კლოპის ფაქტორი
მარიო გიოტცე "ბაირნში" პეპ გვარდიოლამ მიიყვანა, თუმცა ფეხბურთელმა ვერ მიიღო კატალონიელი სპეციალისტის ნდობა. ახლა კი ირკვევა, რომ ის არც "რეკორდმაისტერის" ახალ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის არ სჭირდება.დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ გიოტცე უნდა წავიდეს "ბაიერნიდან" და იპოვოს კლუბი, სადაც ის ბოლომდე შეძლებს თავისი დიდი პოტენციალის
"რომ არა კლოპი, მე დიდი ფეხბურთის კარს ვერ გავაღებდი." - ეს გიოტცეს სიტყვებია და ამ სიტყვებში არის სიმართლის მოზრდილი მარცვალი. მართლაც, რისკიანმა გერმანელმა ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი თავის დროზე წინა პლანზე წამოსწია და არც წააგო. არა მხოლოდ თვითონ, არამედ ზოგადად გერმანულმა ფეხბურთმა და ქვეყანამ გაიმარჯვა.
კლოპს საყვარელი შეგირდი ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, გერმანელი "ენფილდზე" დასრულებული სეზონის შუაში მივიდა. მის ხელში "ლივერპული" გაცილებით უკეთესი გახდა, მაგრამ მცირე დროში მთები ვის გადაუბრუნებია, ეს კლოპს რომ მოეხერხებინა.
რად უნდა "ლივერპულს"?
"ლივერპულმა" პრემიერლიგიდან ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის საგზური და ვერც ევროპალიგის გადამწყვეტ შეხვედრაში შეწვდა მსუყე ლუკმას. კლოპმა "ლივერპულს" 90 წუთის განმავლობაში გიჟური სირბილი და პრესინგი ასწავლა, მაგრამ უმაღლეს ჯილდოებს მხოლოდ ამით ვერ მიიღებ.ამისათვის სათამაშო კლასია საჭირო, უმაღლესი კლასი. მაგალითად ისეთი, როგორიც არ აქვს ადამ ლალანას. საჭიროა ისეთი სტაბილურობა, როგორითაც იშვიათად დაიკვეხნიან ფელიპე კოუტინიო, დანიელ სტარიჯი და ფირმინო.
მეორე მომენტია ის, რომ გიოტცეს აქვს საერთაშორისო, უმაღლესი დონის მატჩებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება და დღეს "ენფილდზე" სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდებათ ყველაზე მეტად.
ეჭვგარეშეა, მომავალ სეზონში "ლივერპული" აუცილებლად გაიწევს პრემიერლიგის ტიტულისაკენ და მას დასჭირდება მოთამაშეები, რომლებმაც იციან დიდი გამარჯვების გემო.
მეტი კრეატივი!
კლოპს არ შეუძლია მუშაობა იქ, სადაც არ არიან შემქმნელები და თანაც უმაღლესი დონისა. გერმანელი სპეციალისტის მიერ ნაქადაგები ფეხბურთი სწორედ ამას ეფუძნება. "ლივერპულს" ჰყავს რამდენიმე ასეთი მოთამაშე. თუნდაც, ბრაზილიური დუეტი (ფირმინო - კოუტინიო), მაგრამ დასრულებულმა სეზონმა აჩვენა, რომ მეტია საჭირო.
სწორედ ამისთვისაა მოწოდებული მარიო გიოტცე. მას მომენტების შექმნაც შეუძლია და მათი შედეგიანად დაგვირგვინებაც. ის პირდაპირ მისწრება იქნება ამ ფორმაციის "ლივერპულისათვის". წარმოიდგინეთ, როგორ ენატრება თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც აგერ რა ხანია, თავის გამოჩენის ნორმალური შანსი აღარ ჰქონია.
სტილი იცვლება?
გიოტცე "ლივერპულში" ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიდის. იმ მოთამაშედ, რომელმაც ბევრი რამ უნდა განსაზღვროს გუნდის გარჯაში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლოპი ენფილდელთა სათამაშო სტილს ცვლის.რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ისეთი ცვლილება, როგორიც პეპ გვარდიოლამ მოახდინა "ბაიერნში". უფრო ზუსტად, უნდოდა რომ მოეხდინა. ეს იქნება შედარებით ნაკლებად მტკივნეული, ევოლუციური ხასიათის ცვლილება.
გიოტცესთან ერთად "ლივერპული" გაცილებით ნაკლებად იქნება მომართული მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებაზე. გაცილებით მეტი იქნება ბურთის გათამაშება, კომბინაცია...
მიზნები
გიოტცე და "ლივერპული" ერთად სერიოზული ძალაა. ამას დავამატოთ ის კვალიფიციური ფეხბურთელები, რომლებიც უკვე გუნდში არიან და ის პოტენციური შენაძენები, რომელთაც ზაფხულში კლუბი აუცილებლად მოთაფლავს.გუნდის უმთავრესი მიზანი ინგლისური პრემიერლიგის მოგება იქნება. ცოტა მეტი სტაბილურობა და "ლივერპულს" შეუძლია, დავიწყებული ტიტულის გემო გაიხსენოს. ამასთან ერთად, "ლივერპულს" რამდენიმე კონკურენტთან ის უპირატესობაც აქვს, რომ გუნდი ერთ ძირითად ფრონტზე იბრძოლება - ჩემპიონთა ლიგის მატარებელმა ენფილდელებს დასანანად ჩაუარა.
ესეც გვარიანი უპირატესობაა, თუმცა გავიხსენოთ, რომ ასეთივე პრივილეგია აქვთ "ჩელსის" და "მანჩესტერს". ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ სეზონში იურგენ კლოპი მთავარ ინგლისურ ტიტულს დაუმიზნებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"