იმსახურებდა თუ არა დიეგო კოშტა მეორე ყვითელს?

AutoSharing Option
ინგლისში სეზონი დაიწყო და დაიწყო არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ გადატანითი მნიშვნელობითაც - მსაჯების შეცდომებს ვგულისხმობთ.

მაგალითისთვის, პირველივე შეხვედრაში "ლესტერს" არარსებული პენალტი დაუნიშნეს, როცა თამაშის წესის დარღვევა აშკარად საჯარიმოს გარეთ იყო (თუმცა მოქმედ ჩემპიონს ამან ვერ უშველა და "მელიებმა" მაინც წააგეს).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ტურის პირველი შეხვედრა გახლდათ, ბოლო მატჩში კი, ორშაბათს, რომელშიც ერთმანეთს "ჩელსი" და "ვესტ ჰემი" ხვდებოდნენ, ძალიან საკამათო მომენტი ვიხილეთ - დიეგო კოშტა აშკარად ხისტად წავიდა "ჩაქუჩების" მეკარე ადრიანზე და ფეხშიც ჩაარტყა.

ადრიანი ტრავმას გადაურჩა, კოშტა კი -
მეორე ყვითელს და გაძევებას, არადა, მისი გაფრთხილება იმ მომენტში აშკარად შეიძლებოდა. ხოლო, ეს რომ მომხდარიყო, "სტემფორდ ბრიჯის" სტუმარი "ვესტ ჰემი" ალბათ მოსაგებად ითამაშებდა, ყოველ შემთხვევაში, 89-ე წუთზე დიეგო გამარჯვების გოლს ნამდვილად ვერ შეაგდებდა, რადგან მინდორზე აღარ იქნებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჩაქუჩების" ხორვატმა თავკაცმა სლავენ ბილიჩმა მატჩის მერე ამ ეპიზოდზე თავშეკავებით, მაგრამ მაინც ისაუბრა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ლურჯები" უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტი მომენტიც ჰქონდათ და დაუმსახურებლად მოიგესო, ვერ იტყვი.

რაც შეეხება ანტონიო კონტეს, მან მოგებით დაიწყო და ტრადიციული სიგიჟეებიც აკეთა - იხტუნავა, აქეთ-იქით ირბინა, გოლებისას გადაირია და ფანებშიც შეიჭრა. ყველაზე სახალისო და სასიამოვნო კი ის მომენტი იყო, როცა ერთ-ერთ გულშემატკივარს ჩაეხუტა. მოკლედ, იმდენი იყვირა და იღრიალა, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხმა აღარ უვარგოდა.

"კონტისიმეს" თქმით, არბიტრი სწორად მოიქცა - კოშტამ პრესინგს მიმართა და უხეშობა არ უნდოდა, მერე კი შეჩერება სცადა და შემთხვევით მიარტყა მეტოქესო.

სხვათა შორის, ბრაზილიელ-ესპანელმა ბარათი იქამდე იმისთვის მიიღო, რომ არბიტრის გადაწყვეტილება გააპროტესტა, მსაჯებს კი, ახალი წესების თანახმად, ასეთი საქციელის გამო უფრო თამამად შეუძლიათ მოთამაშის გაფრთხილება.

"დიეგო კარგი მოთამაშე და ვნებიანი ადამიანია, ის ყოველთვის შემართულია და ზოგჯერ ასეთ გაფრთხილებებს იღებს... რაც შეეხება იმ ინციდენტს, ვფიქრობ, მსაჯი სწორად მოიქცა, როცა მას მეორე ყვითელი არ უჩვენა... ყველას ძალიან გაგვიხარდა მოგებით დაწყება.

პრემიერლიგას მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობდი. მითამაშია ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე, მაგრამ კონკრეტულად ინგლისის ჩემპიონატში თამაში, მუშაობა და კარგი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია.

პრემიერლიგა უაღრესად ინტენსიური, დაძაბული და ფიზიკურ-ემოციურად დატვირთული ტურნირია. არც ვიცი, დამეძინება თუ არა დღეს, რადგან ადრენალინის საოცარ მოზღვავებას ვგრძნობ", - ამბობდა მატჩის შემდეგ 47 წლის კონტე.

"ვესტ ჰემს" კი კიდევ ერთ რამეში არ გაუმართლა - გუნდს ისედაც არ აკლდა დაშავებული ფეხბურთელები და ახლა მთავარმა შენაძენმა ანდრე აიუმაც ტრავმა მიიღო. განელი 35-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა - მინდორი თავისი ფეხით დატოვა, მაგრამ კუნთზე იკიდებდა ხელს. რამდენად სერიოზულია აიუს ტრავმა, ეს დღეს-ხვალ გამოჩნდება.

"ყველამ დავინახეთ, რომ უხეშობა იყო და ამისთვის დიეგო კოშტას შეიძლებოდა მეორე ყვითელი მიეღო, რაც მის გაძევებას გამოიწვევდა. თუმცა ამაზე მეტად ბოლოს გაშვებული გოლი მწყვეტს გულს. დასანანი მარცხია. რაც შეეხება ანდრე აიუს, გამოკვლევების პასუხს უნდა დაველოდოთ", - განაცხადა ბილიჩმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული