არ იყოს, გიჟური ვერსიაა, მაგრამ ზლატანისგან გამორიცხული არაფერია. მოკლედ, ასე თუ ისე, იგი 90%-ით "ოლდ ტრაფორდს" მიაშურებს. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანულ პრესაში ასე იწერება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" უფროსობას ლუი ვან გაალთან მთავარი პრეტენზია სათამაშო სტილთან და ხარისხთან ჰქონდა. დეილი ბლინდი "ბრაზიანი ლუის" ერთ-ერთი საიმედო ჯარისკაცი და მთავარი დასაყრდენი გახლდათ და შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ ბლინდი თანამემამულეს იცავს:

"მე მას ყოველთვის კარგად ვუგებდი და მშვენივრად ვთანამშრომლობდით. ვან გაალი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული და ვფიქრობ, ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებდა. ლუის გარშემო ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, მაგრამ ის ყოველთვის გვიცავდა და ცდილობდა, ზეწოლა გუნდისთვის აერიდებინა.

მან ასოციაციის თასი მოგვაგებინა და ამას ერთად მივაღწიეთ - მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და ფანებმა. თუ მართალია, რომ ჟოზე მოურინიო მოდის - ისიც დიდებული მწვრთნელია, რომელმაც ბევრს მიაღწია. შევეცდები, საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინო და შემადგენლობაში ადგილი შევინარჩუნო" - თქვა 26 წლის ბლინდმა.

პატივისცემა და დაფასება "იუნაიტედმა" იმით გამოხატა, რომ ვან გაალი თავის მეუღლე ტრუუსთან ერთად, პორტუგალიაში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრა, რაც დაახლოებით 10 ათასი გირვანქა დაჯდებოდა.

მოუს კი 5-წლიან კონტრაქტს უფორმებენ. როგორც ირკვევა, "მანჩესტერმა" მხოლოდ იმიტომ გადაუხადა პორტუგალიელს 4 მილიონი გირვანქა, რომ მას დაეცადა და სხვა გუნდის შემოთავაზებები არ მიეღო. რამდენად განსაკუთრებული იქნება "განსაკუთრებულის" წლიური ჯამაგირი, ეს ჯერ უცნობია.

კულუარული ინფორმაციით, მანჩესტერელთა მმართველი ედ ვუდვორდი მზად არის, მოურინიოს 200 მილიონი გირვანქა გამოუყოს ტრანსფერებისთვის. ერთი სიტყვით, "ოცნებების თეატრზე" დიდი ცვლილებები იგეგმება და ახლოვდება.

"იუნაიტედის" სამიზნეები არიან - "ევერტონის" 21 წლის მცველი ჯონ სტოუნსი (რომლის დამატებაც ჟოზეს ჯერ კიდევ "ჩელსიში" ყოფნისას სურდა), "ვალენსიის" 22 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში, "სპორტინგის" შემტევი შუახაზელი 23 წლის ჟოაო მარიო, "იუვენტუსში" მყოფი 23 წლის თავდამსხმელი ალვარო მორატა, ასევე 23 წლის ფორვარდი მაურო იკარდი, რომელიც "ინტერის" საკუთრებაშია და 29 წლის არგენტინელი მცველი ესეკიელ გარაი.

ცხადია, ეს სია გაფართოვდება და შეიცვლება. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ყველას შეძენას კლუბი ვერ შეძლებს, მაგრამ ახალი ვარიანტებიც გამოჩნდება და ეგებ, მოურინიომ უფროსობას უფრო დიდი თანხაც დასცინცლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭანტურია არა ვაკო! )))
zaza
09:59 26-05-2016
0
ჭანტურიას ვარიანტიც განიხილეთ,იაფი და იორღა!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული