"ლესტერ სიტი": ახალი, სრულიად ახალი "ლესტერი"

AutoSharing Option
დღეს ინგლისის ჩემპიონის, "ლესტერის" სიახლეებზე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, კლაუდიო რანიერის გუნდს წინა სეზონის სასწაულის გამეორება გაუჭირდება, მაგრამ ის მაინც ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად რჩება.

არადა, გუნდმა დაკარგა ერთ-ერთი ლიდერი ნგოლო კანტე. ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ გასულ სეზონთან შედარებით, ჩემპიონთა ლიგის სტარტის მომლოდინე "მელიები" უფრო გაძლიერდნენ, ვიდრე დასუსტნენ. დღევანდელ ჩვენს წერილში "ლესტერის" ახალწვეულებზე ვისაუბრებთ და გუნდში მიმდინარე ზოგად ტენდენციებსაც შევეხებით.

ლუის ერნანდესი
27 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი. არის მადრიდის "რეალის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი. ბოლო წლებში იყო ხიხონის "სპორტინგის" დაცვის გამოკვეთილი
ლიდერი. მისი გადაბირება რამდენიმე გუნდს სურდა, თუმცა მან ასპარეზად ინგლისის ჩემპიონი აირჩია.

აჰმედ მუსა
16,6 მილიონი ევრო სახუმარო თანხა სულაც არ არის. სწორედ ეს თანხა გადაიხადა "ლესტერმა" მოსკოვის ცსკა-სა და ნიგერიის ნაკრების ფორვარდში. თავის მხრივ, აჰმედ მუსა დიდი ხანია, მიიჩნევს, რომ რუსეთის ჩემპიონატში საუთარი შესაძლებლობები ამოწურა. ახლა მის წინაშე თვისობრივად ახალი ასპარეზი იშლება.

ბარტოშ კაპუსტკა
19 წლის პოლონელი გარემარბის თამაშმა ევროპის დასრულებულ ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ლესტერის" ხელმძღვანელობამ აღარ დაახანა და "კრაკოვიას" უნიჭიერესი ნახევარმცველი გადაიბირა. ელიან, რომ ის შეიძლება ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცეს.

რონ-რობერტ ცილერი
ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდს ორი კვალიფიციური მეკარე მაინც სჭირდება. "ლესტერის" შეფობამ კასპერ შმეიხელს კონკურენტად გერმანელი რონ-რობერტ ცილერი მიუყვანა. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია. ბოლოს "ჰანოვერში" შეუცვლელი მეკარე იყო. მისი გამოცდილება "მელიებს" აუცილებლად წაადგებათ.

ნამპალის მენდი
24 წლის ფრანგ საყრდენ ნახევარმცველს მართლაც რომ ურთულესი მისია აკისრია. მან უნდა შეცვალოს "ჩელსიში" გადასული ნგოლო კანტე. მენდი ბოლოს ფრანგულ "ნიცაში" თამაშობდა და ძალიან კარგი პრესა ჰქონდა. უთამაშია საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. იდეალურად უნდა მოერგოს კლაუდიო რანიერის სათამაშო სქემას.

მაჰრეზის საკითხი
უკვე კარგა ხანია, გუნდის ლიდერმა და ბომბარდირმა ჯეიმი ვარდიმ გულშემატკივრები დაამშვიდა. მან განაცხადა, რომ გუნდში რჩება. მართალია, ჯერაც გუნდშია რიად მაჰრეზი, მაგრამ ალჟირელის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი.

არ დარჩა ინგლისური ფეხბურთის გრანდი, რომელსაც არ ეცადოს ალჟირელის გადაბირება. სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, რისკიც არსებობს. "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონი კი არის, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი უკლია ევროპული ფეხბურთის გრანდობამდე, მაჰრეზი კი "ლესტერისათვის" შეუფასებელი ფეხბურთელია. მას შეუძლია შექმნა და გატანა. მას შეუძლია მეურვის მოტყუება და ტრიბუნების აფეთქება. მოკლედ, ალჟირის ნაკრების ლიდერი დღეს მთავარი "მელიაა".

ისე ჩანს, რომ "ლესტერი" მაინც მოახერხებს ერთი წლით რიადის შენარჩუნებას და ეს უდავოდ დიდი პლუსი იქნება გუნდისათვის. "ლესტერს" ხომ წლეულს ერთბაშად ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა.

მიზნები
რა იქნება "ლესტერის" მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში? რა თქმა უნდა, გასული სეზონის მიღწევის განმეორება არარეალურია. "ლესტერის" ზედიზედ მეორედ ჩემპიონობას არავინ დაუშვებს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ალბათ, იდეალური იქნება, თუ "ლესტერი" ჯგუფურ ბარიერს დაძლევს. წილისყრას გააჩნია. ამის რესურსი "მელიებს" ნამდვილად აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიგაში დარჩენაა მთავარი ამოცანა მაგათთვის. ისე მაგარი იქნება რა გზაც ზევით გაიარეს თუ იგივე უცებ ქვევითაც მიაყოლეს. ლიგაშიც თუ ჯგუფშივე ჩატოვეს. პრინციპში მაგარი "სახე" წარმოადგენს პრემიერლიგას წელს ფეხბურთში.
........
19:35 24-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული