დღე პირველი, დღე უკანასკნელი: იბრას მისვლის დღეს "იუნაიტედიდან" გიგზი წავიდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, 1-ელ ივლისს 34 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. იბრა და ჟოზე მოურინიო ისევ ერთად იმუშავებენ.

ივნის-ივლისი ზლატანისთვის წყალგამყოფი გამოდგა - მისთვის ორი ეპოქა დასრულდა, ზლატანი წავიდა "პარი სენ-ჟერმენიდან", რომლის რიგებშიც 180 მატჩში 156 გოლი გაიტანა და ზლატანმა გამოაცხადა შვედეთის ეროვნული ნაკრებიდან წასვლაც, რომლის რიგებშიც მან 116 მატჩში 62 გოლი გაიტანა. იბრას ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში აქვს მოპოვებული ტიტული და ახლა მეხუთეს გეგმავს.

"ძალიან მიხარია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი გავხდი და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თამაშს
ინგლისურ პრემიერლიგაში. რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, ისევ მომიწევს ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა. ის ფანტასტიკური მწვრთნელია და მე მზად ვარ ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევისთვის", - განაცხადა შვედმა ფორვარდმა.

"ზლატანი წარდგენას არ საჭიროებს, მისი სტატისტიკა ამომწურავად "ლაპარაკობს" მასზე. იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც მოედანზე 100%-ით იხარჯება. მას მოუგია მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში და ახლა პლანეტაზე საუკეთესო ლიგაში თამაშის შანსიც მიეცა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ შანსს გამოიყენებს და გუნდს ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

მოგეხსენებათ, ზლატანს თავმდაბალ ადამიანად ვერ ჩავთვლით და ეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა - თავისი გადასვლა იბრაჰიმოვიჩმა ფლოიდ მეივეზერისა და მენი პაკიოს კრივს შეადარა: "ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იოლად მივიღე, ამ გადაწყვეტილების შესრულება აღმოჩნდა რთული. ეს ტრანსფერი შემიძლია მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლას შევადარო. ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ კრივი გაიმართა. მადლობა მოურინიოს, რომ ეს ტრანსფერი რეალობად აქცია".

"დეილი მეილის" ცნობით, ზლატანი კვირაში 200 ათას გირვანქას მიიღებს.

ზლატანის ტრანსფერის სიკარგეზე რაიან გიგზმაც ილაპარაკა, რომელიც სწორედ მისი მისვლის დღეს წავიდა გუნდიდან ოფიციალურად. "მანჩესტერის" ახალგაზრდები, როგორიც რაშფორდია, ბევრს ისწავლიან მისგან", - განაცხადა უელსელმა.

ბუნებრივია, გიგზის გადაწყვეტილება არ უკავშირდება ზლატანის ტრანსფერს. მას, უბრალოდ, არ სურდა მოურინიოს რიგით ასისტენტად მუშაობა და ამიტომ კლუბში 29-წლიანი ყოფნის შემდეგ წავიდა. გიგზი შესაძლოა, "ნოტინგემ ფორესტის" მწვრთნელი გახდეს.

"29 წელი ვიყავი აქ, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელის ასისტენტი. მოგება "მანჩესტერ იუნაიტედის" დნმ-შია ჩაწერილი, ეს ზუსტად ვიცი. "მანჩესტერი" - ეს არის შემტევი და ლამაზი ფეხბურთი, შანსი ახალგაზრდებისთვის. კლუბს ვტოვებ უამრავი მოგონებითა და უდიდესი გამოცდილებით", - განაცხადა რაიან გიგზმა.

მხითარიანიც
მესამე ფეხბურთელი, ვინც ერიკ ბაილისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ "მანჩესტერის" ფეხბურთელი გახდება, ჰენრიხ მხითარიანია. "იუნაიტედი" უკვე მოელაპარაკა "დორტმუნდს" და სომეხი ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონ სტერლინგს გადაიხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული